თავისუფალი ბინა სოლოლაკში, მაშინდელ სადოვაიას (ახლანდელი ასათიანის ქუჩა) N30-ში აღმოჩნდა და ცოტამ თუ იცის, რომ დამქირავებელნი მრავალი წლის განმავლობაში კომპანია „სიმენსის” დამფუძნებლები, ძმები სიმენსები იყვნენ.
„სიმენსი” 1847 წელს დააარსა ბერლინის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, გამოჩენილმა გამომგონებელმა ვერნერ სიმენსმა თავის მეგობარ იოჰან გეორგ ჰალსკესთან ერთად. სიმენსების ოჯახი, სადაც რვა ძმა (ვერნერი, ჰანსი, ფერდინანდი, ვილჰელმი, ფრიდრიხი, კარლი, ვალტერი და ოტო) იზრდებოდა, ჰანოვერის მახლობლად, ლენთეში ცხოვრობდა. ბედის ირონიით ვერნერს საუნივერსიტეტო განათლებაც კი არ მიუღია და მთელი თავისი ტექნიკური ცოდნა სამხედრო-საარტილერიო კოლეჯში შეიძინა. მისი პირველი სამუშაობები გალვანოპლასტიკასთან – გალვანური მეთოდით მოოქროებასა და მონიკელებასთან – იყო დაკავშირებული.
ფირმის განვითარების პირველ სტადიაში აქტიურ როლს თამაშობდნენ მისი ძმები ვალტერი, კარლი, უილიამი, ოტო და ასევე ნათესავები გეორგ და ფრიდრიხ სიმენსები. ვილჰელმთან ერთად ვერნერმა გამოიგონა ინერტული რეგულატორი ორთქლის ძრავასთვის. აგრეთვე მუშაობდა ტელეგრაფის, ელექტრული განათების, ელექტროსადგურების საკითხებზე. შექმნა პირველი „ელექტრული რკინიგზა” – ტრამვაი, აგრეთვე პირველი ლიფტი. მაგრამ „სიმენსის” აღმავლობის საწინდარი ერთსა და იმავე წელს ისრიანი ტელეგრაფისა და სპილენძის სადენებზე რეზინის იზოლაციის ზედსადები მანქანის შექმნა გახდა. 1877 წელს კი ფილიპ რეისის და ალექსანდრ გრეჰემ ბელის ტელეფონის გამოგონების საფუძველზე, ვერნერ სიმენსმა საკუთარი ტელეფონის აპარატი შექმნა.
„რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც შესაძლებელია ფულის შოვნა…”
XIX საუკუნის რუსეთის იმპერია უმეტესად აგრარული ქვეყანა იყო. 1860 – 1870-იან წლებში გატარებულ სოციალურ-ეკონომიკურ რეფორმებს მნიშვნელოვნად არ გაუუმჯობესებია ქვეყნის შიდა მდგომარეობა. განვითარების ტემპები საგრძნობლად ჩამორჩებოდა დასავლეთ ევროპისას და ამიტომაც რუსეთის მმართველი ელიტა ყველანაირად ხელს უწყობდა ევროპიდან კაპიტალის მოზიდვას იმპერიის არსებული ბუნებრივი რესურსების ასათვისებლად და საერთო ინდუსტრიული პოტენციალის ასამაღლებლად. ძმები სიმენსები, ნობელის ოჯახი და სხვები უცხოელი ინვესტორების ზუსტად ამ კატეგორიას განეკუთვნებოდნენ.
„სიმენსის” გაფართოება რუსეთიდან მომდინარე შეკვეთებით იყო განპირობებული. „რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც შესაძლებელია ფულის შოვნა, თუ მისი კარგად გესმის. შენ უნდა შეიძინო მანდ მეგობრები და ნაცნობები”, – ასე წერდა ბერლინიდან ვერნერ სიმენსი თავის ძმა კარლს პეტერბურგში. ხაზები პეტერბურგსა და ცარსკოე სელოს შორის, წყალქვეშა კაბელი პეტერბურგთან მდებარე კუნძულ კრონშტადტიდან. ეს იმ შეკვეთების მცირე ნაწილია, რომლებითაც სიმენსებმა უდიდეს ტერიტორიაზე გადაჭიმული იმპერიის მთავარი ქალაქების დაკავშირება მოახერხეს. კომპანიის რუსეთში მოღვაწეობის დიდ ნაწილს მათი ამიერკავკასიაში საქმიანობა წარმოადგენდა. ესმოდათ რა, თუ როგორი მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა ჰქონდა თბილისს, როგორც მთელი კავკასიის ცენტრს, ხოლო კავკასიას, როგორც ევროპისა და აზიის შემაერთებელ რეგიონს, მათ ვენისა და პეტერბურგის შემდეგ თავიანთი ერთ-ერთი პირველი ფილიალი სწორედ თბილისში დააფუძნეს. საქართველოს დედაქალაქის ადგილმდებარეობა შესაძლებელს ხდიდა თბილისიდან ახლო აღმოსავლეთსა და შორეულ ინდოეთთან კავშირის გაბმას. სიმენსებმა ასევე ფოთისა და ბათუმის პორტების პოტენციალი გამოიყენეს საქართველოსა და აზერბაიჯანში მოპოვებული ნაწარმის ევროპაში საექსპორტოდ.
1858 წელს, გრიგოლ ორბელიანის მიერ ხელმოწერილი კონტრაქტის საფუძველზე, ამიერკავკასიაში გაიყვანეს პირველი ტელეგრაფი კოჯორი-თბილისი. შემდგომ პერიოდში, კერძოდ კი 1860 წელს, ვერნერის ძმა, ვალტერი, უშუალოდ ხელმძღვანელობდა ტელეგრაფის ხაზის – თბილის-ქუთაის-ფოთის, (ბორჯომის განშტოებით) გაყვანას. 1862 წლის 2 მარტს კი იმავე ვალტერ სიმენსსა და ორბელიანს შორის დადებული ხელშეკრულებით, დაიწყო თბილის-მოსკოვის ტელეგრაფის მშენებლობა. ამავე წლის დამლევს პირველი დეპეშები გაიცვალა სტავროპოლთან, შემდეგ ნოვოჩერკასკთან, ხოლო 1863 წელს – მოსკოვთან. დიდ ქალაქებთან კავშირის გაბმის მნიშვნელობაზე იმავე წელს ილია ჭავჭავაძის ჟურნალ „საქართველოს მოამბეში” ვკითხულობთ: „ამბობენ, რომ წელსვე მიიტანენ ამ მავრთულს როსტოვის ქალაქამდე, რომელიც შეერთებულია პეტერბურგთან ტელეგრაფით. ამნაირად ჩვენი ქალაქი შეერთებული იქნება ტელეგრაფით ევროპის ყველა ქალაქთან.” 1865 წელს ფირმამ გაიყვანა ტელეგრაფი თბილისი-ერევანი-ჯულფა, რითაც რუსეთი უშუალოდ სპარსეთს დაუკავშირდა. 1868 წელს საექსპლუატაციოდ გადაეცა ხაზი თბილისი-ბაქო, თემურხან-შუშას განშტოებით. ორბელიანის თანადგომით საქართველოში სატელეგრაფო ხაზების მშენებლობაზე მიღებული კონტრაქტების გარდა, 1865 წელს ფირმას ასევე გადაეცა კონცესია შირაქში ნავთობის დამუშავებაზე.
1867 წელს „სიმენსმა” თავის ბერლინის, ლონდონისა და პეტერბურგის კომპანიებთან ერთად მუშაობა დაიწყო სატელეგრაფო ხაზზე ლონდონი-კალკუტა. ამასთან დაკავშირებით 1869 წელს საქართველოში ჩამოვიდა კარლ სიმენსი და ჩამოიტანა ტელეგრაფის შავ ზღვაში გასატარებელი წყალქვეშა კაბელი. აღსანიშნავია ისიც, რომ კარლმა ლონდონში დამზადებული მიწისქვეშა მოსკოვი-თბილისის კაბელის ნაწილიც ჩამოიტანა. ამ პროექტზე მუშაობა 1880-1881 წწ. დასრულდა, თუმცა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ხშირი იყო შეფერხებები ზამთარში კობი-გუდაურის მონაკვეთზე. სამუშაოები 1870 წელს დასრულდა, რითაც მსოფლიოში ყველაზე გრძელი სახმელეთო ხაზის, ეგრეთ წოდებული „ინდოეთის ტელეგრაფის”, რომელიც კავკასიაში გადიოდა სოხუმ-ქუთაის-თბილის-ერევან-ჯულფაზე, საზეიმო გახსნა გაიმართა. 11000-კილომეტრიანმა ხაზმა რუსეთის გარდა მსოფლიოს 34 ქვეყანა დაუკავშირა ერთმანეთს. საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო დრომდე ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ამ ტელეგრაფის ლითონის ბოძები წარწერით – „Siemens-Patent-London”.
ვერნერ სიმენსის ავტობიოგრაფიულ ნაშრომში, „ჩემი მოგონებები”, მოცემულია კავკასიის რუკა და მასზე დატანილი ინდოევროპული ტელეგრაფის სქემა. ასევე აღნიშნულია სოხუმსა და ქერჩს შორის ჩადებული წყალქვეშა სატელეგრაფო კაბელი და სოხუმიდან თბილისის გავლით ჯულფამდე მიმავალი სატელეგრაფო ტრასა. ავტორი დაწვრილებით წერს ტელეგრაფის მშენებლობაზე საქართველოში, შავ ზღვაში კაბელის გაყვანის სამუშაოებზე; განსაკუთრებულ ადგილს უთმობს საქართველოში გატარებული დღეების შთაბეჭდილებებს, სოხუმის, ფოთის, ქუთაისის, თბილისისა და კახეთის მდებარეობისა და ბუნების აღწერას.
რაც შეეხება ოტო სიმენსს, იგი წლების მანძილზე თბილისში პრუსიის გენერალური კონსულის მოვალეობას ასრულებდა, მას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა დამყარებული ქართულ საზოგადოებასთან. ოტოსთან თბილისში მუშაობდნენ ჰერმან აბიხი (პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრი), კონსტანტინე მამაცაშვილი (ცნობილი საზოგადო მოღვაწე) და გიორგი წულუკიძე (ინჟინერ-გეოლოგი).
საინტერესოა, რომ ვალტერ სიმენსი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა და 1860 წლიდან რვა წლის განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა. ამ პერიოდში იგი მცირე ხნით გაემგზავრა სპარსეთში, სადაც ვერნერის დავალებით გააფორმა ხელშეკრულება სპარსეთის ტერიტორიაზე ინდოევროპული ტელეგრაფის ხაზის გაყვანის თაობაზე. თბილისის იმდროინდელი პრესა განსაკუთრებით აღნიშნავდა ახალგაზრდა მექანიკოსის მიერ ამ დავალების პირნათლად შესრულების ფაქტს და 1860 ქუთაისში, ფოთსა და თბილისში სატელეგრაფო სადგურების მოწყობაში მის პირად მონაწილეობას. ვალტერის სიკვდილის შემდეგ სიმენსების სავაჭრო სახლის ხელმძღვანელი თბილისში ოტო სიმენსი გახდა, შემდგომ კი ის ამიერკავკასიაში პრუსიის კონსულადაც დაინიშნა. 1868 წელს ძმის, ვალტერის, გარდაცვალებასთან და ინდოევროპული სატელეგრაფო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით ვერნერ სიმენსი თბილისს ეწვია. სამი წლის შემდეგ, 1871 წლის 1 ოქტომბერს, გაზეთი „კავკაზი” იუწყებოდა ვერნერის მეორე ძმის – ოტოს – გარდაცვალებას თბილისში. როგორც ვალტერი, ასევე ოტო თბილისში, დღევანდელ ვერის ბაღში იყვნენ დასაფლავებულნი.
ტექნიკური პროგრესი საქართველოში
„სიმენსმა” ბევრი ტექნიკური სიახლე დანერგა საქართველოში და თავისებური იმპულსი მისცა ინდუსტრიულ პროგრესს კავკასიაში. ეს განსაკუთრებით ითქმის ინდოევროპულ სატელეგრაფო მოწყობილობებზე, რომლებმაც უზრუნველყო 1871 წლიდან 1931 წლამდე დეპეშების გადაცემა ევროპიდან ინდოეთში და პირიქით (თბილისის, ზუგდიდისა და სოხუმის გავლით). ევროპის ქალაქებთან დეპეშების გაცვლას კიდევ ერთი დადებითი მხარე ჰქონდა: 1863 წლიდან თბილისში დაიწყეს ყველა უმნიშვნელოვანესი და ახალი ამბის მიღება საზღვარგარეთიდან. თბილისის გაზეთებში ფოსტით ჩამოტანილ ორი, სამი, ოთხი კვირის წინანდელ მიღებულ ცნობებს აღარ ბეჭდავდნენ, არამედ უცხოეთის სააგენტოების მიერ წინა დღეს გავრცელებულ ინფორმაციებს.
თუ თბილისი ადმინისტრაციული ცენტრის როლს ასრულებდა, სადაც სიმენსების კანტორა მდებარეობდა, კედაბეკი, ტფილისის გუბერნიაში (დღეს აზერბაიჯანი), კახეთთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქი, მათს ინდუსტრიულ ცენტრად გადაიქცა. სიმენსების საქმიანობა ამ ქალაქში მნიშვნელოვანია, რადგან ეს საქართველოზე პირდაპირ გავლენას ახდენდა. სიმენსების გეგმებში საქართველო ტრანზიტული ქვეყნის როლს ასრულებდა. ამასთან ერთად მოხერხდა ბუნებრივი რესურსების ათვისება, ქვეყნის ინდუსტრიული პოტენციალის ამაღლება, ფოთისა და ბათუმის პორტების სტრატეგიული პოტენციალის მნიშვნელობის განსაზღვრა და მისი წარმატებით გამოყენება ექსპორტის საწარმოებლად.
კედაბეკში სიმენსების მიერ აშენებული სპილენძის გადასამუშავებელი ქარხნის წარმოების გასაფართოებლად საწვავის მეტი რაოდენობა იყო საჭირო. გარშემო მდებარე ტყეების მოჭრით ზიანი ადგებოდა ბუნებას და ამ რგინიგზის არმქონე, მთიან რეგიონში, ბაქოდან ნავთობის გადაგზავნა ორმაგად ართულებდა ქარხნის განვითარებას. ალტერნატიული გზის მოსაძიებლად სიმენსებმა კავკასიის სამთო ნაწილის სამმართველოს მეშვეობით კახეთში, კერძოდ კი წითელწყაროსა და მირზაანში ნავთობის მცირე საბადოების შესახებ მოიპოვეს ინფორმაცია. ამ საბადოებზე სამუშაოები 1865 წლიდან მიმდინარეობდა ვინმე ჩილიკოვის ხელმძღვანელობით, მის მიერ ხაზინაში 12 000 მანეთის შეტანის სანაცვლოდ და 12 000 ფუთია ნავთობის გამომუშავებით. ოფიციალური ხელშეკრულება 1867 წლის 16 აგვისტოს დაიდო ვალტერ სიმენსსა და კავკასიის და ამიერკავკასიის მთიანი მხარის სამმართველოს შორის ნავთობის საბადოების დამუშავების თაობაზე. აღსანიშნავია მეთოდი, რომლითაც სიმენსებმა ნავთობის მოპოვება დაიწყეს. პირველად იქნა გამოყენებული 3-4 დუიმის სიგანის გარსაცმი მილები. ამ ეფექტური მეთოდის გამოყენებით 1900 წელს ამ მხარეში მოპოვებულ იქნა 39000 ათასი ფუთი ნავთობი, საიდანაც 5700 ფუთი ნავთი, 895 ფუთი ბენზინი და 21 000 ფუთი მაზუთი გამომუშავდა. ყურადსაღებია ისიც, რომ ბაქოში ნავთობის ამ მეთოდით მოპოვება პირველად მხოლოდ ორი წლის შემდეგ, 1869 წელს განხორციელდა.
ვალტერ სიმენსი ასევე ნავთობისგან ფოტოგენის – ნავთის დამუშავებაზეც მუშაობდა, რაც შეწყვეტილ იქნა მას შემდეგ, რაც ბაქო-თბილისის რკინიგზა აშენდა და ქარხანა მთლიანად ბაქოდან შემოტანილ ნავთობზე გადავიდა. ვერნერი შემდგომში წერდა:„ამ ბოლო დროს ჩვენ მოვნახეთ ხერხი (როგორც ჩანს, ჩვენ პირველებმა) ქვანახშირი სამთო საქმეში ნავთობითა და მისი ნარჩენებით, ეგრეთ წოდებული მაზუთით, ჩაგვენაცვლა”.
სიმენსები ასევე ნავთობსადენებზე მუშაობდნენ. მათ წარმატებით უხელმძღვანელეს დალიარ-კელბეკის ნავთობსადენის პროექტს. რამაც, თავის მხრივ, განაპირობა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ნავთობსადენის აშენება ბაქოდან ბათუმამდე. უახლესი ტექნოლოგიებით გადალახულ იქნა სურამის უღელტეხილიც.
კედაბეკში სიმენსები სრულიად რუსეთში წარმოებული მადნის მეოთხედს მოიპოვებდნენ, რომლის ნაწილი კავკასიაში, ნაწილი კი რუსეთის სხვა კომპანიებში საღდებოდა. მნიშვნელოვანი რაოდენობა ასევე ფოთისა და ბათუმის გავლით საზღვარგარეთ გადიოდა. სამთო საქმიანობაში მიღწეულმა წარმატებებმა სიმენსებს გაფართოებისკენ უბიძგეს. კედაბეკისა და კალაკენტის შემდეგ მათ იმ დროს ბათუმის მხარეში შემავალი ართვინის ოლქში ორი საბადო მოიპოვეს: ერთი სოფელ ბეშაულთან, მეორე ყვარცხანასთან. 230 კაცის დასაქმებით, 1912 წლისთვის სიმენსებმა ბათუმის მხარეში 105300 ფუთი სპილენძის მადანი მოიპოვეს. ვერნერს ასევე სთავაზობდნენ ვერცხლისა და მადნის საბადოების შესყიდვას წებელდაში, აფხაზეთში, თუმცა რთული რელიეფის გამო იქ სამუშაოების ჩატარება ვერ მოხერხდა.
ართვინის მხრიდან მადნის გატანა ბაქოში ბათუმიდან რკინიგზის მეშვეობით ხორციელდებოდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ კედაბეკში მადნის გატანის პროცესი შეანელა, ის ასევე დიდი ხარჯის მომტანი აღმოჩნდა და ამიტომაც გადაწყდა ართვინშივე, არსებული ქარხნის ბაზაზე აშენებულიყო სპილენძის გადამამუშავებელი დამოუკიდებელი ქარხანა. მადნის ექსპორტი ასევე ბათუმის პორტიდან ხორციელდებოდა ქერჩის, მარიუპოლის, ტაგანროგისა და ნოვოროსიისკის მიმართულებით. ყვარწნახის ქარხანამ დიდი მოგება მოიტანა, რამაც 1915 წელს 96000, ხოლო მომდევნო წელს კი 232000 მანეთი შეადგინა. შედარებისთვის კედაბეკის ქარხანამ იმავე წელს 215000 მანეთი მოგება მოიტანა. პირველმა მსოფლიო ომმა მნიშვნელოვანი შეზღუდვები დააწესა ნედლეულის გატანაზე, განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ მწარმოებელი კომპანია რუსეთის იმპერიის მთავარ მეტოქეს, გერმანიას ეკუთვნოდა. საბადოებსა და ქარხნებს ზედამხედველობდნენ პეტერბურგიდან გამოგზავნილი ჩინოვნიკები. ასე გაგრძელდა 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე, რომლის შემდეგაც წარმოება სრულად შეჩერდა, ხოლო 1920 წლის 22 ივნისს საბჭოთა მთავრობის მიერ კედაბეკის ქარხნის ნაციონალიზაცია მოხდა.
საბჭოთა პრესაში უცხოური კომპანიებისა თუ კაპიტალის ნაციონალიზება დადებით მოვლენად, კაპიტალისტური ქვეყნების გავლენისგან დაღწევად იყო შერაცხული. სიმენსებს აბრალებდნენ ქვანახშირისა და მადნის ექსპორტის ნაცვლად ოქროს დიდი რაოდენობის ევროპაში გადაზიდვას. ამ პროპაგანდის მიუხედავად, ურთიერთობა გაგრძელდა საბჭოთა ხელისუფლებასთანაც. მაგალითად, 1930 წელს „სიმენსის” პროექტით დაიწყო ზესტაფონის ფერომანგანუმის ქარხნის მშენებლობა. 1932 წელს ქარხნის ელექტროღუმლები „სიმენსის” წარმომადგენელთა უშუალო ხელმძღვანელობით მონტაჟდებოდა.
დატოვე კომენტარი