ევროპული ჰერალდიკა და საქართველო

ევროპული ჰერალდიკა და საქართველო

მსოფლიო კულტურაში დროშასა და გერბს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ჰერალდიკური ორგანიზაციები დღემდე მუშაობენ ქვეყნების, ქალაქების, საგვარეულოების, რელიგიური თუ საერო ორგანიზაციების სიმბოლიკაზე. ჰერალდიკის სამშობლო ევროპაა, რომლის ძველი ჰერალდიკური ტრადიციები შუა საუკუნეებიდან ვითარდებოდა. შუა საუკუნეების ევროპული რუკები ევროპული ცივილიზაციის სივრცეს საზღვრავდნენ საქართველოთი, რომლის ქრისტიანული სიმბოლიკა ქართული ჰერალდიკის განვითარების საფუძვლად იქცა.

ჰერალდიკა ისტორიული დისციპლინაა, რომელიც გერბებს და მათი შექმნის საფუძველს შეისწავლის. ის აჩვენებს, ვინ არის, როგორი წარსული აქვს და რას წარმოადგენს მისი მფლობელი. გერბი შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს, მხარეს, სასულიერო თუ საერო ორდენებს, საზოგადოებებს, საგვარეულოს. მართალია, სიმბოლოებს, ტოტემებს, ბეჭდებს და ა.შ. ხანგრძლივი ისტორია აქვს, მაგრამ უფრო სისტემატური სახე ჰერალდიკამ გვიანი შუა საუკუნეების ფეოდალურ ევროპაში შეიძინა. მას შემდეგ გერბები იქმნება ჰერალდიკური მეცნიერების წესებით, რომელთა გათვალისწინების გარეშე მათ არ ექნება ლეგალური სტატუსი და უბრალო ნიშნებად დარჩება. თანამედროვეობაშიც, ის უნდა დააფიქსიროს და დააკანონოს არსებულმა პოლიტიკურმა მმართველობამ, რათა ჩაითვალოს გერბად. სიტყვა „გერბი“, რომელიც ძველი გერმანული „არბიდან“ მომდინარეობს, პირდაპირ მიუთითებს მის კავშირზე მიწის მფლობელობასა და მემკვიდრეობასთან. გარკვეული ტერიტორიის გერბთან მჭიდროდ ასოცირების კარგი მაგალითია 1178 წელს, ავსტრიაში გაბატონებული ჰაბსბურგებისგან საკუთარი გერბის (ლომის გამოსახულებით), ავსტრიის მფლობელი წინარე დინასტიის, ბაბენბერგების გერბით (მეწამულ ფარზე ვერცხლის ზოლი) ჩანაცვლება.

ადრეულ რაინდულ ტურნირებში, XII საუკუნეში, მეომართა ამოსაცნობად აქტიურად დაიწყეს ფარებზე გამოსახუ­ლებების დატანა. უფრო ადრე, ნორმანთაგან ინგლისის დაპყრობის ამსახველ ბაიოს გობელენზე გამოსახულ ფარებზე ძალიან პრიმიტიული სიმბოლოები გვხვდება. ჰერალდიკა, როგორც ჰერალდიკოსი ზაქარია კიკნაძე მიუთითებს, შუა საუკუნეების ევროპულ წიაღში აღმოცენებულ ფენომენს წარმოადგენს და XIX საუკუნემდე მხოლოდ ევროპასა და ევროპელი კოლონისტებით დასახლებულ „ახალი მსოფლიოს“ ქვეყნებში არსებობდა, შესაბამისად, მისი უძველესი ნიმუშები ისევ ევროპაში თუ მოიძებნება. თუმცა თავად ევროპაშიც კი XI-XII საუკუნეებამდე არსებული ნებისმიერი სიმბოლიკის ჰერალდიკურად შერაცხვა არასწორია და ის „პროტოჰერალდიკას“ განეკუთვნება, მათ შორისაა ბაიოს გობელენზე მოცემული გამოსახულებებიც.

ჰერალდიკის ცოდნა პრესტიჟულად და წარჩინებულის საჭურველმტვირთველისთვის საჭირო უნარად მიიჩნეოდა. „ბლასონი“, რაც ფრანგულად საგვარეულო გერბს, გერმანულად კი ბუკის კვრას აღნიშნავს, არის სპეციფიკური, ჰერალდიკის ენა, რომლის საშუალებითაც გერბის განმარტება, თანამიმდევრულად აღწერა ხდებოდა. ამ საქმეს კი სჭირდებოდა ჰერალდიკის მცოდნე, სპეციალისტი – ჰეროლდი. ჰეროლდების ინსტიტუტი XII საუკუნიდან არსებობდა, თუმცა უშუალოდ ტერმინი XIV საუკუნეში გაჩნდა (ძვ. ფრანგ. „heraut“). რაინდულ ეპოქაზე შეთხზულ ისტორიულ რომანებში ავტორები ხშირად ამახვილებდნენ ყურადღებას ჰერალდიკაზე, ვინაიდან გერბები ყველაზე მეტად სწორედ შუა საუკუნეებთან ასოცირდება. ცნობილი შოტლანდიელი ავტორი, სერ ართურ კონან დოილი „თეთრ რაზმში“ მხატვრულად აღწერს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდნენ გერბების ჰერალდიკური წესების მიხედვით, სწორ აღწერას. „- შესანიშნავია! ღერბებს აღწერთ? – ნებისმიერს. – მაშინ, აი, ეს ღერბი ამიწერეთ, – შესთავაზა სერ ნაიჯელმა, ხელი ასწია და ბუხრის თავზე დაკიდებულ მრავალრიცხოვან ფარებში ერთ-ერთზე მიუთითა. ვერცხლის ველი, – დაიწყო ალაინმა, – და სამი რომბით მოხატული ლაჟვარდის სარტყელი, სამ შავ ვარსკვლავს რომ შუაზე კვეთს, პირველ ღერბზე ყოველივე ამას თავზე ადგას მეწამულით ჭედური ლომის თავები. – თათები ამოკვეთილია, – დაუზუსტა სერ ლორინგმა და ზვიადად დაუკრა თავი“.

გერბს ხშირად ერთვოდა დევიზიც, რომელიც ნებისმიერ ენაზე შეიძლება ყოფილიყო შესრულებული: ლათინურად, ფრანგულად და ა.შ. მაგალითად, ინგლისის მეფეების დევიზი გვიან შუა საუკუნეებში ფრანგულენოვანი იყო: Dieu et mon droit – ღმერთი და ჩემი უფლება; 1381 წელს შექმნილ ლონდონის გერბზე კი დევიზი ლათინურენოვანია Domine dirige nos – უფალო, გვიჩვენე გზა. დევიზები ხშირად არის დატანილი თანამედროვე გერბებზეც. საქართველოს დევიზია „ძალა ერთობაშია“.

მართალია, ჰერალდიკა სამხედრო მიზნებით გაჩნდა, მაგრამ მისი პოპულარიზება უფრო მეტად რაინდულ ტურნირებს მიეწერება. არისტოკრატებს საშუალება ჰქონდათ, საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ თავიანთი განმასხვავებელი ნიშნები, საგვარეულო ისტორია და სიამაყე გერბების სახით. დროთა განმავლობაში ჰერალდიკურ ნიშნებს უკვე იყენებდნენ წარჩინებული მოქალაქეები, გილდიები, ორდენები, ქალაქები, საჰერცოგოები, საგრაფოები, სამთავროები და ა.შ. გერბები დატანილი იყო შენობებზე, ხისა და მინის ნაკეთობებზე, გობელენებზე. XVI-XVII საუკუნეებში, როცა სოციალური, პოლიტიკური და სამხედრო მიზეზების გამო, რაინდები ბრძოლის ველიდან გაქრნენ, ჰერალდიკური სიმბოლოები კვლავ შემორჩა და კიდევ უფრო დაიხვეწა, ვინაიდან მათი დატანა უშუალოდ საბრძოლო ფარებზე აღარ იყო საჭირო და მხატვრებს მეტი თავისუფლება მიეცათ, შეექმნათ მრავალფეროვანი გამოსახულებები. გაჩნდა ე.წ. „პეიზაჟური ჰერალდიკაც“ კი – გერბის ფონისა და სიმბოლოების არა პირობითი, არამედ მხატვრული ასახვა. XIX საუკუნეში, როდესაც ნაციონალიზმის აღმავლობა და ერების ჩამოყალიბება სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა, ბევრი ჰერალდიკური სიმბოლო, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის ხალხისთვის იდენტობის ნიშანი შეიძლება ყოფილიყო, ხელახლა გამოჩნდა და აღორძინდა.

XIV-XV საუკუნის ევროპულ რუკებსა და პორტოლანებზე (სანაოსნო რუკებზე), უკვე გვხვდება ჰერალდიკური აღნიშვნები. კულტურულ-რელიგიური იდენტობის სიმბოლოები და მმართველ საგვარეულოთა ნიშნები და ფერები, დროთა განმავლობაში, ქვეყნების აღმნიშვნელი გახდა. გვიან შუა საუკუნეებში საქართველოს ტერიტორიაც მონიშნულია, როგორც ევროპული სივრცის აღმოსავლეთი საზღვარი. ქართველი ჰერალდიკოსების კვლევებით, რომლებიც ეყრდნობა არსებულ ისტორიულ წყაროებსა და ევროპულ რუკებს, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფონი თეთრი იყო, მასზე აღბეჭდილი წითელი გამოსახულებით – ზოგჯერ ჯვრით ან ჯვრებით. გვხვდება ასევე თეთრ ფონზე სწორკუთხა წითელი ჯვარი სამეგრელოს დროშად და ოქროსფერ ფონზე ლურჯი მალტური ჯვრის მსგავსი (სავარაუდოდ, ბოლნური ჯვრის ევროპულად სტილიზებული ვერსია) იმერეთის ტერიტორიის თავზე. ზოგ რუკაზე, თბილისის ან დასავლეთ საქართველოს თავზე დატანილი დროშის მხოლოდ ერთ, მთავარ, ტარის მიმდებარე ნაწილშია ხუთჯვრიანი გამოსახულება. ხუთჯვრიანი გამოსახულება არ არის მხოლოდ საქართველოსთვის უნიკალური და შუა საუკუნეებში ის ჯვაროსნულ აღმოსავლეთში პოპულარული იყო, განსაკუთრებით ცნობილია იერუსალიმის სამეფოს ხუთი ოქროსფერი ჯვრით დამშვენებული თეთრი დროშა, რომელზეც ჰერალდიკის პრინციპები დარღვეულია (ოქროსფერი თეთრზე). როგორც ქართველი ჰერალდიკოსი, თორნიკე ასათიანი მიუთითებს, მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო დებატები დიდხანს მიმდინარეობდა საკითხზე, დადასტურებულად იყო თუ არა ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სამეფო ალამი, ისტორიული წყაროების, კულტურული მემკვიდრეობისა და ევროპული რუკების მიხედვით, საქართველოს სრული უფლება აქვს, სახელმწიფო დროშად სწორედ ხუთჯვრიანი დროშა აღიაროს.

ჯვრის გამოსახულების გარდა, შუა საუკუნეების ქართულ ჰერალდიკაში აქტუალურია წმინდა გიორგის გამოსახულება, ვინაიდან აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი იყო ამგვარი დროშები. მეომართა მფარველი, გველეშაპის დამმარცხებელი წმინდა გიორგის გამოსახულება ძალიან პოპულარული იყო ჰერალდიკაში. საქართველოს გარდა, ამ მეომარ წმინდანს ბევრგან მიიჩნევენ მფარველად, მათ შორის, ინგლისში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, უკრაინაში, მალტაზე, ეთიოპიაში, ესპანეთის მხარეებში – კატალონიასა და არაგონში, ასევე, მოსკოვშიც, რუსეთში. ყველაზე ცნობილი, ალბათ, ინგლისის წმინდა გიორგის წითელი ჯვრით დამშვენებული თეთრი დროშაა. 1552 წელს, მეფე ედუარდ VI-ის დროს, როცა ინგლისის რეფორმაცია მიმდინარეობდა, ყველა სხვა წმინდანის დროშა გაუქმდა, გარდა წმინდა გიორგის დროშისა. დღემდე წმინდა გიორგის წითელი ჯვარი არის როგორც ინგლისის, ისე გაერთიანებული სამეფოს დროშაზე.

საქართველოსთვის მიწერილი გერბები გვიანი შუა საუკუნეების ევროპულ ხელნაწერებში გვხვდება. მიწერილი იმიტომ, რომ ევროპელი ჰერალდიკოსები ხშირად ფორმალურად, თავიანთი წარმოდგენით უქმნიდნენ სხვადასხვა მხარეს გერბებს და მათი გამოყენება რეალურად არ დასტურდება. თუმცა გამონაკლისიც არსებობს. ქართველი ჰერალდიკოსის, ზაქარია კიკნაძის მიხედვით, 1483 წელს, კონრად ფონ გრიუნენბერგის „გერბების წიგნში“ შესული რამდენიმე „მიწერილი“ გერბის გარდა, შეტანილია ერთი გერბი, რომელზე მოცემული გამოსახულების რეალურობას ადასტურებს უფრო გვიანდელი წყაროებიც. ვერცხლის გერბზე დატანილია ზურმუხტოვანი (მწვანე) ალმოდებული მთა. იგივე გამოსახულება, ოღონდ ოქროს ფონზე, მოცემულია XIX საუკუნის რუსულ დიდ გერბში მოთავსებულ საქართველოს გერბზე, რომელიც, საქართველოს სამეფოს სახით, მთელ კავკასიას მოიაზრებს. ზურმუხტოვანი, ალმოდებული მთა, ოღონდ ისრებით გამსჭვალული, როგორც ქართლის გერბი, გვხვდება 1672 წელს გამოცემულ ივერიის, ქართლისა და საქართველოს გერბების რუსულ „ტიტულარნიკში“ და პავლე I-ის დიდი სახელმწიფო გერბის მანიფესტში.

ქართული ჰერალდიკისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერია XVIII საუკუნე და რუსეთის იმპერიის პერიოდი XIX საუკუნეში, როდესაც უკვე მრავლად გაჩნდა ქართულ სამეფო-სამთავროთა თუ საგვარეულოთა ნიშნების გრაფიკული გამოსახულებები. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, გამორჩეულია ქართველი გეოგრაფის, კარტოგრაფისა და ისტორიკოსის, მეფე ვახტანგ VI-ის უკანონო ვაჟის, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735 წელს გამოცემული საქართველოს რუკა და გერბები. მისგან მოწოდებული მასალა ფასდაუდებელია და დიდ როლს ასრულებს თანამედროვე ქართულ ჰერალდიკაშიც. ზემოაღნიშნული გრაფიკული გამოსახულებები წარმოჩენილია ყველა დონეზე. გამოყენებულია როგორც საქართველოს სახელმწიფო გერბის შექმნაში, ისე ჰერალდიკის საბჭოს მიერ, მუნიციპალიტეტების ჰერალდიკური წესით სწორად შედგენილი გერბებისთვის. საქართველოს გერბად ვახუშტი წარმოგვიდგენს ცხენზე ამხედრებულ წმინდა გიორგის, რომელიც კლავს გველეშაპს, ასევე, მიქაელ მთავარანგელოზსა და ბაგრატიონთა საგვარეულო გერბს. სამეფო-სამთავროთა გერბებად, უმთავრესად, სიმბოლური ცხოველის გამოსახულებაა წარმოდგენილი, მაგალითად, კახეთის გერბზე ფრთოსანი ცხენია, იმერეთისაზე – ირემი, ოდიშისაზე – ტახი, სვანეთისაზე – დათვი და ა.შ.

ვახუშტის მოცემული აქვს ბაგრატიონთა საგვარეულო გერბიც „სამეფოკვართიან-დავითიან საქართველოსი“. ზურმუხტისფერ ფონზე, ორ ვარდისფერ ლომს მართკუთხა გადაკვეთილი ფარი უპყრია. ზემო, თეთრ ნახევარში გამოსახულია მაცხოვრის ყვითელი კვართი. ქვედა ნახევარი კი სწორკუთხად არის ოთხად გაყოფილი: ზემო მარჯვენა მეოთხედში ძალაუფლების ამსახველი სფეროა, ზემო მარცხენაში – ბიბლიური მეფე დავითის ქნარი; ქვემო მარჯვენა ნაწილში – დავითის შურდული, ქვედა მარცხენაში – სამეფო ხელისუფლების აღმნიშვნელი, ირიბად გადაჯვარედინებული ხმალი და სკიპტრა. როგორც ტრადიციულად ევროპულ ჰერალდიკას ახასიათებდა გერბის მფლობელის წარმომავლობასა და გარკვეულ ძალაუფლებაზე აქცენტი, ისე ბაგრატიონთა საგვარეულო გერბიც მიუთითებს მათ ბიბლიურ წარმომავლობასა და სამეფო ძალაუფლებაზე. როგორც ჩანს, XVIII საუკუნეში საქართველოში უკვე ჰქონდათ ევროპული ჰერალდიკის შედარებით დეტალური ცოდნა, რასაც ვახუშტი საქართველოს გერბებისა და სიმბოლიკის ასახვისთვის იყენებს.

XIX საუკუნეში, რუსეთის იმპერიის გავლენით, რომლის სამეფო საგვარეულო და თავადაზნაურობა უშუალოდ დაკავშირებული იყო ევროპულ არისტოკრატიასთან, ხოლო ქვეყანა ევროპულ პოლიტიკაში იყო ჩართული, ჰერალდიკის ცოდნაც უფრო ფართოდ გავრცელდა.

1918 წელს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, დაიწყეს ზრუნვა საქართველოს სახელმწიფო დროშისა და გერბის შესაქმნელად. გერბის შექმნისას უნდა დაეცვათ ქართული სტილი და არ უნდა აესახათ რელიგიური სიმბოლიკა. მიუხედავად ამისა, გერბზე წმინდა გიორგი გამოსახეს, რაც ყველაზე ტრადიციული იყო საქართველოსთვის და მნიშვნელოვანი ისტორიული საფუძველი ჰქონდა. გერბის ავტორი იყო მხატვარი იოსებ შარლემანი. საქართველოს დროშა, რომლის პროექტი შეიმუშავა მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძემ, იყო შინდისფერი, შავი და თეთრი თანასწორი ზოლებით ზემო კუთხეში, დროშის ტარის დაბოლოებასთან (ბუნთან). საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ აღდგა, სახელმწიფო სიმბოლიკაც თითქმის იმავე ფორმით დაბრუნდა, თუმცა 2004 წელს ხელახლა შეიცვალა და მივიღეთ ჰერალდიკური პრინციპების მიხედვით სწორად შედგენილი, დღევანდელი ხუთჯვრიანი დროშა და გერბი. გერბზე ცენტრალურ ფიგურად კვლავ წმინდა გიორგის გამოსახულება დარჩა. გერბს დაერთო მხედრული ანბანით შესრულებული დევიზი: „ძალა ერთობაშია“. საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო, რომელიც 2008 წელს შეიქმნა წინამორბედი ჰერალდიკური კომისიების საფუძველზე, მუშაობს ქართული ჰერალდიკის განვითარებასა და სრულყოფაზე. აღსანიშნავია, რომ ქართული ჰერალდიკა ერთ-ერთ ყველაზე ლამაზად, ჰერალდიკის პრინციპების საუკეთესო ტრადიციების დამცველად და ავთენტურად ითვლება ჰერალდიკის სამშობლოში – ევროპაში, რომელსაც საქართველო ისტორიულად და კულტურულად მიეკუთვნება.

დატოვე კომენტარი

1 კომენტარი

  1. I love yiur blog.. very niche colorts & theme.

    Did you create this website yourself oor diid yoou hirre someone to doo it
    ffor you? Plz respond as I’m looking too construct
    myy owwn blog and woupd like tto findd ouut where u goot this from.
    cheers

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *