შობის დღეს ათასობით ადამიანმა ევროპული ბანკის, Santander-საგან, „შესანიშნავი საჩუქარი“ მიიღო. ბანკმა შეცდომით 75 000 ტრანზაქციით საკუთარი მომხმარებლების ანგარიშებზე ჯამში 176 მილიონი აშშ დოლარი განათავსა.
ბანკის განცხადებით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც დიდ ბრიტანეთში 2000-მდე სხვადასხვა ბიზნესდაწესებულების ანგარიშიდან ერთი და იგივე ტრანზაქცია ორჯერ განხორციელდა. შედეგად კი დასაქმებულებს ორმაგი ხელფასები ჩაერიცხათ. მათი მტკიცებით, შეცდომა მექანიკური ხასიათის იყო და უკვე გამოსწორდა.
ამჟამად ბანკი ყველა ტრანზაქციის უკან დაბრუნებას ცდილობს, თუმცა საქმეს ის ართულებს, რომ ტრანზაქციების უმეტესობა მათი კონკურენტი ბანკების ანგარიშებზე განხორციელდა. შესაბამისად, პროცესი დროში იწელება.
Santander-ის პრესსპიკერის განცხადებით, ბანკი ძალიან წუხს ამ ტექნიკური ხარვეზის გამო, რომელმაც ბევრ მომხმარებელს დისკომფორტი შეუქმნა. როგორც ჩანს, აღნიშნულმა ინციდენტმა ცუდი გავლენა მოახდინა კომპანიების Payroll-თანამშრომლებზე. ზოგი მათგანი მედიასაშუალება CNBC-სთან ინტერვიუში იხსენებს, რომ ამ ამბის გამო მთელი არდადეგები გეგმის მიხედვით ვერ გაატარა. სანამ სიმართლე გაირკვეოდა, მათ ეგონათ, რომ პრობლემა თავად გამოიწვიეს და ამის გამო სამსახურში პრობლემები შეექმნებოდათ.
Santander-ის განმარტებით, მსგავსი პრობლემა ინდუსტრიაში „საბანკო ტრანზაქციის შეცდომის“ სახელით არის ცნობილი, ამიტომ მისი აღმოფხვრაც შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით მოხდება. გარდა ამისა, ბანკი უკვე თანამშრომლობს კონკურენტებთან შეცდომის გამოსასწორებლად.
ცნობისათვის, Santander-ი უმსხვილესი ესპანური ბანკი გახლავთ, რომელიც 1857 წელს დაარსდა. 2020 წლის მონაცემებით, ბანკი აქტივების მოცულობით ევროპაში მეოთხე ადგილს იკავებს – 1.5 ტრილიონი ევრო. მსოფლიოს უდიდეს ბანკთა რეიტინგში კი მას მე-18 პოზიცია უკავია. ბანკი მსოფლიოს ყველა გლობალურ ფინანსურ ცენტრშია წარმოდგენილი და საკუთარ მომხმარებლებს ყველა ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს.
დატოვე კომენტარი