ევროპულმა გაზის კომპანიებმა 2021 წლის პირველ ნახევარში, ენერგეტიკული კრიზისის დაწყების მიუხედავად, €4 მილიარდის შემოსავალი მიიღეს. არასამთავრობო ორგანიზაცია Global Witness-ის ინფორმაციით, მოგება ENTSOG-ის (ევროპული ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერაციული ქსელი) 26 გაზის კომპანიაზე ნაწილდება. კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად, €1 მილიარდი – ბუნებრივი აირის კომპანიებზე, €3 მილიარდი კი მათ მშობელ ორგანიზაციებზე მოდის.
გაზრდილი შემოსავლების ფონზე, ევროპის მოსახლეობა ზამთარში ბუნებრივი აირის ფასების ზრდას ელოდება. კრიზისის დაწყებამდე, ენერგეტიკულ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა ევროპაში მილიონებს აღწევდა. იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ზამთარში სახლების გათბობას ვერ შეძლებენ, შესაძლოა უფრო გაიზარდოს. არასამთავრობო ორგანიზაცია Global Witness-ის წარმომადგენლის თქმით, მაშინ როდესაც მილიონობით ადამიანს არჩევანის გაკეთება საკვებსა და გათბობას შორის უწევს, ევროპული გაზის კომპანიები არნახული მოგებით ტკბებიან.
ბრალდების პასუხად, ENTSOG-ი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორების (TSOs) ტარიფები სრულად რეგულირდება და კონტროლდება ენერგეტიკული ეროვნული მარეგულირებლების მიერ, რაც შემოსავლებისა და ხარჯების გაკონტროლებასაც გულისხმობს. ENTSOG-ის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ გონივრულ და დოკუმენტირებულ ხარჯებს ფარავენ და მათ არა აქვთ დამატებითი შემოსავლები გაზის მაღალი ფასებიდან გამომდინარე, რამაც შესაძლოა, პირიქით, ტრანსპორტირების შემცირებაც კი გამოიწვიოს.
გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებულნი არიან ENTSOG-ის წევრ კომპანიებს შორის ინტერესთა კონფლიქტით და მისი როლით პროექტების შერჩევის პროცესში. სიაში მოხვედრა საშუალებას აძლევს პროექტებს, სწრაფად მიიღონ როგორც ნებართვა პროექტებზე, ასევე ევროკავშირის დაფინანსება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ევროკავშირს ბუნებრივი აირის შეჩერებული პროექტები €440 მილიონი დაუჯდა. მოლაპარაკებების პროცესი პროექტების შესარჩევ წესებთან დაკავშირებით ამ ეტაპისთვის ჯერ არ დასრულებულა.
დატოვე კომენტარი