ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, მიმდინარე კვირას, დოჰაში ვიზიტისას, ენერგეტიკულ საკითხებს განიხილავს. კატართან, ბუნებრივი აირის მთავარ მწარმოებელთან შეხვედრა, ევროპის ენერგოკრიზისსაც შეეხება. ევროსაბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური განრიგის თანახმად, ის კატარს სამშაბათს ეწვევა.
ევროპული ქვეყნების მთავრობები, უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, ბუნებრივი აირის ალტერნატიულ მიმწოდებლებს აქტიურად ეძებენ. რუსეთიდან ენერგონაკადების შემცირების გამო, ევროპას ელექტროენერგიის ხარჯები უკვე მნიშვნელოვნად გაეზარდა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული QatarEnergy, მსოფლიოში ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი, ბოლო თვეებია რამდენიმე ევროპელ შემსყიდველთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით არცერთი გარიგება არ გასაჯაროებულა.
„რეგიონული და საერთაშორისო საკითხების განსახილველად, შარლ მიშელი მაღალი რანგის რამდენიმე ოფიციალურ პირს შეხვდება. მთავარ თემებს შორის იქნება რუსეთ-უკრაინის კრიზისი, ენერგეტიკული კრიზისი, ასევე შეხვედრა შეეხება ირანს, პალესტინა-ისრაელსა და ავღანეთს“, – განაცხადა კატარის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ამჟამად, კატარს ბუნებრივი აირის მიწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტები ძირითადად აზიის შემსყიდველებთან აქვს გაფორმებული, რომელთა შენარჩუნებასაც სამომავლოდაც აპირებს. მიუხედავად ამისა, QatarEnergy-ის გერმანიისთვის გაზის მიწოდების დაწყება ტეხასის, Golden Pass-ის ბუნებრივი აირის ქარხნიდან შეუძლია. გარდა ამისა, კატარი გაზის მოპოვების გაფართოებას ცდილობს და პარალელურად, ახალი მომხმარებლების ძიებაშია, რაც მის ექსპორტს 2027 წლისთვის დაახლოებით 63%-ით გაზრდის.
დატოვე კომენტარი