მიმდინარე წლის სექტემბერში ევროზონაში წლიურმა ინფლაციის დონემ 10%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია და აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზს.
ევროსტატის განმარტებით, ინფლაციის დონის ზრდის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი ენერგორესურსების 40%-ით გაძვირება და სურსათის ფასების თითქმის 10%-ით ზრდაა. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 9.1%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურ 4.8%-იან ნიშნულამდე გაიზარდა.
საგულისხმოა, რომ რეკორდულად გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, ათწლეულში პირველად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დამატებით 75 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო შეხვედრაზე ECB-მა განაკვეთი დამატებით 75-100 საბაზო პუნქტით გაზარდოს.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, სტატისტიკის სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მშპ-ის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.1% შეადგინა, ხოლო გასულ კვარტალთან შედარებით, ზრდის დონე 0.8%-ს შეადგენს.
ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მეოთხე კვარტლიდან ევროკავშირის ეკონომიკა რეცესიაში გადავა, თუმცა აღნიშნულ პოზიციას არ იზიარებს ევროპის ცენტრალური ბანკი, რომელიც წლის ბოლოსთვის მშპ-ის 2.6%-იან ზრდას პროგნოზირებს.
დატოვე კომენტარი