ევროზონისადმი ეკონომიკური ნდობა უკვე მეხუთე თვეა იზრდება, თუმცა, პანდემიის მიერ შექმნილი გაურკვევლობის გამო, შემცირებული ტემპით. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ევროკომისიის განწყობების ინდექსი, სექტემბერში, მოლოდინზე მეტად გაიზარდა, რის გამოც ევროს კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. თუმცა, ნდობის მაჩვენებელი კრიზისამდელ დონესთან შედარებით, კვლავ 30%-ითაა შემცირებული.
ინდუსტრიული წარმოებისადმი მოლოდინები კი, რომლებიც საწყისში ძლიერად შემოტრიალდა, ბოლო ორი თვის განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა. ხოლო სერვისებისადმი მოთხოვნა, უკვე, მეორე თვეა იკლებს. აგრეთვე, სექტემბერში, დასაქმების პერსპექტივების საზომი ინდიკატორიც შენელებულ აღდგენას აჩვენებს.
“ევროზონის ეკონომიკას უკვე ეტყობა უკუქცევისაგან დაღლილობა,“ – ამბობს ბერტ კოლინი, ING-ის მთავარი ეკონომისტი, – “მეორე ტალღისაგან გამოწვეული ღელვაც ანელებს ეკონომიკური ზრდისადმი მოლოდინებს”.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა დამატებით მონეტარული სტიმულის პერსპექტივაც არ გამორიცხა. ინსტიტუტმა უკვე პირობა დადო, რომ მომდევნო წლის შუა პერიოდამდე 1,3 ტრილიონი ევროს ოდენობის ($1,6 ტრილიონი) სახელმწიფო ობლიგაციებსა და სხვა აქტივებს შეიძენს (რასაც, მოლოდინების მიხედვით, წლის ბოლომდე გაზრდის).
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა ეკონომიკური ბლოკის ბუნდოვან მომავალზე ისაუბრა, უარესდება რა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხრივ არსებული ვითარება. კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი რეგიონში იზრდება და უკვე გამოიწვია ახალი შეზღუდვები, რომლებიც, თავის მხრივ, აღდგენას შეანელებს.
გამყარებული ევრო სიტუაციას ართულებს. ვალუტამ 2018 წლის შემდეგ დოლარის მიმართ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
სხვადასხვა ანგარიშმა აჩვენა, რომ ბიზნესაქტივობა რამდენიმე ქვეყნის სერვისების მიმწოდებელ სექტორებში შემცირდა, მათ შორის გერმანიასა და საფრანგეთში. სამშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით – ესპანეთში, აგვისტოში, საცალო გაყიდვები შემცირდა; ფრანგ მომხმარებელთა დანახარჯებიც მოსალოდნელია რომ დაეცეს.
სტატიის დაწერაში წვლილი შეიტანეს ჰარუმი იჩიკურამ და კრისტიან სიედენბურგმა.
დატოვე კომენტარი