ტრილიონიან ინდუსტრიაში შესასვლელად მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები ინდოეთის ციფრული სესხების ბაზრის გამოყენებას აპირებენ. Facebook და Xiaomi აქტიურად არიან ჩართულნი ერთმანეთთან კონკურენციაში, ინდოეთის ბაზრის ასათვისებლად.
თვის დასაწყისში Facebook-მა განაცხადა, რომ ინდოეთი იქნება პირველი სახელმწიფო, სადაც კომპანია საკუთარი ციფრული სესხების პროგრამას დატესტავს. პროგრამის ფარგლებში კომპანია საკუთარი პარტნიორი კომპანიების დახმარებით კომპანიებს, რომლებიც პლატფორმაზე რეკლამებს ათავსებენ, სესხებს შესთავაზებს. სესხის რაოდენობა კი 6,750 აშშ დოლარიდან 67,500 აშშ დოლარამდე იქნება. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, მისი რაოდენობა 17%-დან 20%-მდე იქნება და მის ასაღებად სესხის პოტენციური უზრუნველყოფა საჭირო არ იქნება.
სოციალური მედიის გიგანტი ინდოეთის ბაზარზე კონკურენციაში ჩინურ გიგანტთან, Xiaomi-სთან იქნება, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე აწარმოებს ყველაფერს – დაწყებული ბრინჯის მოსახარში ხელსაწყოებიდან, დამთავრებული სათამაშო მონიტორებით. Xiaomi გეგმავს, რომ ქვეყნის ყველაზე დიდ ბანკებთან და ციფრული სესხების სტარტაპებთან თანამშრომლობით, ინდოეთის ბაზარს სესხები, საკრედიტო ბარათები და სადაზღვევო პროდუქტები შესთავაზოს.
ინდოეთის ბაზარი ბოლო დროს მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ყურადღების ქვეშ მოექცა. მაგალითისათვის, Amazon-მა თვის დასაწყისში ქვეყნის სიმდიდრის მენეჯმენტის სექტორში 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. საკუთარი ინტერესების გაზრდას ცდილობს Google-ც, რომელმაც ინდოელ გამსესხებლებთან ერთად საკუთარი მომხმარებლებისათვის ვადიანი ანაბრების პროგრამას ჩაუყარა საფუძველი.
დატოვე კომენტარი