Facebook-ის თანამშრომელთა ნაწილი კომპანიის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის გადაწყვეტილებას აპროტესტებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტვიტებთან დაკავშირებით. კერძოდ, Facebook-მა წამქეზებელი კომენტარების შესახებ, რომლებიც თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელში გააკეთა, არ მიიღო არანაირი ზომა. საუბარია მინეაპოლისში პოლიციელის მიერ ფერადკანიანის მკვლელობის ფაქტზე, რასაც მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ტრამპმა დაწერა: „როდესაც ძარცვა იწყება, იწყება სროლაც“. მსგავს კომენტარზე Twitter-მა რეაგირება მოახდინა, Facebook-მა კი არა.
სოციალურ ქსელში უმოქმედობის გამო რამდენიმე წამყვანმა ფიგურამ უკმაყოფილება გამოთქვა, ცალკეულმა თანამშრომლებმა კი, რომლებიც პანდემიის გამო, სახლიდან მუშაობენ, ვირტუალური პროტესტი დაიწყო და ორშაბათს სამუშაო პროცესს არ შეუერთდა.
“მარკი ცდება. მე ყველა შესაძლო გზით შევეცდები რომ მას ეს აზრი შევაცვლევინო“, – დაწერა Facebook-ის ე.წ ნიუსფიდის პროდუქტების დიზაინის ხელმძღვანელმა რაიან ფრეიტასმა.
“პლატფორმის შეთავაზება ძალადობის წაქეზებისთვის და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის მიუღებელია, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება მისი გამავრცელებელი“, – ამის შესახებ კი სოციალური ქსელის პორტალის დიზაინის ხელმძღვანელმა ენდრიუ ქროუმ დაწერა.
მათ მოჰყვა საპროტესტო კომენტარები სხვა წამყვანი პირებისგან, მათ შორის პროდუქტების დიზაინერისგან და პროდუქტების მმართველი დირექტორისგან.
დაიწყო ასევე საპროტესტო კამპანია ჰეშთეგით #იმოქმედე. ბევრი კომენტარი კი სამხრეთ აფრიკელი უფლებადამცველის დესმონდ ტუტუს სიტყვებს შეიცავდა: “თუ უსამართლობის მიმართ ნეიტრალური ხარ, გამოდის არჩეული გაქვს მჩაგვრელის მხარე“.
“კომპანიაში ვმუშაობ დაახლოებით შვიდი წელია და მსგავსი პროტესტი აქ ამ დრომდე არ მინახავს“, – განაცხადა Facebook-ის ერთ-ერთმა დეველოპერმა დანიელ ლო ნიგრომ.
აღსანიშნავია, რომ შექმნილი ვითარების პარალელურად მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ კომპანია დამატებით $10 მილიონს გამოყოფს რასობრივი უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
დატოვე კომენტარი