მას მერე, რაც ორი კვირის წინ, The Wall Street Journal-მა Facebook-ის შიდა კვლევების შედეგები გაასაჯაროვა, Facebook-ის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირველი ოფიციალური კომენტარი გაავრცელა: პრატიტი რეიჩოდარის თქმით, ჟურნალისტებმა შიდა კვლევის შედეგები არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელეს, რითაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, რადგან იმის თქმა, თითქოს Instagram-ი ტინეიჯერი გოგონებისთვის ტოქსიკურია – უბრალოდ არაზუსტი შეფასებაა.
ცნობისთვის, Facebook-ის შიდა კვლევების ნაწილობრივი შედეგები ამერიკის ერთ-ერთმა წამყვანმა მედიასაშუალებამ 14 სექტემბერს გაავრცელა – ჟურნალისტური მასალიდან ირკვევა, რომ Instagram-ი ტინეიჯერ გოგონებში სხეულით გამოწვეულ უკმაყოფილებას, შფოთისა და დეპრესიის მაჩვენებლებს ზრდის. მეტიც, The Wall Street Journal-ის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ Facebook-ის საჯარო პოზიცია ტინეიჯერებში მათი აპლიკაციების ნეგატიურ გავლენასთან დაკავშირებით, როგორც წესი – უარყოფაა. ტინეიჯერების მენტალური ჯანმრთელობის შესახებ მომზადებული კვლევები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, მეტიც – ისინი არც მეცნიერებს უნახავთ და არც კანონმდებლებს.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური კონტროლი Facebook-ის მიერ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთების მთავარი მიზეზი გახდა – პრატიტი რეიჩოდარის თქმით, ამ განცხადების გავრცელება აუცილებელი იყო, რადგან 30 სექტემბერს, Facebook-ის გლობალური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანტიგონე დევისი აშშ-ის სენატის წინაშე წარსდგება. აღსანიშნავია, რომ Facebook-თან დაკავშირებით ამერიკელ კანონმდებლებს მანამდეც უმსჯელიათ: „კვლევები, რომლებიც გვინახავს, ცხადყოფენ, რომ ერთმანეთთან დაკავშირების მიზნით სოციალური ქსელების გამოყენებას შესაძლოა მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახოს“, – აღნიშნა Facebook-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა აშშ-ის კონგრესში, ამა წლის მარტში გამართულ შეხვედრაზე.
The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ მასალას პრატიტი რეიჩოდარი პუნქტებად პასუხობს და დასძენს, რომ უმეტესწილად, Facebook-ის კვლევებში ორმოციოდე თინეიჯერი მონაწილეობდა, რაც რეალურად ძალიან მცირე რიცხვია იმ პლატფორმის უარყოფითი გავლენების შესაფასებლად, რომელსაც მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. პრატიტი რეიჩოდარის თქმით, ეს მცირე ზომის კვლევები ორგანიზაციის შიგნით დიალოგის გაღვივებას ისახავდნენ მიზნად. აღსანიშნავია, რომ The Wall Street Journal-ის ბრალდებების საპირწონედ, Facebook-ს მონაცემები არ გაუსაჯაროებია, რაც ამ ეტაპზე, მტყუან-მართლის გარჩევას ძალიან ართულებს.
აღსანიშნავია, რომ მას მერე, რაც Facebook-ის ეს განცხადება გავრცელდა, კომპანიამ საზოგადოებას კიდევ ერთი გადაწყვეტილება ამცნო: კომპანია ცამეტ წლამდე აუდიტორიისთვის განკუთვნილ პლატფორმაზე, Instagram Kids-ზე მუშაობას დროებით წყვეტს. Facebook-ის თქმით, მათ ბავშვებისთვის ისეთი პლატფორმის შექმნა სურდათ, რომელიც შესაძლებლობას მისცემდათ მათი ასაკისათვის უფრო შესაფერისი გამოცდილება მიეღოთ, მაგრამ საზოგადოების მხრიდან გავრცელებული კრიტიკის გამო, ეს პროექტი დროებით შეწყდა. „ეს შესაძლებლობას მოგვცემს ვიმუშაოთ მშობლებთან, ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან და კანონმდებლებთან, მოვუსმინოთ მათ წუხილს და დავამტკიცოთ, რომ მცირე ასაკის თინეიჯერებისთვის ეს პროექტი მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა Instagram-ის ხელმძღვანელმა, ადამ მოსერიმ.
დატოვე კომენტარი