Facebook-მა ავსტრალიელ მომხმარებლებს ახალ ამბებზე წვდომისა და გაზიარების ფუნქცია დაუბლოკა. ამის მიზეზი ის კანონპროექტი გახდა, რომლის მიღებასაც ავსტრალიის მთავრობა უახლოეს მომავალში აპირებს. კანონპროექტი სოციალურ პლატფორმებს ახალი ამბების მიღებისთვის გადასახადს დააკისრებს ანუ Facebook-ს, Google-ს და სხვა პლატფორმებს ახალი ამბების შინაარსის გამოქვეყნებისთვის გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ.
Facebook-ის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ კანონი მათი მუშაობის სპეციფიკასთან შეუსაბამოა და კომპანიისთვის მიუღებელია.
ასევე Facebook-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ავსტრალიის მედიას და მოსახლეობას ეკრძალება სოციალურ ქსელში ახალი ამბების ბმულების გაზიარება და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ამბების გაცნობა. შეზღუდვა მილიონობით ავსტრალიელისთვის 18 თებერვლიდან ამოქმედდა. შედეგად მათ უკვე განსხვავებული Facebook-ი აქვთ, სადაც ახალი ამბები არ ჩანს. არადა, 2018-2020 წლებში გამოკითხული ავსტრალიელების 40% Facebook-ს სწორედ სიახლეების გაცნობისთვის იყენებდა.
ცნობისთვის, ავსტრალიის მსგავსად, ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას კანადაც აპირებს. როგორც კანადაში აცხადებენ, თუ Facebook-ი ავსტრალიელების მსგავსად კანადელებსაც შეუზღუდავს სიახლეებზე წვდომას, ეს მათ ვერ შეაჩერებს.
დატოვე კომენტარი