Facebook-მა ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გვერდი დაბლოკა. ამის მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებული არასწორი ინფორმაციის გავრცელება გახდა. კერძოდ, მადურომ თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ „კარვატივირი“ „სასწაულმოქმედი“ მედიკამენტია, რომელიც კორონავირუსს კურნავს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით კი, მეცნიერებს ჯერ არ დაუდასტურებიათ, რომ აღნიშნული მედიკამენტი კორონავირუსთან ბრძოლაში ეფექტიანია.
„ჩვენ მივყვებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინს, რომელიც ამბობს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც ამ ვირუსს კურნავს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი წესები რამდენიმეჯერ დაარღვია [მადუროს გვერდმა], ჩვენ მას 30 დღით ვბლოკავთ“, – განაცხადეს სოციალური ქსელის პრესსამსახურში.
აღსანიშნავია, რომ მადუროს თავის ფეისბუკ-გვერდზე ერთი თვის მანძილზე არაფრის დაწერის და გაზიარების შესაძლებლობა არ ექნება, მკითხველი კი მის ნახვას მაინც შეძლებს. ამასთან, Facebook-მა ის ვიდეო, სადაც მადურო „კარვატივირის“ გამოყენების წახალისებას ახდენს, უკვე წაშალა.
რაც შეეხება პრეზიდენტის Instagram-ის გვერდს, ის კვლავ ფუნქციონირებს.
ცნობისთვის, ნიკოლას მადურო საკმაოდ ხშირად იყენებს სოციალური მედიის გვერდებს, მათ შორის Facebook-სა და Twitter -ს. მეტიც, Facebook-ზე მას პირდაპირი ჩართვა არაერთხელ გაუკეთებია. მიუხედავად ამისა, მადუროს ხშირად უთქვამს, რომ მას და მის მოკავშირეებს სოციალური მედიის კომპანიები არასამართლიანად ეპყრობიან.
დატოვე კომენტარი