გაერთიანებული სამეფოს ანტიმონოპოლიური კანონის გამო, Facebook-ს შესაძლოა Giphy-ის მონაცემთა ბაზისა და GIF-ის საძიებო სისტემის გაყიდვა მოუწიოს.
კონკურენციისა და ბაზრების სამსახურმა (CMA) გადაწყვეტილება 2020 წლის მაისში, Facebook-ს მიერ $400 მილიონად Giphy-ის შეძენის შესახებ დადებული გარიგების შემდეგ მიიღო. Giphy-ი, ისეთი სოციალური ქსელებისთვის, როგორებიც Snapchat-ი, TikTok-ი და Twitter-ი ანიმაციური GIF-ების უმსხვილესი მიმწოდებელია.
CMA-ის რეკომენდაცია შეთანხმების გაუქმება და Giphy-ის სრულად გაყიდვაა. სპეციალისტების აზრით, Facebook-ის მიერ Giphy-ის ფლობა გაერთიანებული სამეფოს ციფრული რეკლამების 7.6 მილიარდდოლარიანი ბაზარს პოტენციურ კონკურენტს ჩამოაშორებს. აღსანიშნავია, რომ Facebook-ი ისედაც ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეა და მის ნახევარზე მეტს იკავებს. ამას გარდა, GIF-ებზე წვდომისთვის, Facebook -ის მიერ მომხმარებლისგან მეტი მონაცემის მიღება კიდევ უფრო გაზრდის კომპანიის ისედაც მსხვილ სავაჭრო ძალას. თავის მხრივ, Facebook-ი CMA-ის ჩარევას აპროტესტებს, რადგან გარიგების დადების პროცესში Giphy-ის გაერთიანებულ სამეფოში შემოსავალი არ ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ კონკურენციისა და ბაზრების სამსახურის ინფორმაციით, Facebook -მა გარიგების შემდგომ, Giphy-ის მიერ სხვადასხვა ბრენდებთან, მათ შორის Pepsi-სთან და Dunkin’ Donuts-სთან ფასიან რეკლამებთან დაკავშირებით დადებული ყველა ხელშეკრულება გაწყვიტა.
CMA-ის მიერ მიღებული დადგენილება ამ ეტაპზე დროებითია და ოქტომბერში დადასტურდება. გაერთიანებულ სამეფოში, ევროპასა და შეერთებულ შტატებში ანტიმონოპოლიური მარეგულირებელი ორგანოები საკმაოდ მკაცრ პოზიციას იკავებენ მაშინ, როდესაც საქმე „სილიკონ ველის“ ტექნოლოგიურ გიგანტებს ეხება. Facebook-მა გასულ წელს ვაჭრობის ფედერალური კომისიის წინააღმდეგ საქმე მოიგო, რომელიც სოციალური გიგანტის მიერ Instagram-ისა და WhatsApp-ის გაყიდვას მოითხოვდა.
დატოვე კომენტარი