Telegram–ის დამფუძნებელმა პაველ დუროვმა განაცხადა, რომ ორშაბათს Facebook–ის პლატფორმების გათიშვის გამო მათ პლატფორმას 70 მილიონი ახალი მომხმარებელი დაემატა. ექვსი საათის განმავლობაში მთელ მსოფლიოში მომხმარებლები ძირითადი შეტყობინების აპლიკაციის, WhatsApp-ის მომსახურებით ვერ სარგებლობდნენ.
Facebook–მა პრობლემის გამომწვევ მიზეზად კონფიგურაციის გაუმართავი ცვლილება დაასახელა, რის შედეგადაც 3.5 მილიარდ მომხმარებელს ხელი არ მიუწვდებოდა ისეთ აპლიკაციებზე, როგორიცაა Facebook-ი, WhatsApp–ი, Instagram–ი და Messenger–ი.
„Telegram–ის ყოველდღიური ზრდის ტემპმა ყოველგვარ მასშტაბს გადააჭარბა და ჩვენ ერთ დღეში მივესალმეთ 70 მილიონზე მეტ „ლტოლვილს“ სხვა პლატფორმებიდან“, – წერს დუროვი საკუთარ Telegram არხზე.
დუროვმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ზოგიერთ ამერიკელ მომხმარებელს რეგისტრაციის დროს მცირედი პრობლემა შეჰქმნოდა, რადგან მილიონობით მსურველმა ერთდროულად გაიარა რეგისტრაცია, თუმცა სერვისი მომხმარებელთა უმრავლესობისათვის ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.
ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელმა მარგარეტ ვესტაგერმა განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რა საფრთხის შემცველია მხოლოდ რამდენიმე მსხვილ მოთამაშეზე დამოკიდებულება. ასევე ხაზი გაუსვა დივერსიფიკაციისა და ჯანსაღი კონკურენციის საჭიროებას.
რუსეთმა კი განაცხადა, რომ მათი მხრიდან საკუთარი სუვერენული ინტერნეტპლატფორმებისა და სოციალური ქსელების განვითარება სწორი ნაბიჯი აღმოჩნდა.