ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) დაამტკიცა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი, რომელსაც სეფსისის დიაგნოზის დასმა შეუძლია. ინფორმაცია თავად კომპანიამ, Prenosis-მა, გაასაჯაროვა.
Sepsis ImmunoScore-ი 22 დიაგნოსტიკურ და პროგნოზირებად პარამეტრს იყენებს და პაციენტში სეფსისის განვითარების რისკს 24 საათში აფასებს. ახალი AI-ინსტრუმენტის კრიტერიუმების კომბინაცია უნიკალურია და ამ დრომდე ლეგალურად გაყიდვად არცერთ მოწყობილობაში არ გამოყენებულა. Prenosis-ის წარმომადგენლების განცხადებით, კრიტერიუმებში შედის დემოგრაფიული ინფორმაცია, სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი დეტალები და ანთების გამოსავლენი ბიომარკერები.
ინსტრუმენტი სტარტაპ Immunix-პლატფორმის ბაზაზეა შექმნილი და ინტეგრირებულია საავადმყოფოების სამედიცინო ჩანაწერებში. Immunix-ი მონაცემთა პორტალია, რომელშიც 25 ათასზე მეტი პაციენტის 100 ათასი სისხლის ნიმუში ინახება.
როგორც ირკვევა, Sepsis ImmunoScore-ის გაყიდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ საავადმყოფოებში იგეგმება.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ყოველწლიურად ქვეყანაში სეფსისით მინიმუმ 350 ათასი ადამიანი იღუპება ან უიმედო ავადმყოფების კლინიკაში იწერება. სეფსისი სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა, რომელიც არსებულ ინფექციაზე მკვეთრი რეაქციით გამოიხატება. CDC-ის მიხედვით, სეფსისით ყოველწლიურად 1.7 მილიონი პაციენტი ავადდება.