Amazon Air-ის დამფუძნებლის მიერ შექმნილი ახალი სტარტაპი საცალო სავაჭრო კომპანიებს მიწოდების სერვისის დაჩქარების შესაძლებლობას აძლევს. როგორც Pandion-მა განაცხადა, დაგროვებული $30 მილიონით სადღესასწაულო საყიდლების სეზონისთვის სტარტაპი პირველი საწყობის გახსნას გეგმავს.
2014 წლის მიწურულს, სკოტ რაფინს Amazon-ის ლოგისტიკურ საოპერაციო საქმინობასთან ერთად ახალი თავსატეხიც დაემატა. აქამდე თუ კომპანია თავისი საჰაერო სატვირთო პარტნიორების მეშვეობით ახორციელებდა ქვეყნის მასშტაბით გადაზიდვებს, სწრაფ ზრდასთან ერთად ახალი ტერიტორიების ათვისების საჭიროებაც გაჩნდა. შედეგად, Amazon-მა დაიწყო საკუთარი თვითმფრინავების იჯარით გაცემა და 2016 წელს რუფინმა დააარსა Amazon Air-ი, რომელიც კონკურენციას უწევს გადაზიდვების გიგანტებს – UPS-სა და FedEx-ს.
Amazon Air-ის დაფუძნებამდე რაფინი კომპანიის დახარისხების ცენტრების განვითარებაზე მუშაობდა, რაც საშუალებას აძლევდა Amazon-ს, მარტივად გაეკონტროლებინა და დაეჩქარებინა მყიდველისთვის შეკვეთილი პროდუქციის გადაცემის პროცესი. ახლა კი რუფინის ინტერესებში მცირე კომპანიებისთვის ლოგისტიკის რთული ხასიათის გამარტივებაა, რაც მოიცავს დახარისხების, შეფუთვის და გადატანის პროცესებს.
Pandion-ი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მიმდინარე წლის თებერვალში გახდა. კომპანია, რომელიც $4,9 მილიონითაა დაფინანსებული სიეტლში, Amazon-ის სათავო ოფისთან მდებარეობს. Pandion-მა სამშაბათს განაცხადა, რომ მან დამატებით $30 მილიონი მიიღო ინვესტორებისგან, მათ შორის, AME Cloud Ventures-ისგან, რომელსაც Yahoo-ს თანადამფუძნებელი ჯერი იანგი ხელმძღვანელობს და Google-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ერიკ შმიტის კომპანია Innovation Endeavors-სგან.
eMarketer-ის პროგნოზით, ამერიკელი მომხმარებლების მიერ მიმდინარე წელს ონლაინ დახარჯული თანხა $933,3 მილიარდს გაუტოლდება, რაც 2020 წლის მონაცემებზე 17,9%-ით მეტია. სავარაუდოდ, Amazon-ის წილი ონლაინგაყიდვებში 40% იქნება. რაც შეეხება Pandion-ს, მის მომავალ კლიენტებში უკვე შედიან რიგი საცალო ვაჭრობის კომპანიები, მათ შორის Fortune 100-ის წევრებიც.
Pandion-ი ონლაინ საცალო მოვაჭრეებისთვის საწყობების ქსელის შექმნას გეგმავს, უახლოეს თვეებში კი პირველ დახარისხების ცენტრსაც გახსნის და კლიენტებს დაბალბიუჯეტიან, ორდღიან მიწოდების სერვისს შესთავაზებს აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ და შუაატლანტიკურ რეგიონებში. კომპანია დაახლოებით 45 მილიონამდე ადამიანს მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ დღეს მხოლოდ FedEx–ისა და UPS-ის კომპანიებს შეუძლიათ მსგავსი მასშტაბის გადაზიდვების წარმოება. თუმცა ისინი მიწოდებას 40 მილიონ მისამართზე, კვირაში 5 დღის განმავლობაში ახორციელებენ, ელექტრონული კომერციის ამჟამინდელი მოცულობა კი 160 მილიონი მისამართისა და კვირაში შვიდივე დღის ათვისებას მოითხოვს.
Pandion-ის მიზანი მომდევნო სამ-ოთხ წელიწადში 20 დახარისხების ცენტრის ამოქმედებაა. შედარებისთვის, Amazon-ს აქვს სულ მცირე 69 ასეთი ობიექტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიწოდების ქსელი და ლოგისტიკური საკონსულტაციო ფირმა. თუმცა, როგორც რუფინი აცხადებს, კომპანიების, მათ შორის Amazon-ის, FedEx–ისა და UPS-ის სისტემა ჩაკეტილია, მაშინ როდესაც Pandion-ის ტექნოლოგია საშუალებას მისცემს მომხმარებელს, ფრენის დროს მიმართულება შეცვალოს, მაგალითისთვის, ცუდი ამინდის პერიოდში, რაც ადრესატამდე სხვებთან შედარებით შეკვეთილის დროულად მიტანას უზრუნველყოფს.