15 იანვარს, ლონდონში FIFA Football Awards 2023-ი გაიმართა. საუკეთესო ფეხბურთელ მამაკაცად არგენტინელი ლიონელ მესი დასახელდა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელი ქალის ტიტულს აიტანა ბონმატი დაეუფლა.
გამოკითხვაში მონაწილეობას ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები და კაპიტნები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები იღებდნენ.
აღსანიშნავია, რომ აწ უკვე Inter Miami-ის ათიანმა Manchester City-ის ნორვეგიელ ბომბარდირს, ერლინგ ჰალანდს მცირედით აჯობა. ორივე მათგანმა 48 ქულა მოაგროვა, თუმცა უმეტესობისთვის პირველი არჩევანი ლიონელ მესი გამოდგა. მესამე ადგილს 35 ქულით ფრანგი კილიან მბაპე დასჯერდა.
საუკეთესო ფეხბურთელ ქალთა სამეულში მეორე ადგილი – ლინდა კაისედომ, ხოლო მესამე – ჯენი ერმოსომ დაიკავა.
ამავე დაჯილდოებაზე გასული წლის საუკეთესო მეკარე მამაკაცად ბრაზილიელი ედერსონ მორაესი დასახელდა, ხოლო მეკარე ქალებში მერი ერპსი გამოირჩა.
რაც შეეხება მწვრთნელებს, კაცებში პირველ ადგილზე პეპ გვარდიოლაა, ხოლო ქალებში – სარინა ვიგმანი.
უნდა ითქვას ისიც, რომ 2022-23 წლების კარგი სეზონი დაუფასდა ქართველ ხვიჩა კვარაცხელიასაც, რომელიც The Best FIFA Football Awards-ის ათეულში მოხვდა. იტალიური Napoli-ის შემტევმა გამოკითხვაში 7 ქულა მიიღო.
კვარაცხელიასთან ერთად, ათეულში შემდეგი ფეხბურთელები არიან:
- ლიონელ მესი – 48* ქულა;
- ერლინგ ჰალანდი – 48 ქულა;
- კილიან მბაპე – 35 ქულა;
- კევინ დე ბრუინი – 32 ქულა;
- ვიქტორ ოსიმენი – 24 ქულა;
- როდრი – 24 ქულა;
- ხულიან ალვარესი – 21 ქულა;
- ბერნარდო სილვა – 18 ქულა;
- ილქაი გუნდოგანი – 13 ქულა;
- ხვიჩა კვარაცხელია – 7 ქულა.
ცნობისთვის, გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ Napoli-ის მაისურით 12 გოლი გაიტანა, 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა და წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიც გახდა, თუმცა წლევანდელი სეზონი როგორც მთლიანად იტალიური კლუბისთვის, ისე მისთვისაც სირთულეებითაა სავსე. Transfermarkt-ზე მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონი აშშ დოლარია.