ელექტრომობილების მწარმოებელი სტარტაპი Fisker Inc.-ი რომის პაპისთვის ექსკლუზიური ელექტრომობილის შექმნაზე მუშაობს. კომპანიის CEO, ჰენრიკ ფისკერი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე უკვე შეხვდა ფრანცისკე I-ს და SUV-ის ტიპის მოდიფიცირებულ ელექტრომობილს პაპს მომავალ წელს გადასცემენ.
„წავიკითხე, რომ პაპი ფრანცისკე დიდი ყურადღებით ეკიდება გარემოს და მომავალი თაობების ცხოვრებაზე კლიმატის ცვლილების გავლენას – სწორედ ამან შთამაგონა მისთვის ექსკლუზიური ელექტრომობილის შექმნა“, – განაცხადა ფისკერმა.
პაპისთვის განკუთვნილი Fisker-ის ელექტრომობილი Ocean SUV-ის მოდელის მოდიფიცირებული ვერსია იქნება. ჰენრიკ და გეტა ფისკერებმა ფრანცისკე პირველს ვატიკანში შეხვედრაზე მანქანის ვიზუალიზაციაც წარუდგინეს – ელექტრომობილის უკანა ნაწილზე დამონტაჟებული იქნება მინის კაბინა, რაც პაპს საჯარო ვიზიტებისას ხალხთან მისალმების საშუალებას მისცემს.
ცნობისთვის, რომის პაპი ოფიციალური ვიზიტებისა და ცერემონიებისას „მერსედეს ბენცის“ წარმოებული ისეთი ავტომობილებით სარგებლობდა, რომლებიც სათანადო ჯავშნითა და ტყვიაგაუმტარი მინებით იყო აღჭურვილი. ამასთან, ცოტა ხნის წინ „მერსედეს ბენცმა“ პაპისთვის ჰიბრიდული ავტომობილიც ააწყო. ამ ეტაპზე უცნობია, როგორ გამოიყენებს ვატიკანი Finsker Inc.-ის ავტომობილს. წმინდა საყდრის პრესსამსახური აღნიშნულ კითხვებზე ჯერჯერობით არ პასუხობს.
ჰენრიკ ფისკერი ცნობილია „ასტონ მარტინის“ სხვადასხვა მოდელის, BMW-ის Z8 მოდელის დიზაინის შექმნით და „ტესლასთან“ ხანმოკლე თანამშრომლობით. მან „ტესლა“ საკუთარი ავტომობილების წარმოების განვითარების მოტივით დატოვა. Fisker Automotive-ში მან სპორტული ჰიბრიდული მანქანის, „Karma“-ს დიზაინი შეიმუშავა, თუმცა კომპანიას პრობლემები შეექმნა ავტომობილის ელემენტებთან დაკავშირებით და კომპანია საბოლოოდ გაკოტრდა.
რაც შეეხება Fisker Inc.-ს, რომელიც რომის პაპის ელექტრომობილზე იმუშავებს, ჰენრიკ ფისკერმა ის 2016 წელს დააფუძნა. თავდაპირველად ფისკერი ელექტრული სპორტული ავტომობილის პროექტზე მუშაობდა, თუმცა იდეა მალევე დაივიწყა და SUV ტიპის ელექტრომობილების წარმოებაზე გადაერთო. სწორედ ამ ავტომობილის მოდიფიცირებულ ვერსიას მიიღებს პაპი 2022 წელს.
დატოვე კომენტარი