სარეიტინგო სააგენტო Fitch ქართულ ბანკებს აფასებს. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საბანკო სექტორი ფასს 9-ის (IFRS 9) სტანდარტით არის შეფასებული.
ფასს 9-ის სტანდარტის დანერგვა ეროვნულმა ბანკმა გასული წლიდან დაიწყო. ფასს 9-ის მიხედვით მოითხოვება, რომ საკრედიტო დანაკარგები აღირიცხოს მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის (expected credit losses) საფუძველზე.
Fitch აღნიშნავს, რომ საბანკო სექტორი ნაწილობრივ უკვე გადავიდა ფასს 9-ის შეფასების მეთოდზე.
სარეიტინგო სააგენტომ ჯამში 10 ბანკის მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლებზეც სექტორის მთლიანი საკრედიტო პორტფელის 98% და აქტივების 93% მოდის.
“ქართული საბანკო სექტორის პროგნოზი სტაბილურია. ველით, რომ ახლად წარმოქმნილი პრობლემური სესხების მოცულობა მცირე იქნება, რაც უმეტესად გამკაცრებული მარეგულირებელი სტანდარტების დამსახურებაა. ამასთან საბანკო სექტორზე დადებითად იმოქმედებს ეკონომიკური ზრდის დადებითი პროგნოზი”, – აღნიშნავს Fitch.
თუმცა, სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ საკრედიტო და გადახდისუნარიანობის მაჩვენებლები კვლავ მგრძნობიარე რჩება სავალუტო ცვლილებების მიმართ. მიზეზად სასესხო პორტფელის მაღალი დოლარიზაცია სახელდება. კერძოდ კი 2018 წლის ბოლოს მთლიანი საკრედიტო პორტფელის 57% უცხოურ ვალუტაში იყო დენომინირებული, მათი უმეტესობა კი არაჰეჯირებულია.
რაც შეეხება უშუალოდ ფასს 9 სტანდარტის დანერგვას, Fitch აღნიშნავს, რომ ახალ სტანდარტზე გადასვლას ბანკების ფინანსურ ანგარიშგებებში უმნიშვნელო გავლენა ჰქონდა. სააგენტო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა ბანკმა მომავალში, შესაძლოა ბანკებისთვის კაპიტალის მოთხოვნის სტანდარტებიც ფასს 9 მეთოდით დააწესოს.
ფასს 9-ის მიხედვით საკრედიტო რისკების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საპროგნოზო ინფორმაციის ანალიზს. კერძოდ, მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მაკროეკონომიკური და ფინანსური ფაქტორების ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციები და რისკები.
ბანკების რისკის პოზიცია სამი სტადიის მიხედვით ფასდება. ე.წ. მესამე სტადიაში შედის უმოქმედო და პრობლემური სესხები. Fitch მიხედვით საბანკო სექტორში 2018 წლის ბოლოს მსგავსი სესხების მოცულობა დაბალ ნიშნულზე – 6%ზე იყო. თუმცა ზოგიერთ ბანკში მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო. ასე მაგალითად, ქართუ ბანკში – 39%.
ბანკების სესხების კლასიფიკაცია ფასს 9 სტანდარტით შემდეგია:
დატოვე კომენტარი