რამდენად დიდი? ბოლო სტარტაპი, რომლის საბჭოშიც მაიკლ მორიცი და ჯონ დოერი ერთად მუშაობდნენ, Google-ი იყო.
ფარად მოჰიტს პანიკა არ აუტეხია (მანამდეც შეუქმნია და გაუყიდია ორი ვებგვერდი), მაგრამ 2013 წლის მიწურულს ანტრეპრენიორი მიხვდა, რომ თებერვლისთვის სტარტაპის ბიუჯეტი ამოიწურებოდა. შობამდე ორი დღით ადრე მისმა ცოლმა მეორე შვილი სახლში გააჩინა (თანაც, ბებიაქალი საცობში მოჰყვა). ფარადმა ცოლს სიტყვა მისცა, რომ კომპანიას ფული თუ გაუთავდებოდა, ფირმის გადასარჩენად საკუთარ რესურსებს აღარ დააბანდებდა.
საქმე არც ისე მძიმედ იყო, როგორც მოჰიტის საბანკო ანგარიში აჩვენებდა. სტარტაპი ფლობდა აპლიკაცია Flipagram-ს, რომელიც ხალხს საშუალებას აძლევს, Flip-ები შექმნას, ანუ, ვიდეოების, ფოტოების, ტექსტებისა და მუსიკის 30-წამიანი მონაკვეთების კომბინაცია. ოქტომბრიდან აპლიკაცია რამდენჯერმე განაახლეს და უფასოც კი გახადეს, რის შემდეგაც აპლიკაციების მაღაზიებში Flipagram-ის პოპულარობა მატულობდა. მოჰიტის შვილის გაჩენამდე Flipagram-მა 87 ქვეყანაში iPhone-ისთვის გადმოწერილ აპლიკაციებს შორის პირველ ადგილს მიაღწია. ვიდრე მოჰიტი ახალ ინვესტორებთან დაკავშირებას მოასწრებდა, Sequoia Capital-მა თავად დაურეკა. დაკავებულ მოჰიტს შეხვედრის იანვარში გადადება მოუწია. Sequoia-ს წარმომადგენლებმა, მილიარდერმა მაიკლ მორიცმა და ტიმ ლიმ მოჰიტს ლოს-ანჯელესის სახლში (რომელიც Flipagram-ის ოფისის ფუნქციასაც ითავსებდა) ჩააკითხეს. მოჰიტი სტუმრებს შინ დამზადებული სპარსული ლანჩით გაუმასპინძლდა. თებერვალში Sequoia-მ, Kleiner Perkins Caufeld & Byers-მა და Index Ventures-მა ერთად $70 მილიონი დააბანდეს.
ისინი ახალი სოციალური ზრდის მონსტრს ეძებდნენ. 2014 წლისთვის Flipagram-ს თვეში 30 მილიონი მომხმარებელი ემატებოდა. Facebook-ს ამისთვის სამი წელი დასჭირდა, Snapchat-ს – ორი. Flipagram-მა ეს ერთ წელიწადში მოახერხა. აპლიკაცია აშშ-ში ახლაც iOS-ისთვის ჩამოტვირთულ ფოტო- და ვიდეოაპლიკაციების წამყვან ათეულშია. 2014 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, 2015 წლის იმავე მონაკვეთში გაკეთებული Flip-ების რაოდენობა 165%-ით გაიზარდა. მუსიკალურ ლეიბლებს „სჯერათ, რომ Flipagram-ი Twitter-ის მსგავსი ან რაიმე უფრო მაღალი დონის კომპანია გახდება, რომელიც მედიის შექმნისა და გაზიარების საშუალებას იძლევა, – ამბობს საბჭოს წევრი ჯონ დოერი Kleiner Perkins-იდან. – ფარადი ინოვატორია“.
Flipagram-ის მთავარი მიგნება ის გახლდათ, რომ ადამიანებს სურთ, ვიდეოები უფრო სწრაფად შეექმნათ, ვიდრე ეს YouTube-ზე დაპოსტვისთვისაა საჭირო, და თან უფრო მეტი შემოქმედებითი თავისუფლებითა და სიღრმით, ვიდრე ეს Twitter-ის Vine-ით ან Facebook-ის Instagram-ითაა შესაძლებელი. „ეს ადამიანის ბუნებაა, – ამბობს მოჰიტი. – ყველას აქვს რაღაც მოსაყოლი ამბავი“. Flipagram-ი იმით გამოირჩევა, რომ ის ადამიანებს ათეულობით მილიონი სიმღერიდან 30-წამიანი (დეკემბრიდან – 60-წამიანი) ფრაგმენტების არჩევასა და ვიდეოებზე დადების საშუალებას აძლევს. მოჰიტმა $70 მილიონის ნაწილი თითქმის ყველა გავლენიან ხმისჩამწერ სტუდიასა და გამომცემელთან დადებულ სალიცენზიო ხელშეკრულებებში დახარჯა. Instagram-ის აპლიკაციით ვიდეოზე მუსიკას ვერ დაადებ. Vine-ის შემთხვევაში კი მუსიკის არჩევანი საკმაოდ მწირია. Flipagram-ში, ასევე, მთლიანი სიმღერის iTunes-ისგან ან Spotify-სგან ყიდვა შეგიძლიათ.
გასაკვირი არაა, რომ Flipagram-ით მუსიკოსებიც დაინტერესდნენ. მაგალითად, გარტ ბრუკსმა დედის დღის აღსანიშნავად ვიდეო დაპოსტა და ერთ შაბათ-კვირას 17,000 მოწონება, კომენტარი და გაზიარება დააგორვა. იდენტურმა Flip-მა Facebook-ზე მხოლოდ 10,000 ასეთი გამოხმაურება მოიპოვა, Instagram-ზე – 8,000. თან ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ ბრუკსს Facebook-ზე 66-ჯერ მეტი მიმდევარი ჰყავდა, Instagram-ზე კი 5-ჯერ მეტი. ბრიტნი სპირსი ახალ Flip-ში მანქანაში შვილებთან ერთად ცეკვავს. ვიდეომ ნახევარი მილიონი ნახვა დაიმსახურა.
Flipagram-ზე სერიოზულ მასალასაც იპოვით, მაგალითად, პარიზის ტერორისტული შეტევებისადმი მიძღვნილ ვიდეოებს, თუმცა Flip-ების უმეტესობა მაინც მოგზაურობებს, ოთახში მოცეკვავე თინეიჯერებსა და “როგორ გავაკეთოთ”-ტიპის მასალას წარმოადგენს. ზოგი მომხმარებელი – ე.წ. Flipstar-ი – ძაღლებსა და ოჯახზე გაკეთებული ვიდეოებით მილიონზე მეტ ნახვას აგროვებს. მორიცის თქმით, „Flipagram-ს რომ უყურებ, იაზრებ, რა მცირე აუდიტორია ჰყავს ამერიკულ ტელევიზიას“.
მოჰიტი 46 წლის ირანელი ემიგრანტია, ჭაღარაშერეული წვერითა და კუპრივით შავი თმით და ამ მუდმივად მზარდ სამეფოს სანტა-მონიკას ბულვარიდან, ლოს-ანჯელესიდან, საკუთარი მოკრძალებული ოფისიდან ადევნებს თვალს. დედისაგან მემკვიდრეობით მიღებული ვინილებით დატვირთული ორი სკივრი კედელზე, რამდენიმე დასაკიდად გამზადებული სურათის გვერდით, მიუყუდებიათ. „აპლიკაცია შევქმენით იმისთვის, რომ ადამიანებს ამბის მასობრივად, ვიზუალურად გავრცელების საშუალება ჰქონოდათ. ყველა მამაკაცს, ქალსა და ბავშვს უნდა შეეძლოს მისი გამოყენება, – ამბობს მოჰიტი; ის სწრაფად და დაჟინებით საუბრობს. – წერა-კითხვის უნარიც კი არაა საჭირო, მხოლოდ მობილურზე დაწკაპუნება უნდა იცოდნენ. მე მაინტერესებს სექსუალური მუშაკის ცხოვრება, სექსუალური მუშაკის თვალით დანახული“.
მოჰიტი 9 წლის იყო, თეირანის რევოლუციას რომ გამოექცა და ოჯახთან ერთად საფრანგეთსა და ინგლისს რომ შეაფარა თავი, ბოლოს კი სამხრეთ კალიფორნიაში დასახლდა. მოჰიტმა კალიფორნიის უნივერსიტეტში, ლოს-ანჯელესში, მათემატიკისა და გამოყენებითი მეცნიერებების სწავლა დაიწყო. კონსულტანტად მუშაობის შემდეგ Wharton-ის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრიც გახდა. 1996 წელს, უნივერსიტეტის დამთავრებამდე, სასკოლო პროექტი მოჰიტის პირველ კომპანიად გადაიქცა: BizRate, ბიზნესის რეიტინგების პირველი ვებგვერდი, რომელმაც შემდეგ საცალო გაყიდვის შვილობილი საიტი, Shopzilla, შექმნა. ეს უკანასკნელი ფასების შედარების ფუნქციის წყალობით ერთ-ერთი უდიდესი შოპინგ-საძიებო სისტემად იქცა. მოჰიტმა ე.წ. დოთკომის ბუშტის პერიოდში მალევე გახადა საიტები მოგებიანი და ორივე ერთად 2005 წელს Scripps-ს $525 მილიონად მიჰყიდა.
მოჰიტმა რამდენიმე წარუმატებელი სოციალური მედიის აპლიკაციაც შექმნა (და, ძირითადად, თავადვე დააფინანსა). როდესაც აქედან უკანასკნელიც – პოზიტიურობის აპლიკაცია Cheers-იც – ჩავარდა, მოჰიტმა სამუშაო ჯგუფს განუცხადა, რომ იდეები გამოელია. ტექნოლოგიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ბრაიან დილიმ, მოჰიტი ჯოშ ფელდმანსა და რაფ ბაგუმიანს გააცნო, რომლებმაც 99-ცენტიანი iOS აპლიკაცია, Flipagram-ი, თავისუფალ დროს, ციფრული რეკლამის სააგენტოში სრული განაკვეთით მუშაობის პირობებში, შექმნეს. ოთხეული 2013 წლის სექტემბერს სუშის რესტორანში, Studio City-ში შეხვდა. ერთმანეთს მაშინვე შეეწყვნენ. რამდენიმე კვირაში მოჰიტმა Flipagram-ი იყიდა (ფასი დღემდე უცნობია). შემდეგ თვეში თანადამფუძნებელთა ოთხეულმა აპლიკაცია უფასო გახადა, მისი ინტერფეისი გაამარტივა და ყველა ვიდეოს Flipagram-ის ბრენდირებული გამჭვირვალე ნიშანი დაადო. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო: აპლიკაციის გადმოწერისა და Flip-ების რაოდენობა გაიზარდა და კომპანიას პირველი, $70-მილიონიანი ვენჩურული დაფინანსება მოუტანა.
მოჰიტმა ოქტომბერში Flipagram-ის 17 თანამშრომელი (მთლიანი შტატის 20%) გაათავისუფლა (რასაც სწრაფად მზარდი სტარტაპები ხშირად არ აკეთებენ) და ბევრი უსიამოვნო კითხვისთვისაც მოუწია პასუხის გაცემა. მისი თქმით, დათხოვნის მიზეზი, ძირითადად, პროდუქტის ავტომატიზებული ტესტირება იყო. კომპანიასთან ახლოს მყოფმა პირმა მომხმარებლების შეკავების უუნარობა, მაღალი სამართლებრივი გადასახადები და მუსიკის ლიცენზიის ხარჯები ახსენა. Flipagram-მა ეს ვერსია უარყო, თუმცა სხვა კომენტარი არ გაუკეთებია. სამაგიეროდ, კომპანია ადასტურებს, რომ მის უკანასკნელ მონაცემთან – 33 მილიონთან -შედარებით, მომხმარებელთა რიცხვი კიდევ გაიზარდა.
მოჰიტი ამბობს, რომ მთავარია, ვიდეოების შემქმნელი აპლიკაცია ნამდვილ სოციალურ ქსელად გადაიქცეს და შეიქმნას რელევანტურობის ალგორითმი, რომელიც მომხმარებელს სწორ Flip-ებს სწორ დროს აჩვენებს. შემოსავალი მეორეხარისხოვანია. სტარტაპს ცოტა ფული შესდის ერთჯერადი $1.99-იანი გადასახადისგან, რომელსაც მომხმარებელი Flipagram-ის გამჭვირვალე სიმბოლოს მოშორებისთვის იხდის, და iTunes-ზე გაყიდული სიმღერების საშუამდგომლო გადასახადებისგან იღებს შემოსავალს. Flipagram-ს Facebook-ი და Twitter-იც ნიშანში ამოიღებენ (ან ყიდვასაც შეეცდებიან) და მოჰიტს ახალი აპლიკაციებისთვისაც (მაგალითად, Musical.ly და Dubsmash-ი) მოუწევს კონკურენციის გაწევა. “ეს დიდი მომავლის დასაწყისია, – ამბობს მოჰიტი. – წინ რთული გზა გველის”.
დატოვე კომენტარი