გახშირებული ტრავმების მიუხედავად, მსოფლიოს ტოპ 10-მა ჩოგბურთელმა გასული 12 თვის განმავლობაში 320 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. US Open-ს ამჯერად ჩოგბურთის ყველაზე ცნობილი სახეები: როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი და სერენა ვილიამსი ვერ შეუერთდებიან, თუმცა ამას მათ მიერ გამომუშავებულ თანხებზე დიდი გავლენა არ ექნება.
Forbes-ის დათვლებით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელების სიაში როჯერ ფედერერი ლიდერობს. როგორც ჩანს, ჩოგბურთელმა ბოლო 12 თვის განმავლობაში 90.6 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო. თუმცა, საინტერესოა, რომ ამ თანხიდან მხოლოდ 1 მილიონ დოლარზე ნაკლებია გამომუშავებული საკუთრივ ჩოგბურთიდან.
რეიტინგის მეორე ადგილს იაპონელი ჩოგბურთელი, ნაომი ოსაკა იკავებს. მან გასულ წელს ჯამურად 60.1 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო, თუმცა ფედერერის მსგავსად, აღნიშნული თანხის 90% კორტებს მიღმა საქმიანობით მიიღო.
სიის მესამე ადგილზე კიდევ ერთი ქალი ჩოგბურთელი, სერენა ვილიამსი იმყოფება, რომელიც ამჟამად მძიმე ტრავმის მოშუშების პროცესშია. ფორბსის ინფორმაციით, მან გასულ წელს 41.8 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.
სერენა ვილიამსს სიაში მოჰყვება სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომლის მონაგარიც 38 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება რაფაელ ნადალს, მან წინა წელს 27 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო ფეხის მძიმე ტრავმის მიუხედავად, რომლის გამოც სპორტსმენი კორტებს 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდება.
ჯამში, სპორტსმენების მიერ გამომუშავებული თანხა 6%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე მაჩვენებელზე, რომელიც 340 მილიონი აშშ დოლარის ტოლი იყო.
დატოვე კომენტარი