Forbes-მა 2021 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის წლევანდელი რეიტინგი მოიცავს გასული წლის 30 ოქტომბრიდან 2021 წლის 30 ოქტომბრამდე, გაყიდვებიდან, სტრიმინგებიდან და ლიცენზირების გარიგებებიდან მიღებულ შემოსავლებს. Forbes-ის რეიტინგის ცამეტი წარმომადგენლის საერთო ქონება კი $1 მილიარდს უტოლდება.
„ჩარლი და შოკოლადის ქარხნის“ ავტორი როალდ დალი, $513-მილიონიანი ქონებით გამოცემის რეიტინგის სათავეშია. სექტემბერში დალის გარდაცვალებიდან 31 წლის შემდგომ, Netflix-მა Roald Dahl Story Company-ის $684 მილიონი გადაუხადა. 2018 წელს კომპანიასა და უმსხვილეს სტრიმინგპლატფორმას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შემდგომ, Netflix-ი სრულად აკონტროლებს დალის 300 მილიონზე მეტ წიგნს, რომელთაც კინოსალაროებში $1 მილიარდზე მეტის მოგება მიიღეს. დალის ნაწარმოებებზე დაყრდნობით, კომპანია ვიდეოთამაშების, ცოცხალი თეატრისა და სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტის შექმნას გეგმავს.
Forbes-ის რეიტინგში მეორე ადგილს $120-მილიონით პრინსი იკავებს. მისი შთამომავლების მხრიდან, მომღერლის ქონების 43%-ის გაყიდვის შემდგომ, რაც მისი ჰიტების კატალოგსაც მოიცავს, Prince-ის ქონება $108 მილიონით გაიზარდა და მან რეიტინგში მეათიდან მეორე პოზიციაზე გადმოინაცვლა.
აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილი $75 მილიონით, რეიტინგის ბოლო 7 წლის ლიდერმა, მაიკლ ჯექსონმა დაიკავა. მომღერალი Forbes-ის რეიტინგის ლიდერობას ზედიზედ 2013-2020 წლებში არ თმობდა. რეიტინგის ხუთეულს $40 მილიონით Peanuts-ის შემქმნელი ჩარლზ შულცი და $35 მილიონით „როგორ მოიპარა გრინჩმა შობის“ ავტორი დოქტორი სიუზი ასრულებენ.
Forbes-ის 2021 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:
- როალდ დალი – $513 მილიონი.
- Prince – $120 მილიონი.
- მაიკლ ჯექსონი – $75 მილიონი.
- ჩარლზ შულცი – $40 მილიონი.
- დოქტორი სიუზი – $35 მილიონი.
- ბინგ კროსბი – $33 მილიონი.
- ელვის პრესლი – $30 მილიონი.
- არნოლდ პალმერი – $27 მილიონი.
- გერი გოფინი – $23 მილიონი.
- ლუთერ ვანდორსი – $21 მილიონი.
- ბობ მარლი – $16 მილიონი.
- JUICE WRLD – $15 მილიონი.
- ჯონ ლენონი – $12 მილიონი.