სპორტის და კერძოდ, ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღება ამჟამად კატარისკენაა მიმართული, სადაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ამერიკული Forbes-ის დათვლებით, კატარს ტურნირის მასპინძლობა, რომელიც შუა აღმოსავლეთში პირველად იმართება, 229 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა.
ცოტა ხნის წინ, გამოცემამ წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე ხუთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელის რეიტინგი გამოაქვეყნა. მონაცემები Forbes-ის 2022 წლის მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების რეიტინგს ეყრდნობა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მოთამაშეებს მუნდიალზე ასპარეზობით შემოსავლის კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობა აქვთ.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში შემავალი ხუთივე მოთამაშე სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენს. Forbes-ის შეფასებით, საერთო ჯამში ისინი მიმდინარე სეზონში 452 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებენ, მათ შორის $173 მილიონს მოედნის გარეთ აქტივობის წყალობით. თუ რომელიმე მათგანის ეროვნული ნაკრები ჩემპიონატის პლეიოფამდე მიაღწევს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისინი შემოსავლის გაზრდას შეძლებენ, თუმცა არც ისე მნიშვნელოვნად.
მაგალითად, საფრანგეთმა 2018 წელს მსოფლიო თასის მოგებისთვის საპრიზო თანხის სახით 38 მილიონი აშშ დოლარი მიიღო და 23 მოთამაშეზე 11 მილიონი აშშ დოლარი გადაანაწილა, რაც საშუალოდ ფეხბურთელზე დაახლოებით 480,000 აშშ დოლარს უდრის. FIFA-მ 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატისთვის $440-მილიონიანი საპრიზო ფონდი გამოყო. აქედან გამარჯვებული ქვეყნის ნაკრებს 42 მილიონი აშშ დოლარი გადაეცემა.
წარმოგიდგენთ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების რეიტინგს, რომელიც ამერიკულმა Forbes-მა შეადგინა:
- კილიან მბაპე (საფრანგეთი) – $128 მილიონი
მოედანზე გამომუშავებული თანხა: $110 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $18 მილიონი
- ლიონელ მესი (არგენტინა) – $120 მილიონი
მოედანზე გამომუშავებული თანხა: $65 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $55 მილიონი
- კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) – $100 მილიონი
მოედანზე გამომუშავებული თანხა: $40 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $60 მილიონი
- ნეიმარი (ბრაზილია)– $87 მილიონი
მოედანზე გამომუშავებული თანხა: $55 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $32 მილიონი
- რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი)– $35 მილიონი
მოედანზე გამომუშავებული თანხა: $27 მილიონი
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $8 მილიონი
დატოვე კომენტარი