ამერიკულმა Forbes-მა 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის შეფასებით, რეიტინგში მოხვედრილი ორმოცდაათი სპორტსმენის მიერ გამომუშავებული ჯამური თანხა, გასული წლის რეკორდული $2.97 მილიარდიდან 16%-ით გაიზარდა და ყველა დროის ახალ მაქსიმუმს, $3.44 მილიარდს (გადასახადების გარეშე) მიაღწია. რეიტინგის ლიდერი „ალ-ნასარის“ პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც ფეხბურთში მისი მთავარი კონკურენტი, ლიონელ მესი მოჰყვება მეორე ადგილით.
ნაწილობრივ სპორტულ ინდუსტრიაში ახლო აღმოსავლეთიდან გაზრდილი დაფინანსების წყალობით, მიმდინარე წელს სპორტსმენებმა, მოედანსა და მის ფარგლებს გარეთ, კოლექტიურად რეკორდული თანხის გამომუშავება მოახერხეს. ორმოცდაათმა ყველაზე მაღალშემოსავლიანმა სპორტსმენმა მოედანზე ჯამურად $2.36 მილიარდი, ხოლო მის ფარგლებს გარეთ, $1.08 მილიარდი გამოიმუშავა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ექვსი სპორტსმენი, მათ შორის რონალდუ, ფედერერი, ჯეიმსი, მესი, ვუდსი და კარი გამოცემის რეიტინგში მხოლოდ მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხის საშუალებითაც კი მოხვდებოდა.
Forbes-ის 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების რეიტინგში $100-მილიონიანი ნიშნულის გადალახვა ჯამში რვა სპორტსმენმა შეძლო. აქამდე წლიური შემოსავლით, $100-მილიონიანი ზღვარი მხოლოდ სამ სპორტსმენს, კრიშტიანუ რონალდუს, ლიონელ მესისა და ლებრონ ჯეიმსს ჰქონდათ გადალახული. წლევანდელი რეიტინგით მათ რიგებს კილიან მბაპე, კანელო ალვარესი, დასტინ ჯონსონი, ფილ მიკელსონი და სტეფენ კარი შეუერთდნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის რეიტინგში მამაკაცები დომინირებენ – სიაში ქალების ერთადერთი წარმომადგენელი, სერენა უილიამსი მოხვდა. გასული 12 თვის მონაცემებით, ჩოგბურთის ვარსკვლავმა $45 მილიონზე მეტის გამომუშავება შეძლო და რეიტინგში 49-ე ადგილი დაიკავა.
გამოცემის მიმდინარე წლის რეიტინგი ჯამში სპორტის რვა სხვადასხვა სახეობას აერთიანებს. ყველაზე მეტი, 15 სპორტსმენით რეიტინგში „ეროვნული საკალათბურთო ასოციაციაა“ (NBA) წარმოდგენილი, რომელსაც შარშანდელთან შედარებით არნახული მატებით, გოლფი მოსდევს. საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი LIV Golf-ის წყალობით, მიმდინარე წლის რეიტინგში გოლფის 12 მოთამაშეს შევხვდებით, მაშინ როდესაც მათი რიცხვი გასულ წელს სულ რაღაც სამს შეადგენდა. სპორტული სახეობების მიხედვით რეიტინგი შემდეგნაირად ნაწილდება: NBA (15), გოლფი (12), ამერიკული ფეხბურთი (10), ფეხბურთი (6), კრივი (2), ფორმულა 1 (2), ჩოგბურთი (2) და ბეისბოლი (1).
რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენი Manchester City-ის 22 წლის ფორვარდი ერლინგ ჰაალანდია. რეიტინგში 16 სპორტსმენი 30 წლამდე, ხოლო ხუთი 25 წლამდე ასაკისაა. ორმოცდაათეულის საშუალო ასაკი 33 წელია, ორმოცდაათეულს შორის კი ყველაზე ხანდაზმული გოლფის 52 წლის ვარსკვლავი, ფილ მიკელსონია.
2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების რეიტინგი:
- კრიშტიანუ რონალდუ – $136 მილიონი (ფეხბურთი)
- ლიონელ მესი – $130 მილიონი (ფეხბურთი)
- კილიან მბაპე- $120 მილიონი (ფეხბურთი)
- ლებრონ ჯეიმსი – $119.5 მილიონი (კალათბურთი)
- კანელო ალვარესი– $110 მილიონი (კრივი)
- დასტინ ჯონსონი– $107 მილიონი (გოლფი)
- ფილ მიკელსონი – $106 მილიონი (გოლფი)
- სტეფენ კარი – $100.4 მილიონი (კალათბურთი)
- როჯერ ფედერერი – $95.1 მილიონი (ჩოგბურთი)
- კევინ დურანტი – $89.1 მილიონი (კალათბურთი)
- იანის ანტეტოკუნმპო – $87.6 მილიონი (კალათბურთი)
- ნეიმარი – $85 მილიონი (ფეხბურთი)
- რასელ უილსონი – $85 მილიონი (ამერიკული ფეხბურთი)
- რასელ უესტბრუკი – $82.1 მილიონი (კალათბურთი)
- რორი მაკილროი – $80.8 მილიონი (გოლფი)
- ტაიგერ ვუდსი – $75.1 მილიონი (გოლფი)
- კამერონ სმიტი – $73 მილიონი (გოლფი)
- ბრუქს კოეპკა – $72 მილიონი (გოლფი)
- კაილერ მიურეი – $70.5 მილიონი (ამერიკული ფეხბურთი)
- ბრაისონ დეჩამბო – $69 მილიონი (გოლფი)
- ლუის ჰემილტონი -$65 მილიონი (ფორმულა)
- მაქს ვერსტაპენი – $64 მილიონი (ფორმულა)
- კლეი ტომპსონი – $60.9 მილიონი (კალათბურთი)
- პატრიკ მაჰომესი – $59.3 მილიონი (ამერიკული ფეხბურთი)
- დემიან ლილარდი – $58.6 მილიონი (კალათბურთი)
- მაქს შერცერი – $56.7 მილიონი (ბეისბოლი)
- ჯეიმს ჰარდენი – $55.1 მილიონი (კალათბურთი)
- ენტონი ჯოშუა – $53 მილიონი (კრივი)
- ჯონ რამი – $53 მილიონი (გოლფი)
- აარონ როჯერსი – $53 მილიონი (ამერიკული ფეხბურთი)
- მოჰამედ სალაჰი – $53 მილიონი (ფეხბურთი)
- ერლინგ ჰაალანდი – $52 მილიონი (ფეხბურთი)
- პატრიკ რიდი – $52 მილიონი (გოლფი)
- პოლ ჯორჯი – $51.5 მილიონი (კალათბურთი)
- კავაი ლეონარდი – $50.5 მილიონი (კალათბურთი)
- ბრედლი ბილი – $49.8 მილიონი (კალათბურთი)
- დერეკ კარი – $48.9 მილიონი (ამერიკული ფეხბურთი)
- ორლანდო ბრაუნი – $48.6 მილიონი (ამერიკული ფეხბურთი)
- აარონ დონალდი – $48.5 მილიონი (ამერიკული ფეხბურთი)
- ენტონი დევისი – $48 მილიონი (კალათბურთი)
- ჯიმი ბატლერი – $47.8 მილიონი (კალათბურთი)
- ჯონ უოლი – $47.8 მილიონი (კალათბურთი)
- ჯორდან სპიტი – $47.5 მილიონი (გოლფი)
- ლუკა დონჩიჩი – $47.2 მილიონი (კალათბურთი)
- სკოტი შეფლერი – $47.1 მილიონი (გოლფი)
- სერხიო გარსია – $46 მილიონი (გოლფი)
- დაკ პრესკოტი – $46 მილიონი (ამერიკული ფეხბურთი)
- დეშონ უოტსონი – $45.8 მილიონი (ამერიკული ფეხბურთი)
- სერენა უილიამსი – $45.3 მილიონი (ჩოგბურთი)
- ტომ ბრედი – $45.2 მილიონი (ამერიკული ფეხბურთი)