Forbes: 2023 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

Forbes: 2023 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

ამერიკულმა Forbes-მა 2023 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ გასული წელი ჰოლივუდის ისტორიაში „ბარბენჰაიმერის“ წლად დარჩება, ყველაზე ანაზღაურებადი მსახიობის ტიტული წლევანდელ სიაში არც მარგო რობის ეკუთვნის და არც კილიან მერფის. Forbes-ის რეიტინგში პირველი ადგილი 57 წლის მსახიობმა, ადამ სენდლერმა დაიკავა. სენდლერმა, 2023 წლის განმავლობაში, საერთო ჯამში $97 მილიონი გამოიმუშავა.

ოსკარის 96-ე დაჯილდოება 10 მარტს გაიმართება. წლევანდელი ღონისძიების ძირითად კატეგორიებში ფავორიტად „ოპენჰაიმერია“ მიჩნეული, მათ შორის მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებელი (კილიან მერფი),  მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი (რობერტ დაუნი უმცროსი), საუკეთესო რეჟისორი (კრისტოფერ ნოლანი) და საუკეთესო ფილმი. „ოპენჰაიმერმა“ სალაროებში $1 მილიარდი გამოიმუშავა, წლის მეორე ბლოკბასტერმა „ბარბიმ“ კი – $1.4 მილიარდი.

თუმცა, როგორც Netflix-ის წლიური ანგარიში აჩვენებს, სტრიმინგსერვისის მომხმარებელთა დიდი ნაწილი ასტრონომიულ დროს სწორედ სენდლერის ფილმების ყურებაში ატარებდა.

2014 წელს სტრიმინგის კომპანიასთან გაფორმებული პირველი $250-მილიონიანი გარიგების შემდეგ, სენდლერმა Netflix-თან დამატებით რვა ფილმზე, მათ შორის მისი კომპანია Happy Madison-ის საშუალებით, პროდიუსერის როლშიც ითანამშრომლა. მხოლოდ 2023 წლის საწყისი ექვსი თვის განმავლობაში Netflix-ის მომხმარებლებმა 500 მილიონ საათზე მეტი გაატარეს სენდლერის ფილმების ყურებაში. ჯამში, ფილმებისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 44 სტენდ-აპ-კომედი შოუს წყალობით, სენდლერმა გასულ წელს ჯამში $97 მილიონი, ხოლო გადასახადების გამოკლებით $73 მილიონი გამოიმუშავა.

საერთო ჯამში, გასული წლის ათმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მსახიობმა $449 მილიონი გამოიმუშავა. შემოსავლის უმეტესი ნაწილი ფილმებიდან მოდის და არა ტელევიზიიდან, ნაწილობრივ ჰოლივუდში რეჟისორებისა და მსახიობების გაფიცვის გამო, რაც დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში გაგრძელდა და ახალი სეზონების გამოშვებაც შეაფერხა.

რეიტინგის მეორე ადგილზე „ბარბის“ ვარსკვლავი მარგო რობია, რაიან გოსლინგი კი სიის მეოთხე ადგილს იკავებს. 33 წლის ასაკში, მარგო რობი, ბოლო ათწლეულების ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერია. დანარჩენი ცხრის საშუალო ასაკი კი 52 წელს აღემატება.

წარმოგიდგენთ Forbes-ის რეიტინგის ათეულს:

  1. ადამ სენდლერი – $73 მილიონი (გადასახადების გადახდამდე $97 მილიონი)
  2. მარგო რობი – $59 მილიონი (გადასახადების გადახდამდე $78 მილიონი)
  3. ტომ კრუზი – $45 მილიონი (გადასახადების გადახდამდე $53 მილიონი)
  4. რაიან გოსლინგი – $43 მილიონი (გადასახადების გადახდამდე $50 მილიონი)
  5. მეთ დეიმონი – $43 მილიონი (გადასახადების გადახდამდე $50 მილიონი)
  6. ჯენიფერ ენისტონი – $42 მილიონი (გადასახადების გადახდამდე $56 მილიონი)
  7. ლეონარდო დიკაპრიო – $41 მილიონი (გადასახადების გადახდამდე $48 მილიონი)
  8. ჯეისონ სტეტჰემი – $41 მილიონი (გადასახადების გადახდამდე $48 მილიონი)
  9. ბენ აფლეკი – $38 მილიონი (გადასახადების გადახდამდე $45 მილიონი)
  10. დენზელ ვაშინგტონი – $24 მილიონი (გადასახადების გადახდამდე $28 მილიონი)
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *