საერთაშორისო ტურნეებისთვის დამახასიათებელი მაღალი ხარჯების მიუხედავად, ამერიკული Forbes-ის შეფასებით, მიმდინარე წელს, 1-ელი იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ათმა ყველაზე მაღალშემოსავლიანმა მუსიკოსმა $1 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა. მათგან მხოლოდ ტეილორ სვიფტმა, Eras Tour-ის ფარგლებში, $305 მილიონის შემოსავალი მიიღო, ორჯერ მეტი ვიდრე ბიონსემ, Renaissance-ის რეკორდული ტურნეს წყალობით.
სვიფტის საკონცერტო ტურნემ, რომელიც მარტში დაიწყო და აგვისტოში დასრულდა, აშშ-ის 20 ქალაქსა და მეხიკოში 56 შოუ მოიცვა და დაახლოებით $780 მილიონი გამოიმუშავა. განსაკუთრებით მძლავრი გავლენა აშშ-ის ეკონომიკაზე სწორედ სვიფტისა და ბიონსეს ტურნეებს ჰქონდა. მხოლოდ მესამე კვარტალში, Eras-ისა და Renaissance-ის ტურნეების წყალობით, აშშ-ის ეკონომიკას $5.4 მილიარდი შეემატა. აღსანიშნავია, რომ თავად ბიონსემ, Renaissance-ის ფარგლებში, მიმდინარე წლის ზაფხულში $145 მილიონი გამოიმუშავა.
ორივე სუპერვარსკვლავი მილიონების მიღებას ახლა უკვე მათი საკონცერტო ფილმების წყალობით გააგრძელებს. Swift’s-ი, რომლის წარმოებაც დაახლოებით $15 მილიონი დაჯდა, New York Times-ის პროგნოზით, მხოლოდ პრემიერის შაბათ-კვირას, შიდა სალაროებში $125 მილიონზე მეტს გამოიმუშავებს, დამატებით $60 მილიონს კი – საერთაშორისო მასშტაბით. Renaissance: A Film By Beyoncé-ს პრემიერა პირველ დეკემბერს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ გაზრდილი ხარჯებიდან გამომდინარე, კონცერტებზე დასასწრები ბილეთების უფრო მაღალი ღირებულება, აუცილებლად უფრო დიდ შემოსავალს სულაც არ ნიშნავს. პანდემიის შემდეგ სატვირთო და ტვირთების გადაზიდვის ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა და საერთაშორისო ტურნე, როგორც წესი, უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე შოუების გამართვა აშშ-ში. თუმცა სვიფტის კონცერტის საშუალო ფასი $253-ს უდრიდა, რაც მომღერლისთვის, ერთ ღამეში, $10-$13 მილიონის შემოსავალს უზრუნველყოფდა.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სვიფტის Eras Tour-ი ჯერ არ დასრულებულა და ჩრდილოეთ ამერიკაში დაბრუნებამდე, აზიასა და ევროპაში კონცერტებით, ნოემბერში გაგრძელდება. Eras Tour-ი 2024 წელს დასრულება და დიდი ალბათობით პირველი ტურნე გახდება, რომლის შემოსავალიც $1 მილიარდს გადააჭარბებს.
სვიფტისა და ბიონსეს გარდა, სხვა წამყვან შემსრულებლებს შორის მოხვდნენ ედ შირენი და Coldplay, რომლებმაც მათი ტურნეების წყალობით, მიმდინარე წელს, შესაბამისად $110 მილიონი და $85 მილიონი გამოიმუშავეს. წელს დასრულდა ელტონ ჯონის 5-წლიანი გამოსამშვიდობებელი Yellow Brick Road-იც, რომელიც საერთო ჯამში გამომუშავებული $939 მილიონით, ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ტურნედაც იქცა.
მეთოდოლოგია: მონაცემები წარმოადგენს 2023 წლის პირველი იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, გადასახადების დაფარვამდე, ტურნეს ფარგლებში მიღებულ შემოსავალს. თანხები არ მოიცავს წარმომადგენლობისა – მენეჯერები, ადვოკატები, აგენტები – და ტურნეების საოპერაციო ხარჯებს. რეიტინგის შედგენისას, ამერიკულმა Forbes-მა გამოიყენა Billboard-ისა და Pollstar-ის მონაცემები, ასევე ინტერვიუები ინდუსტრიის ექსპერტებთან და ანალიტიკოსებთან.
2023 წლის ზაფხულის ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნეები:
არტისტი | ტურნე | შოუების რაოდენობა | ტურნეს მთლიანი შემოსავალი (2023) | არტისტის შემოსავალი |
ტეილორ სვიფტი | The Eras Tour | 56 | $780 მილიონი | $305 მილიონი |
ბიონსე | Renaissance | 46 | $460 მილიონი | $145 მილიონი |
ედ შირენი | – +–=÷× (Mathematics) | 41 | $240 მილიონი | $110 მილიონი |
Coldplay | Music of the Spheres | 43 | $275 მილიონი | $85 მილიონი |
P!nk | Summer Carnival | 37 | $300 მილიონი | $85 მილიონი |
ჰარი სტაილსი | Love On Tour | 49 | $227 მილიონი | $70 მილიონი |
ელტონ ჯონი | Farewell Yellow Brick Road | 63 | $195 მილიონი | $70 მილიონი |
მორგან უოლენი | One Night at a Time | 30 | $190 მილიონი | $70 მილიონი |
ლუკ კომბსი | World Tour | 30 | $125 მილიონი | $55 მილიონი |
The Weeknd | After Hours til Dawn Tour | 30 | $158 მილიონი | $55 მილიონი |