ამერიკის შეერთებული შტატების უმდიდრესი ადამიანები, როგორც ჩანს, მთლიანობაში არც თუ ისე დიდ მოწყალებას გასცემენ. აღნიშნულ დასკვნამდე ამერიკული Forbes-ი მივიდა, რომელმაც აშშ-ის ყველაზე ქველმოქმედი მილიარდერების ტრადიციად ქცეული ინდექსი წელს კიდევ ერთხელ შეადგინა.
როგორც Forbes-ის უახლესი ინდექსიდან ვიგებთ, რომელიც აშშ-ის ოთხასი უმდიდრესი ადამიანის (Forbes 400) შესახებ მონაცემებს ეყრდნობა – უმდიდრესი ამერიკელების უმეტესობას, ამ დრომდე, ქველმოქმედებისთვის მათი ქონების ჯამური ღირებულების 5%-ზე ნაკლები მოცულობის დონაციები აქვთ გაცემული.
ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მდიდარი ადამიანების გულმოწყალების გასაზომად, Forbes-მა ხუთბალიანი სისტემა შეიმუშავა, რომლის თითოეული ქულა, 1-დან 5-მდე შუალედში, კონკრეტულ მილიარდერს შეუსაბამა. აღნიშნული ქულები კი, ქველმოქმედებისთვის ღიად გაცემული შემოწირულებების ქონებასთან თანაფარდობას შეესაბამება, შესაბამისი სქემით:
1 ქულა – ქველმოქმედებისთვის გასცა ქონების ჯამური ღირებულების 1%-ზე ნაკლები
საერთო ჯამში, ერთი ქულა ას ორმოცდაოთხმა მილიარდერმა მიიღო, მათ შორის Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა და Oracle-ის დამფუძნებელმა, ლარი ელისონმა.
2 ქულა – ქველმოქმედებისთვის გასცა ქონების ჯამური ღირებულების 1% – 4.99%-მდე
საერთო ჯამში, ორი ქულა ას ოცმა მილიარდერმა მიიღო, მათ შორის Google-ის თანადამფუძნებელმა, სერგეი ბრინმა და Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა.
3 ქულა – ქველმოქმედებისთვის გასცა ქონების ჯამური ღირებულების 5% – 9.99%-მდე
საერთო ჯამში, სამი ქულა ორმოცდათოთხმეტმა მილიარდერმა მიიღო, მათ შორის Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა და მსხვილი საჯარო საბროკერო კომპანიის, Charles Schwab Corporation-ის დამფუძნებელმა, ჩარლზ შვაბმა.
4 ქულა – ქველმოქმედებისთვის გასცა ქონების ჯამური ღირებულების 10% – 19.99%-მდე
საერთო ჯამში, ოთხი ქულა თვრამეტმა მილიარდერმა მიიღო, მათ შორის ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა, მაიკ ბლუმბერგმა და ინვესტორმა, ჯიმ სიმონსმა.
5 ქულა – ქველმოქმედებისთვის გასცა ქონების ჯამური ღირებულების 20%-ზე მეტი
საერთო ჯამში, ხუთი ქულა ცხრა მილიარდერმა მიიღო, რომელთა ჩამონათვალს უცვლელად გთავაზობთ: ბილ გეიტსი, მელინდა ფრენჩ გეიტსი, მაკენზი სკოტი, უორენ ბაფეტი, ჯორჯ სოროსი, გორდონ მური, ამოს ჰოსტეტერ ჯუნიორი, ლინ შუსტერმანი და ჯონ არნოლდი.
როგორც გაირკვა, ყველაზე გულისხმიერი ამერიკელი მილიარდერების ინდექსში წელსაც ის ადამიანები ლიდერობენ, რომელთაც გაცხადებული აქვთ, რომ ცხოვრების ბოლომდე საკუთარი ქონების თითქმის სრულად გაცემას აპირებენ. სიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბილ გეიტსმა მიმდინარე წლის ივლისში განაცხადა, რომ მისი ფილანთროპიული მიზნების განხორციელების შედეგად, ცხოვრების ბოლომდე პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიიდანაც კი ამოვარდებოდა.
თუმცა, ბილ გეიტსის გაცხადებული სურვილის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე გულისხმიერი მილიარდერების რეიტინგს წელსაც ჯორჯ სოროსი ლიდერობს, რომელმაც საერთო ჯამში, ამ დროისთვის $18.1 მილიარდის დონაციები განახორციელა, რაც მისი ქონების ამჟამინდელ ჯამურ ღირებულებას, თითქმის სამჯერ აღემატება.
საინტერესოა, რომ Forbes-ის მიერ მომზადებულ სიაში ბევრი ისეთი ადამიანიც მოხვდა, რომელთაც არაერთხელ უთქვამთ, რომ საკუთარი ქონების დიდი ნაწილის ქველმოქმედებისთვის გადაცემას გეგმავენ, მაგრამ ამ მიმართულებით, კონკრეტული ნაბიჯები, ჯერჯერობით, არ გადაუდგამთ. ასეთი ადამიანების სიაში ხვდება მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კრიპტობირჟის, FTX-ის დამფუძნებელი სემ ბენკმენ-ფრიდი, რომელსაც გადაწყვეტილი და გაცხადებული აქვს, რომ საკუთარ ქონებას სრულად ქველმოქმედებას გადასცემს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბენკმენ-ფრიდს ეს ჯერ არ გაუკეთებია, Forbes-ის წლევანდელ რეიტინგში მას მხოლოდ ერთი ქულა მიენიჭა.
დატოვე კომენტარი