Forbes-მა ამერიკის უმდიდრესი ოჯახების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, თუმცა, სიაში მხოლოდ ის დინასტიები შეიყვანა, რომელთა ქონებაც, სულ მცირე, $10 მილიარდს უტოლდება. შედეგად, რეიტინგში ჯამში 45 ამერიკული ოჯახი მოხვდა, კოლექტიურად $1.3-ტრილიონიანი ქონებით. ცნობისთვის, მსგავსი სია ბოლოს Forbes-მა 2020 წელს გამოაქვეყნა და მაშინ გამოცემის რეიტინგში მოხვედრა მხოლოდ 36 ამერიკულმა ოჯახმა შეძლო.
ამერიკულ დინასტიებს შორის ლიდერი კი კვლავ ვაჭრობის გიგანტ Walmart-ის მფლობელი უოლტონების ოჯახია. ამერიკის უმდიდრესი ოჯახი, გამოცემის შეფასებით, $267 მილიარდს ფლობს. თუმცა, 2020 წლის მონაცემებთან შედარებით, უოლტონების ქონება ბევრად უფრო ნაკლებით გაიზარდა, ვიდრე სხვა მდიდარი ოჯახებისა. ამ პერიოდში ამერიკის უმდიდრესი დინასტიის ქონების ზრდამ მხოლოდ 8% შეადგინა, რაც გამოწვეული იყო მაღალი გადასახადებით, აქციების არამყარი ფასითა და ქველმოქმედებითაც კი.
ამავდროულად, მეორე ადგილზე ამერიკის უმდიდრეს ოჯახებს შორის მარსის დინასტიამ გადაინაცვლა. ცნობილი შოკოლადების ბიზნესის უკან მდგომი ოჯახის ქონება ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგებულია და $117 მილიარდს უტოლდება. მიუხედავად ამისა, მარსის ოჯახის ქონება ზუსტად $150 მილიარდით ჩამოუვარდება უოლტონებისას, რაც ამ ოჯახს რეიტინგის ერთპიროვნულ ლიდერად აქცევს.
ამერიკის უმდიდრესი ოჯახები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სულ მცირე, 23 შტატში ცხოვრობენ. მათგან ყველაზე მეტი – შვიდი ოჯახი ნიუ-იორკში სახლობს, მათ შორის არიან როკფელერების შთამომავლები. მეორე ადგილზე ოთხი უმდიდრესი ოჯახით ჩიკაგოა, ხოლო სამი მათგანი ატლანტაში ცხოვრობს.
უოლტონებისა და მარსის ოჯახების გარდა, რომელთაც $20-მილიარდიანი და $23-მილიარდიანი მატება დააფიქსირეს. უკანასკნელი რეიტინგის გამოქვეყნების შემდგომ კიდევ არაერთი ამერიკული ოჯახის ქონება გაიზარდა. ყველაზე დიდი მოგება პროცენტულად – 144% – Enterprise Rent-A-Car-ის დამფუძნებლის, ჯეკ ტეილორის შთამომავლებს ეკუთვნით, ხოლო აბსოლუტურ მაჩვენებელში, $19.4 მილიარდით, Chick-Fil-A-ს დამფუძნებლის, ტრუეტ კეტის შთამომავლებს.
Forbes-ის შეფასებით, ამერიკის უმდიდრესი ოჯახების ათეული ასე გამოიყურება:
- უოლტონი
ქონება: $267 მილიარდი; სიმდიდრის წყარო: Walmart; ოჯახის წევრები: სულ მცირე 39
გასულ ათწლეულში Walmart-ის $22 მილიარდის ღირებულების აქციების გაყიდვისა და დაახლოებით $11 მილიარდის ქველმოქმედებისთვის გაღების მიუხედავად, კომპანიის დამფუძნებლის შვიდი შთამომავალი ქსელის დაახლოებით 45%-ს ფლობს. შემოსავლებით მსოფლიოში პირველი საცალო ვაჭრობის ქსელის გარდა, ოჯახის სიმდიდრე მოიცავს შვიდ სპორტულ კლუბსაც, მათ შორის Los Angeles Rams-სა და Arsenal-ს, რომელთა მფლობელიც ენ უოლტონის მეუღლე, სტენ კრონკეა.
- მარსი
ქონება: $117 მილიარდი; სიმდიდრის წყარო: ტკბილეული, ცხოველთა მოვლა; ოჯახის წევრები: სულ მცირე 37
ვირჯინიაში დაფუძნებული კომპანია ისეთ ცნობილ ბრენდებს აერთიანებს, როგორიცაა M&Ms-ი და Snickers-ი, თუმცა კომპანიის შემოსავლების სოლიდური ნაწილი ცხოველთა მოვლის პროდუქტებზე მოდის. კომპანიის შემოსავალმა 2022 წელს $47 მილიარდს მიაღწია.
- კოხი
ქონება: $116 მილიარდი; სიმდიდრის წყარო: Koch Industries; ოჯახის წევრები: სულ მცირე 19
1967 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, კომპანია მემკვიდრეობით ოთხმა ძმამ მიიღო, თუმცა ბიზნესს დღეს ორი მათგანი – ჩარლზი და დევიდი აკონტროლებენ. 2022 წელს კონგლომერატის შემოსავალმა $125 მილიარდი შეადგინა.
- კარგილ/მაკმილანი
ქონება: $60.6 მილიარდი; სიმდიდრის წყარო: Cargill Inc; ოჯახის წევრები: სულ მცირე 100
კარგილ/მაკმილანის ოჯახი შემოსავლებით აშშ-ში დაფუძნებული უმსხვილესი კერძო კომპანიის 88%-ს ფლობს. თავის მხრივ კი ოჯახში 21 ინდივიდუალური მილიარდერიცაა. Cargill-ი $177-მილიარდიანი შემოსავლით, წამყვანი მოთამაშეა მარცვლეულის წარმოებაში.
- ჯონსონი
ქონება: $44.8 მილიარდი; სიმდიდრის წყარო: Fidelity; ოჯახის წევრები: სულ მცირე 12
Fidelity Investments-ის დამფუძნებლის შვილიშვილი აბიგეილ ჯონსონი კომპანიის CEO 2014 წელს გახდა. მისი მმართველობის ქვეშ, Fidelity-ის აქტივები $2 ტრილიონიდან $4.4 ტრილიონამდე გაიზარდა, მდგრადი ფონდებისა და ბიტკოინის წყალობით. აბიგეილის ძმა, ედვარდ IV, კომპანიის საკუთრებაში არსებულ საინვესტიციო ფირმა Pembroke Real Estate-ს მართავს.
- პრიცკერი
ქონება: $41.6 მილიარდი; სიმდიდრის წყარო: სასტუმროები, ინვესტიციები; ოჯახის წევრები: სულ მცირე 82
Hyatt Hotels-ის დინასტიის მესამე თაობა 10 მილიარდერს აერთიანებს, მათ შორისა პენი პრიცკერი, აშშ-ის ვაჭრობის ყოფილი მდივანი და ილინოისის გუბერნატორი, ჯ.ბ. პრიცკერი. ოჯახის ქონება 1957 წლით თარიღდება, როდესაც ლოს-ანჯელესში პირველი მოტელი გახსნეს. 2000 წლის დასაწყისში, ქონების გაყოფასთან დაკავშირებით, შთამომავლებს შორის სასამართლო პროცესებიც მიმდინარეობდა.
- ჯონსონი (ს.კ. ჯონსონი)
ქონება: $38.5 მილიარდი; სიმდიდრის წყარო: S.C. Johnson; ოჯახის წევრები: სულ მცირე 70
S.C. Johnson-ი დღეს ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორიცაა Windex-ი, Shout-ი, Ziploc-ი და Raid-ი. ოჯახი კვლავ სრულ კონტროლს ფლობს $11.2 მილიარდად შეფასებულ კერძო კომპანიაში. ფირმის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი დამფუძნებლის შვილთაშვილი ჰერბერტ ფისკ ჯონსონ მესამეა.
- კეტი
ქონება: $33.6 მილიარდი; სიმდიდრის წყარო: Chick-fil-A; ოჯახის წევრები: სულ მცირე 47
შემწვარი ქათმების ქსელ Chick-fil-A-ის პირველი ლოკაცია 1967 წელს, ატლანტის სავაჭრო ცენტრში გაიხსნა. 2022 წელს რესტორნის შემოსავალმა $6.4 მილიარდი შეადგინა. მომავალ წელს კომპანია პირველი რესტორნის გახსნას გეგმავს გაერთიანებულ სამეფოში.
- დუნკანი
ქონება: $30 მილიარდი; სიმდიდრის წყარო: მილსადენები; ოჯახის წევრები: სულ მცირე 13
ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენების კომპანია Enterprise Product Partners-ი, მხოლოდ $10 ათასით, რამდენიმე პარტნიორთან ერთად დენ დუნკანმა 1968 წელს დააარსა. კომპანიის წლიური შემოსავალი $58 მილიარდს უტოლდება. დუნკანების გვარიდან ბიზნესში ერთადერთი წარმომადგენელი რონდა დუნკან ვილიამსია, რომელიც საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.
- კოქსი
ქონება: $26.8 მილიარდი; სიმდიდრის წყარო: მედია; ოჯახის წევრები: სულ მცირე 37
მედიაგიგანტი Cox Enterprises-ი საკაბელო კომპანია Cox Communications-ს, ავტოტრეიდერ Cox Automotive-სა და სხვადასხვა გამომცემლობას აერთიანებს. ფირმის შემოსავალი, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც დინასტიის მეოთხე თაობის წარმომადგენელი ალექს ტეილორია, $22.1 მილიარდს უტოლდება.