გასული კვირა ავტოინდუსტრიისათვის საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა: მიუნხენის საავტომობილო შოუდან სიახლეები თითქმის ყველა მსხვილმა ავტომწარმოებელმა შემოგვთავაზა. აქედან გამომდინარე, ავტომოყვარულები მიმდინარე კვირაში მცირე ტაიმ-აუტსაც ელოდნენ, თუმცა სფეროს მასშტაბურობიდან გამომდინარე საავტომობილო სიახლეები თითქმის არასდროს წყდება. შესაბამისად, Forbes Georgia ავტოინდუსტრიისადმი მიძღვნილ ბლოგში მიმდინარე კვირის ყველაზე მნიშვნელოვან ახალ ამბებს წარმოგიდგენთ.
Tesla-ს Model S-მა Nurburgring-ის ავტოდრომზე ელექტრომობილებს შორის ყველაზე სწრაფი შედეგი დააფიქსირა
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის, განცხადებით, Tesla-ს ახალმა Model S-მა ყველაზე ცნობილ, Nurburgring-ის ავტოდრომზე ელექტრომობილებს შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ყველაზე სწრაფი ელექტრომობილის სტატუსიც მოიპოვა. მასკმა აღნიშნული შესახებ ტვიტერის საკუთარ პროფილზე დაპოსტა და აღნიშნა, რომ 12.8 მილის სიგრძის წრე ავტომობილმა 7 წუთსა და 30 წამში დაფარა.
Tesla Model S Plaid just set official world speed record for a production electric car at Nurburgring. Completely unmodified, directly from factory. pic.twitter.com/AaiFtfW5Ht
— Name (@elonmusk) September 9, 2021
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შედეგი 12 წამით უფრო სწრაფია 2019 წელს Porsche Taycan Turbo-ს მიერ დაფიქსირებულ მაჩვენებელზე. „ტესლას“ ელექტრომობილის საშუალო სიჩქარე 166 კმ/სთ-ს შეადგენდა.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე დასძინა, რომ ელექტრომობილმა შედეგი ზედმეტი ჩარევების გარეშე, ქარხნული მოდიფიკაციით დააფიქსირა, რაც მის პოტენციალს კიდევ უფრო მეტად ზრდის. აეროდინამიკის გაუმჯობესების, კარბონის მუხრუჭების დაყენებისა და სპეციალური საბურავების პირობებში კი, მასკის მტკიცებით, Model S საკუთარ შედეგს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
საინტერესოა, რომ რამდენიმე თვის წინ ილონ მასკმა ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ახალი Tesla Model S-ი ყველაზე სწრაფი მანქანა იქნებოდა და მას 0-დან 100-მდე სიჩქარის განვითარება მხოლოდ 2 წამში შეეძლებოდა. თუმცა მალევე აღნიშნული რეკორდი მის განხორციელებამდე Rimac Nevera-ს ჰიპერქარმა მოხსნა და აღნიშნული სიჩქარე 1.8 წამში განავითარა.
შესაბამისად, „ტესლა“ ამ შედეგის გაუმჯობესებას სხვადასხვა სახის ჩარევებით თუ შეძლებს. ამისათვის კი ავტომოყვარულებს მცირე დროით მოცდა მოუწევთ.
27 წლის შემდეგ პირველად, Ford-ი ინდოეთში ავტომობილების წარმოებას წყვეტს
27 წლის წინ ინდოეთის ბაზარზე ერთ-ერთი პირველი მულტინაციონალური ავტომწარმოებელი, Ford-ი, გამოჩნდა. ახლა კი ამერიკული კომპანია ინდოეთში საკუთარ ოპერაციებს წყვეტს.
ამერიკულმა კომპანიამ გასულ კვირას განაცხადა, რომ ადგილობრივი გაყიდვებისათვის ავტომობილების წარმოებას თანდათანობით შეამცირებს. ინდოეთში არსებული ორი ქარხანა კი მიმდინარე წლის ბოლოს და მომავალი წლის დასაწყისში დაიხურება.
თუმცა, ამისდა მიუხედავად, „ფორდი“ მაინც განაგრძობს ავტომობილების იმპორტს ინდოეთის ბაზრისათვის. განსაკუთრებით კი ორი ყველაზე პოპულარული მოდელის, Mustang-ისა და Ranger-ის მოდელების იმპორტს.
როგორც სფეროს ექსპერტები აცხადებენ, „ფორდის“ გადაწყვეტილებას წინ მრავალი მიზეზი უძღოდა. თუმცა ყველაზე მეტად ამ გადაწყვეტილების მიღება ქარხნების სიმძლავრის გამოყენებამ განაპირობა, რომელიც მეტად დაბალი და არამდგრადი იყო. ჯამურად, ორ ქარხანას წლიურად 4 000 000 ერთეული ავტომობილის წარმოება შეუძლია, თუმცა ბოლო დროს აღნიშნული ქარხნები საკუთარი სიმძლავრის მხოლოდ 20%-ს, ანუ საშუალოდ 800 000 ერთეულს ამზადებდნენ.
Ford-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, ჯიმ ფარლის განცხადებით, ამერიკულმა კომპანიამ ინდოეთის ბაზარზე ძალიან დიდი რაოდენობის ინვესტიცია განახორციელა და დიდ შედეგებსაც ელოდა. თუმცა, ამისდა მიუხედავად, ბოლო 10 წლის განმავლობაში კომპანიამ ინდოეთის ბაზარზე დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი იზარალა.
გარდა ამისა, აღნიშნული გადაწყვეტილების კიდევ ერთი მიზეზი ერთ-ერთი საწარმოს საკმაოდ მაღალი სტანდარტებით ფუნქციონირებასაც უკავშირდება. გლობალური სტანდარტების შესაბამისი ქარხნის აშენება და ფუნქციონირება საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, ამიტომ ის მნიშვნელოვნად აჭარბებდა ინდური ბაზრის მოგებიანობის მაჩვენებელს.
კიდევ ერთი ახალი ელექტროველოსიპედი – Gocycle G4 – მაკლარენის დიზაინერის ქმნილება
2000-იანი წლების დასაწყისში McLaren-ის ინდუსტრიულმა დიზაინერმა, რიჩარდ სორპმა, ელექტროველოსიპედის პირველი პროტოტიპი შექმნა. მას შემდეგ კომპანია Gocycle-ის ორიგინალური ვერსიის გაუმჯობესებას უკვე 20 წელია, ცდილობს.
Gocycle-ის G4, ანუ მეოთხე მოდელი კი აღნიშნული ხაზის უახლესი მოდელია. მიუხედავად იმისა, რომ G4 იერარქიულად G4i-ზე დაბლა იმყოფება, იგი მაინც გასაოცრად დატვირთულია ტექნოლოგიური სიახლეებით. ძრავა, რომელიც ველოსიპედს მართავს, წინა ბორბალშია ჩაშენებული, რაც ერთი შეხედვით შესაძლოა, უჩვეულოდაც მოგვეჩვენოს. წინა ბორბალშივეა ჩაშენებული წევის კონტროლის მექანიზმიც. მანქანის მსგავსად, აღნიშნული სპეციფიკაცია ტრანსპორტს ეხმარება შეამციროს კონტროლის დაკარგვა წინა ბორბალზე იმ მომენტში, როდესაც ველოსიპედი წევაზე კონტროლს დაკარგავს. ამას კი მექანიზმი ძრავის ძალის შემცირებით ახერხებს, მანამ სანამ კონტროლი აღდგება.
საინტერესოა ისიც, რომ ელექტროველოსიპედი დასაკეცი იქნება, რაც მის გადაადგილებას კიდევ უფრო მეტად გააადვილებს. მისი მოთავსება შესაძლებელი იქნება როგორც ავტომობილში, ისე საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც. თუმცა კომპანიას სურს, რომ, განსხვავებით სხვა დასაკეცი ელექტროველოსიპედებისაგან, რომელთაც მხოლოდ კონკრეტულ მცირე მანძილებზე გადასაადგილებლად, შესაბამისად, უფრო იშვიათად იყენებენ, აღნიშნული ტრანსპორტი ყოველდღიური დანიშნულების იყოს.
Gocycle G4-ს სამსიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი ექნება და რაც მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის. მისი ფასი კი 3 399 გირვანქა სტერლინგი იქნება, რაც ელექტროველოსიპედების საშუალო ღირებულებას წარმოადგენს. ველოსიპედი 17.1 კილოგრამს იწონის და მას ერთი დატენით დაახლოებით 40 მილის გავლა შეუძლია. რაც შეეხება დამუხტვის დროს, ის 3 საათს შეადგენს.
ყოფილი Apple Car-ისა და Tesla-ს განვითარების ბოსი Ford-ის გუნდს შეუერთდა
გასულ კვირას Ford-მა Apple Car-ისა და Tesla-ს განვითარების ხელმძღვანელი, დაგ ფილდი, საკუთარი მოწინავე ტექნოლოგიებისა და ჩამონტაჟებული სისტემების ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშნა. „ფორდის“ დაკავშირებადი პროდუქტებისა ახალი თაობის შექმნისათვის, დაგ ფილდი „ფორდის“ საწარმოო პლატფორმისა და ოპერაციების ხელმძღვანელთან ერთად იმუშავებს და ანგარიშს პირადად პრეზიდენტს, ჯიმ ფარლის, წარუდგენს.
ახალი ხელმძღვანელის როლი და კომპეტენცია „ფორდის“ ჭკვიანი, დაკავშირებადი მანქანებისა და მომსახურებების, ნავიგაციის, მძღოლის დამხმარე სპეციფიკაციის და კიბერუსაფრთხოების სისტემის უზრუნველყოფას მოიცავს.
ფილდი წარსულში Apple-ის სპეციალური პროექტების ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ, სადაც მისი მიზანი ტექკომპანიისათვის დიდი ხნის ნანატრი თვითმართვადი, ელექტროავტომობილის შექმნა წარმოადგენდა. „ტესლაში“ კი სწორედ ის ხელმძღვანელობდა Model 3-ის განვითარებასა და წარმოებას.
თავად ფილდის განცხადებით, ის მოხარულია, რომ კომპანიას სწორედ იმ პერიოდში შეუერთდა, როდესაც ის ავტოინდუსტრიის სრულიად ახალ, კომპლექსურ ფაზაზე გადადის. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მისთვის პრივილეგიას წარმოადგენს კომპანიის ელექტრიფიკაციის, პროგრამული უზრუნველყოფის, ციფრული გამოცდილებებისა და ავტონომიურობის ახალი თაობების შექმნაში მონაწილეობის მიღება.
საინტერესოა, რომ უკანასკნელ პერიოდში თითქმის ყველა ცნობილი ავტომწარმოებელი საკუთარ პოლიტიკას ცვლის და ელექტრო- და თვითმართვადი ავტომობილების წარმოების დაწყებას გეგმავს. ამ სფეროში კონკურენცია მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რაც ტექნოლოგიების დახვეწის წინაპირობაა.
ჩინური კომპანიების აღმასვლა: შესაშური შედეგები უსაფრთხოების ტესტებზე
ევროპის ბაზარზე ფეხი სულ ახლახან შეაბიჯა ორმა საკმაოდ ცნობილმა ჩინურმა ავტომწარმოებელმა, Lynk&Co-მ და Nio-მ. თუმცა, ბაზარზე შესვლა მარტივი პროცედურა სულაც არ არის. ამისათვის ახალგამოჩენილ კომპანიებს შესაბამისი უსაფრთხოების ტესტირებების გავლა უწევთ. შესაბამისად, გამონაკლისი არც ჩინური ავტომწარმოებლები იყვნენ. ყველასათვის გასაოცრად კი ორივე მათგანის ავტომობილმა Euro NCAP-ის უსაფრთხოების ტესტირების პროგრამაზე 5-ვარსკვლავიანი შედეგი აჩვენა.
უფრო კონკრეტულად კი Lynk&Co-მ მოზარდების ადგილის დაცვის მაჩვენებელში 96% დააფიქსირა, გვერდითა მხრიდან დაცვაში კი კომპანიამ მაქსიმალური ქულები დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომპანია ევროპის ბაზარზე მხოლოდ შარშან შევიდა, დიდ ბრიტანეთში შესასვლელად კი ახლა ემზადება.
საკმაოდ სახარბიელო შედეგებით გამოირჩეოდა მისი ჩინური კონკურენტი, Nio ES8-ც. მან ავტომატური გადაუდებელი დამუხრუჭების სისტემისა და ავარიის თავიდან აცილების სპეციფიკაციების წყალობით, უსაფრთხოების დამხმარე ფუნქციაში 92%-იანი მაჩვენებელი დაიმსახურა, რაც საკმაოდ მაღალი შედეგია.
აღნიშნული მოდელის, ES8-ის, გაყიდვა ნორვეგიაში ივლისიდან დაიწყო. დიდი ბრიტანეთის ბაზარზე შესასვლელად კი კომპანია ჯერჯერობით მონიტორინგს გადის.
შეგახსენებთ, რომ ჩინური კომპანიები ერთადერთი ავტომწარმოებლები არ არიან, რომელთაც უკანასკნელი ტესტირებების დროს ხუთი ვარსკვლავი დაიმსახურეს. იგივე შედეგი Toyota-მ, Audi Q4 E-tron-მა და Subaru Outback-მაც გაიმეორეს.
როგორ იმოქმედებს კოვიდ-19 მანქანის სახელურებსა და თაჩსქრინებზე?
Renault-ის ჯგუფის ხელმძღვანელი დიზაინერის განცხადებით, კოვიდ-19-ის გამო ავტომობილების კარის სახელურები გადაშენების პირასაა. ვან დერ აკერმა შენიშნა, რომ მომხმარებლები ავტომობილების ყიდვისას პანდემიის გავლენით ჰიგიენაზე დიდ ყურადღებას ამახვილებენ. მისი განმარტებით, ტუალეტისა და მობილური ტელეფონის შემდეგ, მანქანის სახელურები და ეკრანები ერთ-ერთი ყველაზე არაჰიგიენური ნივთებია.
საინტერესოა, რომ აღნიშნული პრობლემა დღის წესრიგში პანდემიამდეც იდგა. თუმცა პანდემიამ, შეიძლება ითქვას, საკითხის გადაჭრის აუცილებლობა ერთიორად დააჩქარა. ავტომწარმოებლები ჰაერის ფილტრაციის სისტემებსა და იონიზატორებს საკუთარ ავტომობილებში აქტიურად ამონტაჟებდნენ. გარდა ამისა, პრემიუმ-ბრენდები მომხმარებლებს ელექტრომობილებში ჰაერის ხარისხის მაჩვენებლებსაც სთავაზობდნენ. მომავალში კი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტი ავტომწარმოებელი გაამახვილებს აღნიშნულ პრობლემაზე სათანადო ყურადღებას.
„რენოს“ დიზაინერის მტკიცებით, ეს ტენდენცია იმდენად მზარდი გახდება, რომ შესაძლოა მალე ავტომატურად გახსნადი და დახურვადი კარები ვიხილოთ, რომლებიც თქვენ მიახლოებას სენსორის დახმარებით იგრძნობს და ავტომატურ ბრძანებებს შეასრულებს. გარდა ამისა, მას მიაჩნია, რომ გარდატეხა თავად მასალებშიც შევა, რომლისგანაც ეკრანებსა თუ სხვა სახის ნივთებს ამზადებენ. მოსალოდნელია, რომ ნივთები მომავალში თვითწმენდადი და ანტიბაქტერიული მასალებისაგან იქნება დამზადებული.
ნიუ-იორკი 2035 წლისათვის მიზნად ნულოვანი გამონაბოლქვის სამგზავრო ავტომობილების ფუნქციონირებას ისახავს
ეკომეგობრული პოლიტიკების რბოლა კვლავ გრძელდება. ამჯერად საკუთარი გეგმა ნიუ-იორკის გუბერნატორმაც წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც 2035 წელს შტატში არსებული სამგზავრო მანქანები ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ძრავებით უნდა იყვნენ აღჭურვილნი. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ნიუ-იორკი კალიფორნიას შეუერთდა, რომელმაც ბენზინზე მომუშავე მანქანების შემცირება დაისახა მიზნად.
საინტერესოა, რომ ინიციატივას კანონის სახე ექნება და ის დაადგენს რეგულაციებს, რომლითაც მოითხოვენ დიდი რაოდენობით ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების არსებობას 2035 წლის გეგმის შესასრულებლად. გუბერნატორის ინიციატივით, გაყიდვების 100%-ს ამ დროისათვის არაწიაღისეულ საწვავზე მომუშავე ძრავიანი ავტომობილები უნდა წარმოადგენდეს. თუმცა საინტერესოა ისიც, რომ ეს შეზღუდვა პირველ ეტაპზე მხოლოდ სამგზავრო მანქანებს ეხება. საშუალო და მძიმე მოვალეობის შემსრულებელი სატვირთოები და სხვა სახის ტრანსპორტი კი იმავე პოლიტიკის ნაწილი 2045 წლისათვის გახდება.
შეერთებული შტატების მთავრობა, წიაღისეული საწვავის გამოყენების შესამცირებლად და ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატური ცვლილების შესანელებლად, აქტიურად ლობირებს ელექტრომობილების გაყიდვების გაზრდას. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებაც სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
ქალაქ ნიუ-იორკის მერის განცხადებით, გლობალური კლიმატური მიზნების მისაღწევად ქალაქში არსებული 2 მილიონი ავტომობილიდან 400 000 ელექტრომობილი უნდა იყოს. 2030 წლისათვის ქალაქში 10,000 დამტენ პუნქტს დაამონტაჟებენ.
Nissan-ის მხარდაჭერილმა ჩინურმა სტარტაპმა, WeRide-მა, თვითმართვადი ფურგონი შექმნა
ჩინური ავტონომიური მართვის სტარტაპის, WeRide-ის, განცხადებით, ის ავტომწარმოებელ JMC-სა და მიწოდების კომპანია ZTO Express-თან ერთად, ურბანული ლოგისტიკური მომსახურების გასაწევად თვითმართვადი ფურგონების წარმოებას დაიწყებს.
კომპანიის დამფუძნებელი ტონი ჰანია. WeRide-ი მიზნად ისახავს, რომ კიდევ უფრო მეტად განავითაროს ავტოინდუსტრიაში უკვე მეოთხე თაობის ავტონომიური სტანდარტის სახელით ცნობილი სპეციფიკაცია. აღნიშნული უზრუნველყოფის სისტემა ადამიანის ნულოვანი ჩარევის პირობებში მართვის ნებისმიერი მდგომარეობის გამკლავებას ახერხებს.
ამჟამად ჩინური სტარტაპი WeRide-ი ავტონომიური სამგზავრო მანქანებისა და მინი-ავტობუსების ტესტირების რეჟიმშია. კომპანიის მიერ ახლად შექმნილი თვითმართვადი ფურგონი თავდაპირველად ტესტირებას ადგილობრივ ქალაქში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაივლის. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, წარმოებაში მას Nissan Motors-ი და JMC დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ ავტომწარმოებლები და ტექნოლოგიური კომპანიები მილიარდობით დოლარის ოდენობის ინვესტიციებს ახორციელებენ თვითმართვადი და ავტონომიური ტექნოლოგიების განსავითარებლად და ავტომობილებში ინტეგრირებისათვის. გასულ კვირას, მიუნხენის საავტომობილო შოუს მიმდინარეობისას, ევროპის ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებლის, Volkswagen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ საავტომობილო მომავალი არა ელექტრომობილების, არამედ თვითმართვადი, ჭკვიანი მანქანებისაა.
დატოვე კომენტარი