ავტოინდუსტრიის გიგანტები ყოველკვირეულად ახერხებენ მომხმარებლების გაოცებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ახალი ტექნოლოგიები, ძრავების ტიპები თუ თვითმართვადი სისტემები დღითიდღე, საათობრივად იხვეწება და სფეროც კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს. უცხოური მწარმოებლები გამალებით ცდილობენ სხვადასხვა ბაზრის დაპყრობას. ვინც კონკურენციას ფეხს უწყობს, მისი კვარტალური შემოსავლები დადებით შედეგებს აჩვენებს, ხოლო ის, ვინც პროგრესს ჩამორჩება, კრახისთვისაა განწირული. Forbes Auto, ტრადიციულად, გასულ კვირაში ავტოინდუსტრიაში მომხდარ უახლეს ამბებს წარმოგიდგენთ. ამ კვირის ბლოგში „ფორბსის“ ყურადღების ცენტრში ისეთი ავტომწარმოებლები მოექცნენ, როგორიც Volvo, Ford-ი, Tesla, GM-ი, Honda, Genesis-ი, Rivian-ი და Rolls Royce-ი არიან.
Volvo-მ შორეულ დისტანციებზე გამოსადეგი პირველი თვითმართვადი სატვირთოს პროტოტიპი წარადგინა
შვედური ავტომწარმოებლები Volvo და Aurora ძალიან ახლოს არიან ისტორიულ მომენტთან. ორი კომპანია სულ მალე შეძლებს ჩრდილოეთ ამერიკის გზებზე პირველი თვითმართვადი ნახევრად სატვირთო ავტომობილის გაშვებას. კომპანიებმა განსხვავებით წინა ახლო დისტანციაზე მავალი სატვირთოსაგან, ამჯერად შორეულ დისტანციებზე გამოსადეგი თვითმართვადი სატვირთო მანქანის პროტოტიპი წარადგინეს.
„ვოლვოს“ ახალი მოდელი, VNL, საკმაოდ ნაცნობი ფორმებისა და მახასიათებლების სატვირთოა. თუმცა მისი სისტემა აერთიანებს სენსორების ფართო სპექტრს, რათა მარტივად შეისწავლოს მიმდებარე გარემო და თავად მოახდინოს ნავიგაცია Aurora Driver სისტემის დახმარებით.
ავტომწარმოებლები ტექნიკურ დეტალებზე საუბრისას საკმაოდ სიტყვაძუნწები აღმოჩნდნენ, თუმცა „ვოლვოს“ თანახმად, უკვე არსებული უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება. გარდა ამისა გაუმჯობესდება მართვისა და გადაცემათა კოლოფის მახასიათებლებიც უფრო დინამიკური მართვის გამოცდილების მისაღებად. სხვაგვარად შეიძლება ითქვას, რომ სატვირთო გზატკეცილზე პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდება. კომპანიები იმედოვნებენ, რომ მათ მეოთხე თაობის თვითმართვადი სისტემის გამოყენება შეეძლებათ ან ზოგიერთ სიტუაციაში სრულად ავტონომიური თაობის.
შეგახსენებთ, რომ შვედურმა ავტომწარმოებელმა უკვე განათავსა საკუთარი თვითმართვადი სატვირთოები ნორვეგიისა და საკუთარი სამშობლოს, შვედეთის გზებზე. თუმცა მათი მარშრუტი წინასწარ განსაზღვრული და მნიშვნელოვნად შეზღუდულია. თეორიულად კი, ახალ პროტოტიპს უფრო დიდ დისტანციებსა და მრავალფეროვან პირობებთან გამკლავება შეეძლება.
Volvo-ს ჯერჯერობით არ დაუსახელებია ზუსტი თარიღი, თუ როდის იხილავს მომხმარებელი სატვირთოებს მაგისტრალებზე. გარდა ამისა, კომპანიას თვითმართვადი სატვირთოების საწარმოებლად მარეგულირებლების ნებართვაც დასჭირდება, რაც საკმაოდ რთული ეტაპია. აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია „ვოლვოს“ ავტონომიური პოლიტიკის აღსრულებისაკენ, თუმცა ბოლო ნაბიჯამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია.
Ford-ი შეერთებულ შტატებში ელექტრომობილებისა და მისთვის საჭირო ელემენტების მასიურ საწარმოებს ხსნის
Ford-ი და სამხრეთკორეული ელემენტების მწარმოებელი SK Innovation-ი ტენესისა და კენტუკიში რამდენიმე ახალი ქარხნის გასახსნელად ჯამურად 11.4 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავენ. ახალი ქარხნების გახსნის მთავარი მიზანი ელექტრომობილებისა და მათი კვების წყაროს, ელემენტების წარმოება და განვითარებაა.
ტენესიში მდებარე ქარხანა მეგაკამპუსი იქნება, რომელიც ავტომობილების მწარმოებელი საწარმოს ფუნქციას შეითავსებს და Ford-ის F სერიის პიკაპებს გამოუშვებს. გარდა ამისა, ტენესის ქარხანაში ელემენტების შეკრების განყოფილებაც იქნება. რაც შეეხება კენტუკის ტყუპ ქარხნებს, აქ Ford-ი ლითიუმის იონურ ელემენტებს დაამზადებს.
კომპანიის განცხადებით, ქარხნები ექსპლუატაციაში 2025 წლისათვის ჩაეშვება. Ford-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯიმ ფერლის, განცხადებით, ინვესტიციის რაოდენობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის პოლიტიკის ცვლილების სერიოზულობას. მაგალითად, ახალი კამპუსი ტენესიში კომპანიის 118-წლიანი არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი საწარმო იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ გაყიდული ავტომობილების მთლიან წილში ელექტრომობილების რაოდენობა ძალიან მცირეა, Ford-ი სხვა ავტომწარმოებლების მსგავსად საკუთარ პოლიტიკას ელექტრომომავლისაკენ ცვლის და სრული რესურსის დახარჯვას ავტომობილთა ელექტრიფიკაციაში გეგმავს. საინტერესოა, რომ ამერიკული ბრენდის განცხადება კონგრესში მიმდინარე დებატებს ემთხვევა იმის შესახებ, უნდა დააფინანსოს თუ არა სახელმწიფომ ასიათასობით ახალი დამტენი სადგურის მშენებლობა.
შეგახსენებთ, რომ ელექტრომობილების წარმოებისათვის საჭირო ელემენტებს ამჟამად „ფორდი“ ზემოთ ხსენებული SK Innovation-ისაგან იღებს. თუმცა ამ უკანასკნელს მის კონკურენტთან, LG-სთან პრობლემები აქვს, რამაც შესაძლოა ელემენტების ტრანსპორტირებაში პრობლემები შექმნას. შესაბამისად, Ford-ის გადაწყვეტილება, საკუთარ ტერიტორიაზე აწარმოოს ელემენტები, პრევენციულ ხასიათსაც ატარებს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, Ford-ს ყოველწლიურად 140 GWh სიმძლავრის ელემენტების წარმოება დასჭირდება. ახალი ქარხნები კი 129 GWh სიმძლავრის გამომუშავებას შეძლებენ. შედარებისათვის, GM-ი თავის პარტნიორთან LG Chem-თან ერთად ოთხი ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს, რომელთაც 140 GWh სიმძლავრის ელემენტების წარმოება შეეძლებათ. მსგავს ქარხნებს Volkswagen-იც ხსნის ევროპის მასშტაბით. გერმანული ავტომწარმოებლის 6 ქარხანას 240 GWh სიმძლავრის ელემენტების წარმოება შეეძლება.
GM-ის ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას ელექტრომობილის სმარტფონის მსგავსად დააფდეითება შეეძლება
განსხვავებით იმისაგან, რასაც ათი წლის წინ ვმართავდით, თანამედროვე ავტომობილი ფაქტობრივად ბორბლებზე შემდგარი კომპიუტერია. პროგრამული უზრუნველყოფა თანამედროვე ავტომობილის მთავარ მამოძრავებელ ფაქტორს, მთავარ ტვინს წარმოადგენს. მათზეა დამოკიდებული ყველაფერი – დაწყებული საინფორმაციო-ანალიტიკური ოპერაციებით, გაგრძელებული სენსორების მონაცემების ინტერპრეტირებით და დამთავრებული მძღოლის დამხმარე სისტემების სპეციფიკაციებით.
კოდების ამ უთვალავი ჩამონათვალის ფუნქციონირების დასახვეწად, გასულ კვირას GM-მა დააანონსა, რომ შექმნის ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას, სახელად Ulfity-ის. Vehicle Intelligence Platform (VIP)-ის დახმარებით GM-ის უახლესი მანქანები უკვე არის აღჭურვილი OTA-ის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებითა და ბორტზე ინტერნეტკავშირის ფუნქციონალით. ახალი სისტემა ოპერაციულ სისტემა Linux-ზე იქნება დაფუძნებული და უკვე არსებული ციფრული არქიტექტურის გაუმჯობესება იქნება. იგი უნდა გახდეს ცენტრალური ჰაბი დანარჩენი პროგრამული სისტემებისათვის და გამოყოს ისინი ავტომობილების ძირითადი ოპერაციებისაგან.
აღნიშნული ნაბიჯი GM-ს საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად შეიმუშაოს და განათავსოს განახლებები, ახალი ფუნქციონალები და აპლიკაციები მომხმარებლებისათვის. მეტი სიმარტივისათვის, Ulfity-ს ისეთი ფუნქცია ექნება, როგორიც აქვს Android-ს სმარტფონისათვის.
მომხმარებლებისათვის უწყვეტი OTA განახლებების შეთავაზებით GM-ს სურს, რომ თქვენს ავტომობილს მოძრავი სმარტფონის მსგავსად მოექცეს. კომპანიის მიზანია, შექმნას ისეთი სისტემა, რომელშიც ავტომობილიდან სმარტ სახლზე გადართვა იქნება შესაძლებელი მაქსიმალური კომფორტის მისაღებად. გარდა ამისა, სამომავლოდ განიხილება უსაფრთხოებისა და კომფორტის მრავალი სპეციფიკაციაც. ვარაუდობენ, რომ Ultify სამომავლოდ V2V და V2X ფუნქციებითაც იქნება აღჭურვილი, რაც რეალურ დროში საავტომობილო გზებზე საცობებისა და საგზაო საფრთხეების შესახებ მიიღებს ინფორმაციას.
კომპანიაში ვარაუდობენ, რომ აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის ხილვას მომხმარებლები GM-ის ელექტრომობილებსა და შიდაწვის ძრავით აღჭურვილ ავტომობილებში 2023 წლიდან შეძლებენ.
Tesla-ს დახმარებით, ნორვეგიაში გაყიდული ავტომობილების 80% ელექტროა
პარასკევს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, Tesla Inc.-ის საშუალო ზომის ელექტრომობილებზე გაზრდილმა მოთხოვნამ ნორვეგიაში ელექტროავტომობილების წილი მნიშვნელოვნად გაზარდა. გასულ თვეში ქვეყანაში გაყიდული ავტომობილების დაახლოებით 80% ელექტრომობილი გახლდათ.
შეიძლება ითქვას, რომ ნორვეგია გლობალურად დაწინაურდა ელექტრომობილებზე გადასვლის საკითხში და მოსალოდნელია, რომ სწორედ ის გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც 2025 წლისათვის ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ძრავიან ავტომობილებს სრულად ჩაანაცვლებს.
ნორვეგიის საგზაო ფედერაციის მონაცემებით, სექტემბერში ელემენტებზე მომუშავე ელექტრომანქანების წილმა საერთო გაყიდვების 77.5% შეადგინა. გასულ წელს იგივე მონაცემი 61.5%-ს უტოლდებოდა.
ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ავტომობილი ნორვეგიის ბაზარზე Tesla Model Y, კომპაქტური, სპორტული ავტომობილი აღმოჩნდა. ბაზარზე შეძენილი ავტომობილების 19.8% სწორედ აღნიშნულ ელექტრომობილზე მოდიოდა. მეორე ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილი კვლავ Tesla-ს წარმოების Model 3 გახლდათ. სედანი, რომლის გაყიდვებმაც საერთო წილის 12.3% შეადგინა. რაც შეეხება მესამე ადგილს, მას Skoda-ს Enyaq-ი იკავებს 4.4%-იანი წილით.
Tesla Model Y პირველად სწორედ კალიფორნიაში, 2019 წელს გამოჩნდა. თუმცა ევროპელი მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი ის სულ ცოტა ხნის წინ გახდა.
ნავთობმომპოვებელი სახელმწიფო, ნორვეგია მსოფლიო ლიდერი გახდა შიდაწვისძრავიანი ავტომობილების ჩანაცვლების პოლიტიკაში. 2020 წელს კი ისტორიაში პირველად გაყიდული ელექტრომობილების რიცხვმა სხვა ყველა ავტომობილის რიცხვს გადაასწრო. ამ შედეგის მიღწევა გარკვეულწილად ნორვეგიის მთავრობის დამსახურებაცაა. ელექტრომობილები ნორვეგიაში გარკვეული სახის გადასახადებისაგან გათავისუფლებულია, რაც მომხმარებელთათვის მათ შესაძენად დამატებითი მოტივაცია აღმოჩნდა.
10-წლიანი შეთანხმების თანახმად, კატარი 2021 Formula 1 ღონისძიების ერთ-ერთი მასპინძელი იქნება
ფორმულა 1-ის 2021 წლის სეზონის დასკვნით ღონისძიებას ნოემბერში კატარი უმასპინძლებს. ფორმულა 1-მა კატართან 10-წლიანი შეთანხმება დადო, რომლის მიხედვითაც არაბული სახელმწიფო სარბოლო ღონისძიების მუდმივი მასპინძელი 2023 წლიდან გახდება.
მანამდე კი, მიმდინარე სეზონის დასკვნითი რბოლები კატარში 19-დან 21 ნოემბრამდე დოჰის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება. საინტერესოა ისიც, რომ საუდის არაბეთის გრან-პრი 3 დეკემბერს, აბუ-დაბის გრან-პრი კი 10 დეკემბერს გაიმართება.
დოჰის საერთაშორისო ავტოდრომი სარბოლო ღონისძიებებს 2004 წლიდან მასპინძლობს და მრბოლელთათვის ერთ-ერთ საყვარელ ასპარეზს წარმოადგენს. საინტერესოა, რომ ბოლო დროს კატარი სპორტული ღონისძიებების ჩატარების სურვილს აქტიურად გამოხატავს. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს კატარში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. აღნიშნულიდან ერთ წელიწადში კი მასსა და ფორმულა 1-ს შორის დადებული 10-წლიანი შეთანხმების ათვლაც დაიწყება.
ფორმულა 1-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ავსტრალიაში წარმოქმნილი კრიზისის ფონზე, კატარმა ფორმულა 1-ის გუნდის დახმარების სურვილი გამოთქვა. მოლაპარაკებების ეტაპზე კი მხარეები უფრო ხანგრძლივ თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ. შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე წინ კიდევ 8 გრან-პრია. შემდეგი ღონისძიება 10 ოქტომბერს თურქეთში სტამბოლის ავტოპარკში გაიმართება. მას მოჰყვება 24 ოქტომბერს დაგეგმილი აშშ-ის გრან-პრი, შემდეგ კი მექსიკისა და ბრაზილიის გრან-პრის ღონისძიებები იქნება. სწორედ ამის შემდეგ გაიმართება ღონისძიება კატარში, რომლის დროსაც ტიტულისათვის ლუის ჰამილტონი და მაქს ფერსტაპენი იბრძოლებენ.
ელექტროსატვირთოების მწარმოებელი, Rivian-ი სახლში მოხმარების ელემენტების ქსელის წარმოებას გეგმავს
ელექტროსატვირთოების მწარმოებელი, Rivian Automotive-ი, რომელიც ამჟამად ელემენტებს სამხრეთკორეული მწარმოებლის, Samsung SDI-საგან იღებს, სახლში მოხმარების ელემენტების ქსელის წარმოებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ Rivian-ი „ამაზონისა“ და „ფორდის“ მიერ მხარდაჭერილი სტარტაპია. აღნიშნული გადაწყვეტილება კი მესამე მხარის ჩართულობას შეამცირებას და კომპანიას ზრდაში დაეხმარება. Rivian-მა 2021 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავლები დაკარგა. თუმცა, კომპანიის განცხადებით, 2023 წლამდე ის დამატებითი 8 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას შეძლებს ინვესტიციების სახით. ამ კაპიტალით კი ამერიკული ავტომწარმოებელი საწარმოო მოცულობის გაზრდას, ელემენტების ქსელის წარმოებასა და დამტენი სადგურების აშენებას გეგმავს.
რამდენიმე თვის წინ Rivian-მა დააანონსა, რომ მისი R1T პიკაპისა და R1S სპორტული ავტომობილისათვის ელემენტების მიმწოდებლად Samsung SDI შეარჩია. აღნიშნული კომპანია კი საკუთარი ელემენტების საწარმოს ილინოისის შტატში გახსნის.
რაც შეეხება კომპანიის მორიგ ინოვაციას, Rivian-ის კონკურენტმა, Tesla-მ ჯერ კიდევ შარშან დააანონსა, რომ სახლის შიდა ტერიტორიაზე განსათავსებელი დამტენი პუნქტების დამზადებას აპირებდა. თუმცა შემდეგ, გარკვეული მიზეზების გამო, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ Rivian-ი ცოტა ხნის წინ პირველი ავტომწარმოებელი გახდა, რომელმაც ბაზარზე ელექტროპიკაპი წარადგინა.
მდიდრული ავტომობილების ბრენდი, Rolls Royce-ი 2030 წლისათვის სრულად ელექტროძრავიან ავტომობილებს აწარმოებს
მდიდრული მანქანების მწარმოებელმა, Rolls Royce-მა გასულ კვირას განაცხადა, რომ 2030 წლისათვის მხოლოდ ელექტრომობილებს გამოუშვებს. ამ გადაწყვეტილებით იგი შეუერთდა სხვა მდიდრულ ავტომწარმოებლებს. შეგახსენებთ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება Volkswagen-ის Bentley-მ და Jaguar-ის Land Rover-მაც მიიღეს.
BMW-ის მფლობელობაში მყოფმა კომპანიამ განაცხადა, რომ მისი პირველი სრულად ელექტროავტომობილი, Spectre, ბაზარზე 2023 წლის მეოთხე კვარტალიდან გამოჩნდება. აღნიშნული ელექტრომობილის ტესტირების ეტაპი კი სულ მალე დაიწყება.
Rolls Royce-ის აღმასრულებელი დირექტორის, ტორსტენ მულერ-ოტვოსის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი კომპანიის პორტფელის სრულად ელექტრიფიკაციას ემსახურება 2030 წლისათვის. ამ დროისათვის ავტომწარმოებელი მთლიანად შეწყვეტს შიდაწვისძრავიანი მანქანების წარმოებას.
საინტერესოა, რომ თავად BMW-ს ჯერჯერობით არ დაუწესებია შიდაწვისძრავიანი მანქანების წარმოების საბოლოო თარიღი. სანაცვლოდ, მან განაცხადა, რომ 2030 წლისათვის მის მიერ წარმოებული ავტომობილების 50% ელექტროძრავიანი იქნება.
დატოვე კომენტარი