გასული კვირა საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა საავტომობილო ინდუსტრიისათვის. ავტომწარმოებლებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავტომოყვარულები არც ამჯერად დატოვეს სათანადო ყურადღების გარეშე და ახალი კონცეფციებითა და ხედვებით გაანებივრეს. ჩვენც, ტრადიციისამებრ, გასული კვირის უმთავრეს საავტომობილო სიახლეებს ბლოგში მოვუყარეთ თავი. Forbes Georgia ამ კვირის ავტობლოგში ბლოგში წარმოგიდგენთ ისეთ სიახლეებს, როგორიცაა: Rolls Royce-ის მიერ უსწრაფესი ელექტროთვითმფრინავის წარდგენა, ჩინური Xiamo-ის საავტომობილო წარმოების დაწყების დეტალები, ამერიკული Hummer-ის ელექტროვერსიის პროდუქცია, Renault-ს მფრინავი ავტომობილის სპეფიციკაციები, ბრიტანეთის მთავრობის ახალი ინიციატივა და სხვა.
Xiaomi-ის ელექტრომობილების საწარმო წელიწადში 300 000 ერთეული ავტომობილის წარმოებას შეძლებს
მიუხედავად იმისა, რომ ჩინურმა გიგანტმა, Xiaomi-მ საკუთარი ავტოინდუსტრიული მომავლის შესახებ განცხადება არც ისე შორეულ წარსულში, მარტში, გააკეთა, მას უკვე დიდი ამბიციები გაუჩნდა. ავტორიტეტული მედიაგამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ეკონომიკური განვითარების სააგენტოს, Beijing E-Town-ის განცხადებით, Xiaomi-ის ახალ ელექტრომობილების საწარმოს ყოველწლიურად 300 000 ავტომობილის წარმოება შეეძლება.
კომპანიის განცხადებით, Xiaomi-ის საავტომობილო საწარმო ორ ფაზად აშენდება. მასობრივი წარმოების დაწყება კი ქარხანას 2024 წლისათვის შეეძლება. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ჩინური გიგანტი საკუთარი ელექტრომობილების დანაყოფის შტაბბინას, განვითარების, კვლევისა და გაყიდვების ოფისებს სწორედ პეკინში გახსნის. როგორც ჩანს, Xiaomi საკუთარი საცალო გაყიდვების მაღაზიების ელექტრომობილების გასაყიდად გამოყენებას გეგმავს.
საკმაოდ ამბიციური გეგმებისდა მიუხედავად, Xiaomi-ის საავტომობილო გეგმების შესახებ ჯერჯერობით ბევრი დეტალი უცნობია. უცნობია კომპანიის საავტომობილო სტრატეგია, მოდელების პროტოტიპები და საერთაშორისო ექსპანსიის სამომავლო გეგმებიც. მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ წარმატებული ტექნოლოგიური ბრენდი მომავალი ათი წლის განმავლობაში ელექტრომობილების დანაყოფში 10 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს, თუმცა კონკრეტულად რას მოხმარდება აღნიშნული თანხა ჯერჯერობით უცნობია.
მიუხედავად ამისა, პეკინის საწარმოს გახსნა და წარმოების სავარაუდო პოტენციალი ბევრის თქმის შესაძლებლობას იძლევა. როგორ ჩანს, ჩინური კომპანია არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე აპირებს საკუთარ კონკურენტებთან, Nio-სა და Xpeng-თან შერკინებას, არამედ ელექტრომობილების ინდუსტრიის საერთაშორისო გიგანტს, Tesla-საც დაუპირისპირდება.
Renault-ს საკულტო ავტომობილი „4“ რედიზაინის შემდეგ მფრინავი ავტომობილი გახდება
სხვა ავტომწარმოებლების მსგავსად, Renault-ც ცნობილია ადამიანის ემოციებზე ზემოქმედებით და საკულტო ავტომობილებისათვის ახალი სიცოცხლის შეძენით. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ავტომწარმოებელმა რამდენიმე კვირის წინ ყველასათვის ცნობილი მოდელი „5“-ის ახალი კონცეფცია წარადგინა და ის ელექტრომობილად გადააკეთა. როგორც ჩანს, ამჯერად კიდევ ერთი საკულტო მოდელის, „4“-ის რედიზაინის ჯერიც დადგა. Renault-ს ახალი მოდელი „4“, არც მეტი, არც ნაკლები, მფრინავი ავტომობილი იქნება.
ამ მიზნის განსახორციელებლად Renault-მ გადაწყვიტა, ამერიკულ დიზაინის კომპანია TheArsenal-თან ითანამშრომლოს და შექმნას ადამიანის ზომის დრონი, რომლის თავზეც ოთხადგილიანი ავტომობილის მოთავსების შესაძლებლობა იქნება. საინტერესოა ისიც, რომ კონცეპტი დაემთხვა Renault-ს „4“ მოდელის 60 წლისთავს. მფრინავი ავტომობილის დიზაინი კი იმის გამოვლინებაა, თუ სად უნდა იყოს ბრენდი გამოშვებიდან 60 წლის შემდეგ.
Renault-ს განცხადებაში ვკითხულობთ: Air4 არის სიმბოლო თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა“. ავტომობილის კორპუსი მთლიანად კარბონისაგან იქნება აგებული, რაც მას განსაკუთრებულ სიმსუბუქეს შესძენს. ის 22 000 მილიამპერი/საათის სიმძლავრის ელემენტით იქნება აღჭურვილი. თითოეულ პროპელერზე კი 95 კილოგრამი დაწოლა იქნება, რაც საერთო ჯამში ავტომობილის წონას 400 კილოგრამით განსაზღვრავს. Renault-ს მფრინავ ავტომობილს 93 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარის განვითარება შეეძლება. საინტერესოა, რომ ავტომწარმოებელი ამ გადაწყვეტილებით შეუერთდა იმ მწარმოებელთა რიგებს, რომლებიც უახლოეს პერიოდში მფრინავი ავტომანქანების გამოშვებას გეგმავენ. თუმცა, Renault-ს კონცეფცია სხვათაგან იმის განსხვავდება, რომ დრონის ფუნქციონალს გამოიყენებს.
Rolls-Royce-ის განცხადებით, მისი ელექტროთვითმფრინავი მსოფლიოში უსწრაფესია
მდიდრული ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია Rolls-Royce-მა გასულ პარასკევს განაცხადა, რომ მათ მიერ გამოშვებულმა სრულად ელექტროთვითმფრინავმა მაქსიმალური სიჩქარე, 623 კმ/სთ განავითარა, რაც მას მსოფლიოს ყველაზე სწრაფ ელექტროთვითმფრინავად აქცევს.
შეგახსენებთ, რომ Rolls Royce-ი არ გახლავთ გერმანული ავტომწარმოებლის, BMW-ის, მფლობელობაში არსებული Rolls Royce Motor Cars-ი, რომელიც მხოლოდ ავტომობილების წარმოებაზეა ორიენტირებული. ეს გახლავთ ამავე კომპანიის სხვა ინდუსტრიული ქსელი, რომელიც საკუთარ ტექნოლოგიებს განსხვავებული სფეროების განვითარებაზე ცდის. მაგალითად, გასულ კვირას ამავე Rolls Royce-მა ბირთვული რეაქტორების აშენებაში საკუთარი კონტრიბუციის გაღება გადაწყვიტა.
შესაბამისად, Rolls Royce-ის წარმოებულმა ელექტროთვითმფრინავმა ერთდროულად რამდენიმე რეკორდი მოხსნა და მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ელექტროთვითმფრინავის სტატუსიც დაიმსახურა. მან შეძლო ზედიზედ სამი კილომეტრის დაფარვა 555 კმ/სთ სიჩქარით, 15 კილომეტრის გავლა საშუალო 532 კმ/სთ სიჩქარით და სამი ათასი მეტრის გავლა მხოლოდ და მხოლოდ 202 წამში.
ამ პროექტის შექმნაში Rolls Royce-ს ელექტროძრავებზე სპეციალიზებული სტარტაპი YASA დაეხმარა, რომელიც სრულად Mercedes-Benz-ის შვილობილი კომპანიაა. როგორც ჩანს, საავტომობილო გიგანტები თანდათანობით საჰაერო მობილობის ინდუსტრიასაც იპყრობენ.
თუმცა საინტერესოა ისიც, რომ პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობა დიდი ბრიტანეთის მთავრობამაც მიიღო ბიზნესის, ენერგო- და ინდუსტრიული სტრატეგიის დეპარტამენტის ჩართულობის სახით. ბრიტანეთის მთავრობა პროექტის 50%-ს აფინანსებს.
Rolls Royce-ის ინფორმაციით, ელექტროთვითმფრინავი გადასაადგილებლად 400-კილოვატიან ელექტრო ძრავას იყენებს.
GMC საკუთარი ელექტრო Hummer-ების მიწოდებას დეკემბრიდან დაიწყებს
პირველი სრულად ელექტრო Hummer-ები საკუთარ მფლობელებს ამ წლის არდადეგებისათვის მიეწოდებათ. ავტოსიახლეების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პლატფორმის, Autoblog-ის ინფორმაციით, GMC-ის ხელმძღვანელმა, დანკან ალდრედმა ახალი ელექტრომობილების მიწოდება დეკემბრისთვის დააანონსა. ავტომობილების ახალ მფლობელებს GMC-ის ინოვაციურ მოდელში დაახლოებით 112 000 აშშ დოლარის გადახდა მოუწევთ. ელექტრო Hummer-ის ფასი სწორედ ამ ნიშნულიდან დაიწყება და გაიზრდება სხვადასხვა კომპლექტაციის მიხედვით.
GMC-ის მიერ წარმოდგენილი მოდელი ელექტრო Hummer-ის პირველი გამოცემა, ანუ პირველი ვერსია გახლავთ. აღნიშნულ ავტომობილს ერთი სრული დამუხტვით 530 კილომეტრის გავლა შეეძლება. თუმცა, ავტომწარმოებელი ცოტა ხნის წინ სხვანაირ სურათს მოელოდა. GMC-ის გათვლებით, ელექტრომობილს 563 კილომეტრის გავლა უნდა შეძლებოდა, თუმცა ამ ეტაპზე ამ მაჩვენებლის მიღწევა ვერ მოხერხდა. სავარაუდოა, რომ ამერიკული ავტომწარმოებელი დასახულ მიზანს ავტომობილის მეორე ვერსიის გამოშვებისას მიაღწევს.
GMC-ის ახალ გიგანტ მოდელს 1000 ცხენის ძალა ექნება. იგი 4 ტონას იწონის, რაც საკმაოდ დიდი წონაა. 0-დან 100 კილომეტრ/საათამდე აჩქარება ელექტრომობილს 3 წამში შეეძლება, რაც სამი ელექტროძრავის დამსახურებაა. გარდა ამისა, ელექტროჰამერს 3500 კილოგრამის გაწევა და 600 კილოგრამი ტვირთის ტარება შეეძლება.
მომავალ თვეში ავტომობილების მიწოდების დაწყებიდან, ის შეუერთდება იმ საკმაოდ მცირე ჩამონათვალს ელექტრომობილებისა, რომლებსაც მაღალი გამავლობა აქვთ. შეიძლება ითქვას, რომ შეერთებული შტატების ქუჩებში ახალ ელექტროჰამერთან ერთად მხოლოდ ერთი ელექტროპიკაპი Rivian R1T-ი გადაადგილდება. შეგახსენებთ, რომ სატვირთო ელექტრომანქანის, CyberTruck-ის, გამოშვებაზე ყველაზე მსხვილი ამერიკული ავტომწარმოებელი, Tesla-ც მუშაობს, თუმცა მათ ელექტრომობილის გამოშვება 2022 წლის აგვისტომდე გადადეს.
როგორც ჩანს GMC, ჰამერების SUV ვერსიებს 2023 წლისათვის გამოუშვებს.
ბრიტანეთის მთავრობის ინიციატივით, ინგლისში ყველა ახალ სახლს ელექტრომობილების დამტენი პუნქტი უნდა ჰქონდეს
გაერთიანებული სამეფოს ოფიციალური პირების მიერ დაანონსებული გეგმის თანახმად, ბრიტანეთში აშენებული ყველა ახალი სახლი ვალდებული იქნება, რომ საკუთარ პროექტებში ელექტრომობილების დამტენი პუნქტები დაიტანოს. ბრიტანული ინდუსტრიის კონფედერაციის ყოველწლიურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, აღნიშნა, რომ ამ რეგულაციის აუცილებლობა დამტენი პუნქტების სიმწირემ განაპირობა. ინიციატივის ფარგლებში კი ბრიტანეთის მთავრობას დამატებით 145 000 დამტენი პუნქტის განთავსება შეეძლება.
საინტერესოა, რომ 2022 წლიდან გარდა ახალაშენებული სამუშაო სივრცეებისა თუ სუპერმარკეტებისა, დამტენი პუნქტები აუცილებლობა გახდება ისეთი ობიექტებისთვისაც, რომლებიც დიდი რემონტის ფაზაში იმყოფებიან. რეგულაციები ისეთ დაწესებულებებსაც შეეხებათ, რომლებიც ამ პერიოდის შემდეგ საკუთარი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით რემონტს დაიწყებს.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, მათი გადაწყვეტილება, რომ ხელოვნურად გაზარდონ ელექტრომობილების დამტენი პუნქტების რაოდენობა, ეხმიანება იმ მზარდ მოთხოვნას ელექტრომობილებზე, რასაც ევროპის რეგიონში ამჟამად ვაწყდებით. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროპაში გაყიდული ავტომობილების 20% ელექტროა.
საინტერესოა ისიც, რომ 2030 წლიდან ევროპის ტერიტორიაზე ბენზინსა და დიზელის ძრავებზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვაც აიკრძალება, რაც ჰიბრიდულ ავტომობილებსა და ელექტრომობილებზე მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის. ბრიტანეთი კი ამ ტალღას მზად უნდა დახვდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბორის ჯონსონის ინიციატივაც.
შვედური ავტომწარმოებლის, Polestar-ის, ახალი მოდელი Precept-ის კონცეპტის ელექტრმობილია
გასულ წელს შვედურმა კომპანია Polestar-მა განაცხადა, რომ მის მიერ წარმოდგენილი Precept-ის ელექტრომობილის კონცეპტი რეალური საწარმოო მანქანა გახდებოდა. გასულ კვირას კი ავტომწარმოებელმა უკვე ავტომობილის საწარმოო ვერსია წარმოგვიდგინა და დაადასტურა, რომ ამ კონკრეტული მოდელის წარმოება 2024 წლიდან დაიწყება. თუმცა ელექტრომობილს არა Precept-ი, არამედ Polestar 5 ერქმევა.
საინტერესოა, რომ განსხვავებით სხვა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ავტომწარმოებლებისაგან, შვედური კომპანიის მიერ წარმოდგენილი საწარმოო ვერსია ძალიან ჰგავს მის პირვანდელ კონცეფციას. შეიძლება ითქვას, რომ თითქის მთელი სიზუსტითაა გადმოტანილი ბორბლების გრძელი ბაზა, „ზვიგენისებრი“ ცხვირი, დახვეწილი დიზაინი და გეომეტრიული ჭრებიც კი.
ძალიან დიდი ალბათობით, ავტომწარმოებელი აღნიშნული ელექტრომობილის ასაწყობად იმ პლატფორმას გამოიყენებს, რომელიც Polestar 3 SUV-სა და შემდეგი თაობის Volvo XC90-ის ასაწყობად გამოიყენება.
შეიძლება ისიც ითქვას, რომ აღნიშნული ავტომობილის საწარმოო მოდელის წარდგენით, კომპანია სრულიად გადაერთო ელექტრომობილების წარმოებაზე და დაასრულა კიდეც ერთი საწარმოო ხაზი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მოდელს იტევს. ესენია: Polestar 1, Polestar 2, Polestar 3 SUV, Polestar 4 და ახლა უკვე Polestar 5.
ამ ქმედებით, შვედური ავტომწარმოებელი Tesla-ს საწარმოო ხაზს იმეორებს, რომელსაც ყველა კლასის ელექტრომობილი გააჩნია. მას ეყოლება ელექტროსედანი, ჰეჩბექი, SUV და კროსოვერიც, რითaც ელექტროსაწარმოო ხაზს სრულყოფს კიდეც.
ჩიპების დეფიციტის გამო ოქტომბერში გაერთიანებულ სამეფოში 1956 წლის შემდეგ ყველაზე მცირე რაოდენობის მანქანა იწარმოა
გასულ თვეში, ბრიტანული ავტომობილების წარმოება ყოველწლიურად 41.4%-ით შემცირდა. ჩიპების დეფიციტისა და კოვიდის გავრცელების გამო საწარმოების დახურვის მიზეზით, ეს 1956 წლის შემდეგ ბრიტანეთში ყველაზე დაბალი საწარმოო რიცხვია. „ავტომწარმოებლებისა და მოვაჭრეების საზოგადოების“ მონაცემებზე დაყრდნობით, ოქტომბერში დიდ ბრიტანეთში ჯამურად 64 729 ავტომობილი იწარმოა.
აღნიშნული ვარდნა საკმაოდ კარგი რეფლექციაა მსოფლიოში არსებული ნახევარგამტარების დეფიციტის პრობლემისა. თუმცა, გარდა ამისა, წარმოებაზე გავლენა იქონია Honda-ს მიერ საწარმოს დახურვამაც. მიმდინარე წლის პირველი ათი თვის განმავლობაში ავტომობილების წარმოების რიცხვმა 721 505 ერთეული შეადგინა. ეს მაჩვენებელი კი 2.9%-ით ნაკლებია 2020 წლის მონაცემებზე, რომლის დროსაც საწარმოები თვეობით იყო დახურული და გაჩერებული.
„ავტომწარმოებლებისა და მოვაჭრეების საზოგადოების“ პროგნოზით, საავტომობილო წარმოების მაჩვენებელი წლის ბოლომდე 1 მილიონს ვერ გადააჭარბებს. ეს კი უკვე მეორე წელი იქნება, როდესაც ბრიტანეთში ერთ მილიონზე ნაკლები ავტომობილი დამზადდა. თუმცა, მათივე პროგნოზით, აღნიშნული ჩავარდნა 2022 წლიდან აღმოიფხვრება.
შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში წარმოშობილმა ნახევარგამტარების პრობლემამ უამრავ ავტომწარმოებელზე უარყოფითად იმოქმედა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით საავტომობილო გიგანტები იძულებულნი გახდნენ, საკუთარი წარმოებები დროებით შეეჩერებინათ. ამას კი ემატებოდა კოვიდის ახალი შტამით გამოწვეული შეფერხებები, რამაც საბოლოო ჯამში ბრიტანეთისათვის ამგვარი შედეგი გამოიღო.
დატოვე კომენტარი