Forbes Auto: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

Forbes Auto: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

წლის ბოლო თვის დადგომასთან ერთად, თითქოს ყველაფერი კულმინაციისაკენ უნდა მიდიოდეს, თუმცა, როგორც ჩანს, ავტომწარმოებლებისათვის დეკემბრის მოსვლა სულაც არ იძლევა შემაჯამებელ ნიშნებს. მეტიც, როდესაც გვგონია, რომ ყოველკვირეული სიახლეები ვეღარაფრით გაგვაოცებენ, სწორედ მაშინ ჩნდება რაღაც ისეთი, რაც ყველა ავტომოყვარულის განცვიფრებას იწვევს. გამონაკლისი არც დეკემბრის პირველი კვირა გამოდგა და მსოფლიოს გიგანტმა ავტომწარმოებლებმა კვლავ შეძლეს ჩვენთვის საინტერესო მასალის მოწოდება. შესაბამისად, უკვე ტრადიციისამებრ, Forbes Georgia ყოველკვირეულ ავტობლოგს წარმოგიდგენთ. ამ კვირის ბლოგში ჩვენ გავეცნობით ისეთ სიახლეებს, როგორიცაა: BMW-ს ახალი მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილის წარდგენა, Ford-ის პიკაპის 45-წლიანი ლიდერობის საიდუმლოებანი, სიახლეები Apple-ის ავტოწარმოების შესახებ, Toyota-ს ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია, და ერთდროულად რამდენიმე სიახლე Tesla-ს შიდა სამზარეულოდან.

Ford-ის პიკაპი უკვე 45 წელია, რაც ამერიკაში ყველაზე გაყიდვადი სატვირთო ავტომობილია

Ford Motor-ის F სერიის პიკაპი 2021 წელს ამერიკის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი ზედიზედ მე-40-დ გახდება. გარდა ამისა, ის ინდუსტრიის ყველაზე გაყიდვადი სატვირთო ავტომობილი იქნება ზედიზედ 45 წლის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ Ford-ის F-150 თუ სხვა მოდელები უკვე ათწლეულია ლიდერობენ აშშ-ის ბაზრის გაყიდვებს, წელს ამ ტიტულის შენარჩუნება განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. ეს კი პირდაპირ კავშირშია ბოლო დროს შექმნილ ნახევარგამტარების დეფიციტთან, რომლის გამოც ავტომწარმოებლები იძულებულნი გახდნენ, ახალი მანქანების წარმოება მნიშვნელოვნად შეემცირებინათ.

შესაბამისად, როგორც ჩანს, „ფორდს“ ძალიან უმძიმდა ამ სტატუსის დაკარგვის ალბათობა, ამიტომაც პიკაპების წარმოება ამერიკულმა გიგანტმა პრიორიტეტად გაიხადა და ეცადა, მის ხელთ არსებული ყველა გამოთავისუფლებული საწარმოო შესაძლებლობა სწორედ F-150-ისა და სხვა მოდელების წარმოებისაკენ მიემართა.

იმავე პრობლემამ მეორე ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი პიკაპის სტატუსი შესაძლოა, General Motors-ის Chevrolet Silverado-ს დააკარგვინოს. ამ შემთხვევაში კი უპირატესობას Stellantis-ის Ram პიკაპი იპყრობს ხელთ. ასე რომ ნახევარგამტარების დეფიციტმა ნათელყო ნებისმიერი ვითარების ცვლილების ძალიან მარტივი შესაძლებლობა. თუმცა, ამისდა მიუხედავად, „ფორდი“უპირატესობის მარტივად დათმობას არ აპირებს.

ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვებით Volkswagen-მა Tesla- გადაასწრო

გერმანულმა ავტომწარმოებელმა, Volkswagen-მა რამდენიმე დღის წინ საკუთარი შუალედური შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც 2021 წლის პირველ ნახევარში ევროპის ტერიტორიაზე გაყიდული ელექტრომობილებიდან 26% სწორედ მისია. ამ ანგარიშის მიხედვით, Volkswagen-ი ევროპის ტერიტორიაზე ელექტრომობილების გაყიდვების ლიდერი გახდა და ამერიკულ Tesla-საც გადაასწრო.

საინტერესოა, რომ ამ დრომდე ევროპაში ყველაზე პოპულარული ელექტრომობილი, Tesla Model 3 გახლდათ. თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო დროს  „ფოლკსვაგენის“ ადგილობრივმა წარმოებამ, ბრენდის სიახლოვემ და დაბალმა ფასმა გერმანულ ავტომწარმოებელს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია Tesla-სთვის წინააღმდეგობის გაწევაში.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის, კომპანია ბერლინის გიგანტურ ქარხანაში წლის ბოლოს წარმოებას იწყებს. ამან კი შესაძლოა, Volkswagen-ის ბაზარზე ლიდერობა ხანმოკლე გახადოს.

ავტოინდუსტრიის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ელექტრომობილების მზარდ ბაზარზე Volkswagen-ის უპირატესობას მის მიერ ცნობილი და მდიდრული ბრენდების, Audi-ის, Bentley-სა და Porsche-ს ფლობა განაპირობებს. Volkswagen-ის ყველაზე პოპულარული ელექტრომობილი ევროპაში ID.3 გახლავთ, ჰეჩბექის ფორმის ავტომობილი, რომლის ღირებულებაც 40 000 აშშ დოლარიდან იწყება. 2020 წლის სექტემბერში გერმანულმა ავტომწარმოებელმა ელექტრომობილების ხაზის SUV მოდელი, ID.4 გამოუშვა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მისი ყველაზე პოპულარული ელექტრომობილია.

თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გლობალურ ბაზარზე Tesla გერმანულ კონკურენტს მნიშვნელოვნად ჯაბნის. 2021 წლის პირველ სამ კვარტალში Tesla-მ 627 000 ელექტრომობილი გაყიდა, Volkswagen-მა კი – 293 000. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ Volkswagen-ი სხვა ტრადიციულ ავტომწარმოებლებთან ერთად მომდევნო ათი წლის განმავლობაში რამდენიმე ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ბოლო დროს Volkswagen-ს მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციასთან დაკავშირებითაც, რომელიც იმედია მალევე აღმოიფხვრება. შესაბამისად, მის განვითარებას ბიუროკრატიული ნაწილი ხელს არ შეუშლის და ნაკლებად დააბრკოლებს.

Apple-ის მთავარი ავტოინჟინერი სამუშაოდ ელექტროსაავიაციო სტარტაპ  Archer-ში გადავიდა

Apple-ის სპეციალური პროექტების საინჟინრო ჯგუფის დირექტორი, მაიკლ შვეკუტჩი, რომელიც ამერიკული კომპანიისათვის თვითმართვადი ავტომობილის შექმნაზე მუშაობდა, ელექტროსაავიაციო სტარტაპს, საჰაერო ტაქსის ტექნოლოგიურ კომპანია Archer-ს შეუერთდა ინჟინერიის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე. შვეკუტჩმა საკუთარი პოზიციის ცვლილების შესახებ ინფორმაცია LinkedIn-ის გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც ჩანს, Apple-ს ძალიან უჭირს წამყვან პოზიციებზე მომუშავე პიროვნებების შენარჩუნება. ზემოთ აღნიშნული შემთხვევა კი მხოლოდ უკანასკნელი მაგალითია ამისა. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში თანამდებობა სპეციალური პროექტების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, დაგ ფილდმაც დატოვა და სამუშაოდ Ford-ში გადავიდა. აღნიშნულ კომპანიაში კი ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ამბავი ნათელი მაგალითია იმისა, რომ კლიმატის საკითხებზე მომუშავე ტექნოლოგიურ სტარტაპებს ბევრად უფრო დიდი შესაძლებლობა აქვთ, მიიტაცონ ყველაზე კვალიფიციური ინჟინრები მსოფლიოს წამყვანი კომპანიებისაგან.

მაიკლ შვეკუტჩი ამ მხრივ კი მეტად მნიშვნელოვანი ფიგურა გახლავთ. ის აქამდე Tesla-ს საინჟინრო განყოფილებასაც ხელმძღვანელობდა და საკუთარი კარიერის განმავლობაში 100-მდე პატენტი აქვს შექმნილი ისეთი კომპანიებისათვის, როგორიც Tesla, BMW, Porsche და სხვა ცნობილი ავტობრენდებია.

როგორც თავად მიხვდით, Archer-ი ტექნოლოგიური სტარტაპი გახლავთ, რომელიც საჰაერო ელექტროტაქსის შექმნაზე აქტიურად მუშაობს.

Daimler-ის სამეთვალყურეო საბჭომ Mercedes-Benz-ისათვის 60 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის გამოყოფა გადაწყვიტა

კომპანიის განცხადებით, Daimler-ის სამეთვალყურეო საბჭომ რამდენიმე დღის წინ ხელი მოაწერა 60 მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიციის გამოყოფას Mercedes Benz-ის ავტომობილებისა და ფურგონების წარმოებისათვის. აღნიშნული ოდენობის ინვესტიციას კომპანია 2022-დან 2026 წლამდე პერიოდში ეტაპობრივად მიიღებს.

REUTERS/Ralph Orlowski

საინტერესოა, რომ 10 დეკემბერს კომპანიის ავტომობილებისა და ფურგონების განყოფილება სატვირთოებისა და ავტობუსების განყოფილებას გამოეყოფა. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტი კი ელექტრომობილების წარმოებისა და პროგრამული უზრუნველყოფის საკითხების დახვეწა იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში გერმანულმა ავტომწარმოებელმა ხარჯების შემცირების გეგმა წარმოადგინა. მათი გეგმით, კაპიტალის ხარჯები 2019 წელთან შედარებით 20%-ით უნდა შემცირებულიყო. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ეს  გეგმა კვლავ ძალაში რჩება და ის 2025 წლამდე სხვა მრავალ ნაბიჯს გულისხმობს. შესაბამისად, Daimler-ის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გამოყოფილი თანხები სრულად მოხმარდება ბრენდის ელექტრიფიკაციას, გაფიცრულებასა და ავტონომიურ მართვაზე გადასვლას.

სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია თითო მანქანაზე წმინდა შემოსავლების ზრდისაკენ სწრაფვა და პირდაპირი გაყიდვების მოდელების დანერგვაც. კომპანიის განცხადებით, ბევრია სამუშაო ელექტრომობილების ელემენტების ტექნოლოგიაზე, რათა შემცირდეს მათი ღირებულება, რაც საბოლოო ჯამში თავად ელექტრომობილების ღირებულებასაც მნიშვნელოვნად შეამცირებს.

Toyota საკუთარი ელექტრომიზნების განსახორციელებლად ჩინურ კომპანიასთან იწყებს თანამშრომლობას

მომავალი წლიდან Toyota Motor Corp-ი ჩინეთში მცირე ზომის ელექტროსედანს  გამოუშვებს. საკმარისი რესურსის მოსაპოვებლად და ტექნოლოგიური მხარდაჭერის გასაწევად აღნიშნული მიზნისათვის Toyota ჩინურ BYD-თან ითანამშრომლებს.

REUTERS/Aly Song

სფეროს ექსპერტების უმეტესობა Toyota-ს ახალ ავტომობილს ელექტრომობილების წმინდა გრაალს უწოდებს, რომლისთვისაც ეს უკანასკნელი მრავალი წლის განმავლობაში იღვწოდა. ეს იქნება მცირე ზომის ელექტროსედანი, რომელიც მნიშვნელოვან წინააღმდეგობას გაუწევს ჩინურ შედარებით მცირებიუჯეტიან ელექტრომობილებს, თუმცა ამავდროულად შეინარჩუნებს კომფორტის მაღალ ხარისხს.

როგორც ჩანს, Toyota ამ ყველაფრის მიღწევას ჩინური კომპანიის, BYD-ის ტექნოლოგიების დახმარებით გეგმავს. BYD აწარმოებს ელექტრომობილების ძრავის ელემენტებსა და დაბალდანახარჯიან საინჟინრო გადაწყვეტებს, რომელთა ღირებულებაც ბაზარზე არსებულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, Toyota-ს ახალი ელექტრომობილი ოდნავ უფრო დიდი იქნება, ვიდრე მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი, Toyota Corolla. სხვაგვარად Toyota-ში ახალ მოდელს Corolla-ს უწოდებენ, ოღონდ უფრო დიდი უკანა სავარძლებით.

შეგახსენებთ, რომ Toyota მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია. შესაბამისად, მოლოდინიც მისი ახალი მოდელებისადმი ყოველთვის განსაკუთრებით დიდია. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, რას შემოგვთავაზებს Toyota ჩინეთის ბაზრისათვის.

BMW-მ ახალი მაღალი გამავლობის ჰიბრიდული მოდელი XM წარადგინა

ორშაბათს გერმანულმა ავტომწარმოებელმა, BMW-მ, ახალი მაღალი გამავლობის ავტომობილის პროტოტიპი წარადგინა. საწარმოო ხაზის ახალ წარმომადგენელს XM ერქმევა და ის კომპანიის M განაყოფის ღირსეული წარმომადგენელი იქნება. ახალი ავტომობილი დამუხტვადი ჰიბრიდი იქნება.

კომპანიის მიერ წარმოდგენილ მაღალი გამავლობის ავტომობილს 8ცილინდრიანი შიდაწვის ძრავა და ელექტროძრავა ექნება, რომელთაც ჯამში 750 ცხენის ძალისა და 737 მაბრუნებელი მომენტის, იმავე თორქის, გამომუშავება შეეძლებათ.

გერმანული ავტომწარმოებლის სპიკერმა  თავი შეიკავა იმის განმარტებისგან, იგივე სპეციფიკაციები ექნება თუ არა უკვე საწარმოო მოდელს. თუმცა მან აღნიშნა, რომ ავტომობილი M კატეგორიით გამოშვებული ყველაზე მძლავრი მანქანა იქნება ისტორიაში.

გარდა ამისა, კომპანიის განცხადებით, ავტომობილის გაყიდვებისათვის უმთავრესი ბაზარი შეერთებული შტატები იქნება. ავტომწარმოებელმა კონცეპტის გაცნობისას დამატებით აღნიშნა, რომ ავტომობილის წინა მხარე სრულად ახალი დიზაინია BMW-ის მომავლის მდიდრულ მოდელებში. რაც შეეხება ავტომობილის ინტერიერს, მასში შევხვდებით ვინტაჟური სტილის ტყავს, სპილენძსა და კარბონის მატერიით გაწყობილ დეტალებს. ინტერიერში ასევე განთავსებული იქნება ციფრული მოწყობილობები და დიდი მართვის ცენტრი.

საინტერესოა ისიც, რომ ავტომობილი არა სრულად ელექტრო, არამედ დამუხტვადი ჰიბრიდია. ამ დეტალმა ავტოექსპერტების დიდი ყურადღება მიიპყრო, რადგან მომავლის ავტომობილების 99% სწორედ სრულად ელექტროძრავებს ითვალისწინებს. საავტომობილო ინდუსტრია ბოლო პერიოდია, მთლიანად ელექტროძრავებზეა კონცენტრირებული. მეტიც, ავტოინდუსტრიის სიახლეების უმეტესობაც სწორედ ამ თემას უკავშირდება, თუმცა გერმანულმა ავტომწარმოებელმა მაინც ტრადიციული მიდგომები არჩია.

სანაცვლოდ, კომპანია ირწმუნება, რომ 2030 წლისათვის მისი გაყიდვების 50% სწორედ ელექტროძრავიანი ავტომობილებისაგან იქნება შემდგარი.

ავტომწარმოებლის განცხადებით, ახალი BMW XM-ის ელექტროძრავას დამოუკიდებლად 50-მდე კილომეტრის გავლა შეეძლება.

ილონ მასკის განცხადებით, პირველ CyberTruck-ს ოთხი ძრავა ექნება

2022 წელს, პირველი CyberTruck-ის საწარმოო ხაზში ჩაშვებას უამრავი ჩვენგანი ელოდება. ყველას გვაინტერესებს, თუ რა იქნება მასში ისეთი განსაკუთრებული, რამაც მისი წარმოების პერიოდი ასე ძლიერ გაახანგრძლივა. შესაბამისად, დროდადრო ისეთ სიახლეებსაც ვიგებთ, რაც ჩვენს ავტომოყვარულ ცნობისმოყვარეობას მცირედით, თუმცა მაინც აკმაყოფილებს.

როგორც ცნობილი ამერიკელი მილიარდერი, Tesla-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი იუწყება, პირველ CyberTruck-ებს 4 ძრავა ექნება. მისი განმარტებით, ამგვარად ავტომობილს შეეძლება, ინდივიდუალური, დამოუკიდებელი კონტროლი ჰქონდეს თითოეულ საბურავზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ელექტრომობილის მაბრუნებელ მომენტს, იმავე თორქს.

თუმცა, სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ეს დეტალი ავტოინდუსტრიაში და თუნდაც ელექტრომობილების ინდუსტრიაში სიახლე სულაც არ გახლავთ. მსგავს მექანიზმს კიდევ ერთი ელექტროპიკაპების მწარმოებელში, Rivian-ის R1T მოდელშიც ვხვდებით.

გარდა ამისა, ილონ მასკმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ახალ მოდელს წინა და უკანა წამყვანი თვლები ექნება. შეგახსენებთ, რომ იმავე ფუნქციონალს Hummer-ის ახალი ელექტრომობილიც გვთავაზობს. ოთხივე წამყვანი თვალი აქვს Nissan-ის e-4orce ავტომობილსაც, რომლის ტექნოლოგიაც მთავარის რობოტების პროტოტიპებშიც კი გამოიყენება.

საინტერესოა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში Tesla-მ საკუთარი საიტიდან CyberTruck-ის ყველა სპეციფიკაცია და ფასები აიღო. ავტომობილის მომავალი მფლობელები, დამატებით 100 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში, თავიანთი შეკვეთის კონფიგურირებას თავად  შეძლებენ მას შემდეგ, რაც Tesla CyberTruck-ის წარმოებას დაიწყებს. ეს კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მომავალ წელს არის დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *