გასული კვირა საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა ავტომოყვარულებისათვის. შეიძლება ითქვას, რომ საახალწლო პაუზის შემდეგ ინდუსტრია მთლიანად დაიქოქა და ძრავებიც მწყობრშია. ამიტომაც, მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლები კვლავ განაგრძობენ მომხმარებლების სიახლეებით განებივრებას. Forbes Georgia-ს მიმდინარე კვირის ავტობლოგში თქვენ გაეცნობით ისეთ სიახლეებს, როგორიცაა: როგორია Subaru-ს მიერ ახალი სარბოლო ელექტრომანქანის კონცეპტი, Toyota-ს გეგმის შესასრულებლად აუცილებელი ზომები, როგორია Volkswagen-ისა და Bosch-ის თანამშრომლობის კონცეფცია, როგორია მოლაშქრეების საოცნებო კონცეპტუალური ფურგონი, რა შეეძლება Apple-ის ავტოგასაღებს და სხვა.
GM-მა ახალი მაღალი გამავლობის Cadillac Escalade წარადგინა
ამერიკულმა ავტომწარმოებელმა, General Motors-მა საკუთარი ფლაგმანის, Cadillac Escalade-ის ახალი საწარმოო ხაზი წარმოადგინა. აღნიშნული ავტომობილი კიდევ ერთი მძლავრი ეგზემპლარი გახლავთ კომპანიის ცნობილი ავტომობილებიდან. როგორც ჩანს, Cadillac-ი ცდილობს, რომ 2035 წელს სრულად ელექტროწარმოებაზე გადასვლამდე, წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების რესურსი მაქსიმალურად გამოიყენოს.
გასულ კვირას, GM-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 2023 წლის Cadillac Escalade V-Series-ი აქამდე არსებულ ავტომობილთა შორის ყველაზე მძლავრი და დახვეწილი იქნება. ამის თქმის საშუალებას კი მისი ინტერიერი, ექსტერიერი და ინოვაციური ტექნოლოგიები იძლევა.
შეიძლება ითქვას, რომ ახალი V-Series-ის კადილაკი წინამორბედების ხასიათს გაიმეორებს, თუმცა ბევრად უფრო დიდი შესაძლებლობები ექნება. საინტერესოა ისიც, რომ ავტომწარმოებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ძრავის ხმაც უფრო მეტად სპორტული ავტომობილის ხმას წააგავს, ვიდრე კლასიკური SUV-სას.
ამერიკული ავტომწარმოებლის მონაცემებით, ავტომობილი 6.2 ლიტრის მოცულობის 8-ცილინდრიანი ძრავით იქნება აღჭურვილი. ახალ კადილაკს 668 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლება. წინა თაობის Escalade-სათვის კი ეს მაჩვენებელი 420 ცხენის ძალას უტოლდებოდა. შესაბამისად, პროგრესი აშკარაა.
GM-მა დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისაგან ჯერჯერობით თავი შეიკავა. მათი მტკიცებით, უფრო მეტი ავტომობილის შესახებ გაზაფხულზე გახდება ცნობილი. უნდა აღინიშნოს, რომ Cadillac-იც, სხვა ავტომწარმოებლების მსგავსად სრულად ელექტროძრავიანი მანქანების წარმოებამდე, მათი კლასიკური მოდელებით მაქსიმალური სარგებლის მიღებას ცდილობს. კონკრეტულად Escalade მოდელი ელექტროძრავიანი ავტომობილი 2030 წლიდან გახდება.
იაპონურმა Subaru-მ ახალი სარბოლო ელექტრომობილი წარადგინა
მიუხედავად იმისა, რომ იაპონური ავტომწარმოებელი, ყველასათვის კარგად ცნობილი Subaru ელექტრომობილების სამყაროში ახალბედაა, ის არ წყვეტს ახალი მოდელების გამოშვებას და ამით განაგრძობს ჩვენს გაოცებასაც. გასულ კვირას, ტოკიოს ავტოჩვენებაზე Subaru-მ კიდევ ორი ახალი ელექტრომობილის კონცეპტი წარადგინა.
ახალ ელექტრომობილებს შორის ავტომწარმოებლის პირველი სარბოლო ელექტრომანქანაც გვხვდება. Subaru-მ ტოკიოში ახალი STI E-RA წარადგინა, რომელსაც 1073 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლება. ამ ყველაფერს კი ელექტრომობილი Yamaha-ს 4 ელექტროძრავით შეძლებს. ავტომობილს ოთხივე წამყვანი საბურავი ექნება, რაც მას უნიკალურ მაბრუნებელ სისტემასა და სტაბილურობას მიანიჭებს.
მიუხედავად იმისა, რომ 60-კილოვატ/საათიანი ელექტროძრავა საკმაოდ პატარაა, Subaru-ს მტკიცედ სჯერა, რომ ახალი STI E-RA სარბოლო ბილიკზე თავს შესანიშნავად დაიჭერს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ავტომობილით 2023 წელს ცნობილ Nurburgring-ის ავტოდრომზე ერთი წრის დარტყმას 6 წუთსა და 40 წამში შეძლებენ.
ეს ისეთივე საამაყო მაჩვენებელი არ არის, როგორიც გერმანული Volkswagen-ის ID.R-ს აქვს (6 წუთი და 5 წამი), თუმცა კომფორტულ უპირატესობას იძლევა, მაგალითად, Tesla-ს Model S Plaid-თან, რომლის დროც 7 წუთსა და 35 წამს შეადგენს. იაპონელები საკუთარი ახალი სარბოლო ელექტრომობილის საკუთარსავე ავტოდრომებზე დატესტვას 2022 წლის ბოლოდან დაიწყებენ.
გარდა აღნიშნული მოდელისა, Subaru-მ ტოკიოს ავტოჩვენებაზე ახალი Solterra STI-ც წარადგინა. სახელიდანაც ვხვდებით, რომ ეს Solterra-ს კროსოვერის უფრო სპორტული ვერსია იქნება.
Toyota-ს ყოველწლიური გეგმის განსახორციელებლად მარტში 1 მილიონი ავტომობილის წარმოება მოუწევს
იაპონური ავტომწარმოებლისათვის გასული წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვებისა და ჩიპების დეფიციტის გამო, ავტომწარმოებელი საკუთარ ყოველწლიურ გეგმას მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
Toyota Motor Corp-ის ინფორმაციით, კომპანია თებერვალში 700 000 ერთეულ ავტომობილს აწარმოებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც 10%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. თუმცა იმისათვის, რომ ყოველწლიური გეგმა შეასრულონ და 9 მილიონი ავტომობილის გამოშვება შეძლონ, კომპანიამ მარტში დამატებით 1 მილიონი ერთეული ავტომობილი უნდა აწარმოოს.
აღნიშნულ ინფორმაციას იაპონური ბიზნესჟურნალი, Nikkei ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ მათ აქამდეც არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია Toyota-ს საჭიროებების შესახებ ყოველწლიური გეგმის შესასრულებლად. იაპონური Toyota-ს პრესმდივანმა აღნიშნულ ინფორმაციაზე რაიმე სახის კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა. შესაბამისად, უშუალოდ კომპანიისაგან ჯერ არ მოგვისმენია, თუ რა გზით აპირებს ის 31 მარტამდე სასურველი შედეგის მიღწევას.
მსოფლიოს ყველაზე დიდი ავტმოწარმოებელი ბოლო თვეებია, განსაკუთრებულად ცდილობს წლის დასაწყისში არსებული ჩავარდნის აღმოფხვრას. კომპანიის ბიზნესწელი 31 მარტს მთავრდება, შესაბამისად, მისთვის შესაძლოა, სასიცოცხლოდ საჭირო აღმოჩნდეს წლის დასაწყისში დასახული გეგმების შესრულება. როგორც წესი, ასეთი ინდიკატორები და წლის ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიშები დიდ გავლენას ახდენს ხოლმე ინვესტორთა გადაწყვეტილებებზე. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ 31 მარტს და ერთად გავიგოთ, შეძლო თუ არა იაპონურმა Toyota-მ საკუთარი გეგმების განხორციელება.
Volkswagen-ი და Bosch-ი ელექტროძრავების ელემენტების საწარმოებლად ითანამშრომლებენ
გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen-ი და Bosch-ი ელექტროძრავებისათვის საჭირო ელემენტების საწარმოებლად კოლაბორაციას შემოგვთავაზებენ. მათი მიზანი კი ევროპაში ენერგოეფექტიანი ელემენტების ქსელის შექმნა იქნება.
ორმა კომპანიამ გასულ კვირას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმადაც ისინი ერთმანეთს ყველა საჭირო ტექნოლოგიითა თუ რესურსით დაეხმარებიან. რაც მთავარია, აღნიშნული თანამშრომლობით შექმნილი ელემენტები ევროპის ბაზრისათვის იქნება, რამაც შესაძლოა მისი ღირებულება შედარებით შეამციროს.
ელექტროძრავების ელემენტების ერთობლივ კომპანიას Volkswagen-ი და Bosch-ი მიმდინარე წლის ბოლოსათვის დაარეგისტრირებენ. Volkswagen-ის ტექნოლოგიების საბჭოს წევრის განმარტებით, ყველაზე დიდი უპირატესობა გეოგრაფიული მდებარეობაა. მისი მოსაზრებით, ევროპას აქვს პოტენციალი, მომდევნო წლების განმავლობაში გლობალური ელემენტების მიმწოდებელიც კი გახდეს.
საინტერესოა, რომ Bosch-ი აღნიშნული ინდუსტრიიდან რამდენიმე წლის წინ გავიდა. თუმცა გერმანულ ავტომწარმოებელთან თანამშრომლობით მას შანსი აქვს, საკუთარი ბედი ამ სფეროში კიდევ ერთხელ სცადოს. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც ინდუსტრიისადმი მოთხოვნა დღითი დღე იზრდება.
ცნობისათვის, ევროპას ელემენტების წარმოებაში ძალიან უჭირს. ისინი ელექტროძრავებისათვის საჭირო ელემენტების წარმოებაში ჩინეთსა და ზოგადად აზიის რეგიონს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან. სფეროს ექსპერტების მოლოდინით, 2030 წლისათვის ევროპაში ელემენტების წარმოება 700 გიგავატ/საათს გაუტოლდება. შესაბამისად, Volkswagen-ისა და Bosch-ის სამომავლო ურთიერთობას სტრატეგიული თანამშრომლობაც შეგვიძლია ვუწოდოთ.
Airstream-მა კონცეპტუალური სალაშქრო ელექტროტრეილერი წარადგინა
სხვა ავტომწარმოებლების მსგავსად, ელექტრომობილების ინდუსტრიაში Airstream-მაც შეაბიჯა. Autoblog-ის ინფორმაციით, ბრენდმა რამდენიმე ელექტროტრეილერის კონცეპტი წარმოადგინა, რომელთა შორის eStream-იც არის. ორი ელექტროძრავის მქონე ტრეილერი არა მხოლოდ ბუნდოვანს ხდის მისაბმელი ტრანსპორტის კონცეფციას, არამედ მისი მართვა საკუთარი სმარტფონებიდანაც შეგეძლებათ.
აპლიკაციის დახმარებით, სალაშქრო ფურგონის მდგომარეობის ცვლილება, შემობრუნება ან სულაც ადგილმდებარეობის შეცვლაც შესაძლებელი იქნება. გარდა აღნიშნული სიახლისა, Thor-მა ახალი ხედვის ელექტრო ფურგონი, Ford-ის Transit-ის ბაზაზე შექმნილი ელექტრო RV წარმოადგინა. მიუხედავად მისი დიზაინის განსხვავებულობისა, ახალ ელექტრო ფურგონს ერთი სრული დამუხტვით 480 კილომეტრის გავლა შეეძლება. შესაძლოა, ლაშქრობის მოყვარულთათვის ეს რიცხვი საკმაოდ დაბალი იყოს, თუმცა, როგორც მწარმოებლები გვპირდებიან, ავტომობილს უახლოესი დამტენი პუნქტების მოძებნის ოფციაც ექნება, რაც პრობლემას მარტივად გადაჭრის. მთავარია, შესაბამისი ინფრასტრუქტურა გამართული იყოს.
აღნიშნული მოდელების გამოსვლის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია. თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ კონცეფციებმა ლაშქრობის მოყვარულთა გულები უკვე მოიგო. ჩასაბმელი ტრეილერის ტარება ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა მისი წონისა და დამატებითი ძალის საჭიროების გამო. მისმა გაელექტროებამ კი შესაძლოა აღნიშნული დაბრკოლება სრულად აღმოფხვრას. შესაბამისად, ჩასაბმელ ტრეილერთან ერთად სალაშქროდ გამგზავრება მის მოყვარულთათვის უფრო კომფორტული გახდება.
Apple-ის ციფრულ მანქანის გასაღებს ზაფხულიდან Hyundai-სა და Genesis-ის მოდელებთან დაკავშირება შეეძლება
Apple-ის ციფრული გასაღების ოფციის მოხმარების რადიუსი შესაძლოა ზაფხულისთვის გაფართოვდეს. მისი გამოყენებისათვის თქვენ BMW-ს ფლობა აღარ დაგჭირდებათ. Bloomberg-ის ინფორმაციით ზაფხულიდან Apple-ის CarKey ფუნქციის გამოყენება Hyundai-სა და Genesis-ის ავტომობილებსაც შეეძლებათ. გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის თუ რომელი ავტომობილები ისარგებლებენ აღნიშნული ფუნქციონალით, თუმცა დიდი ალბათობით ეს მოდელები იქნებიან: Ioniq 5 და სხვა ავტომობილები, რომლებიც NFC-თი არიან აღჭურვილნი.
ცნობისათვის, Apple-ის აღნიშნული ფუნქცია განსხვავებით იმავე შესაძლებლობის მქონე სხვა აპლიკაციებისაგან, ფიზიკური გასაღების განცდას ტოვებს. CarKey-ს ფუნქციით სარგებლობისას საკმარისია თქვენი სმარტფონი ან Apple Watch-ი მანქანის კარის სახელურთან მიიტანოთ, რომ ის მაშინვე გაიხსნება. ხოლო თქვენი მობილურის სპეციალურ ადგილზე მოთავსების შემთხვევაში, თქვენ ავტომობილის დაქოქვასაც შეძლებთ.
ასევე, ცნობისათვის, iPhone 11-სა და შემდეგი მოდელების მფლობელებს იმავე ქმედებების შესრულება მობილურის ჯიბიდან ამოუღებლადაც შეუძლიათ. თუკი გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, Apple-ი საკუთარ აუდიტორიას კიდევ უფრო გაზრდის.
დატოვე კომენტარი