Forbes Auto: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

Forbes Auto: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირა მნიშვნელოვანი საავტომობილო სიახლეებით იყო დატვირთული. რუსეთის ბაზრიდან მთელი რიგი ავტომწარმოებლების გასვლის შემდეგ, ტექნოლოგიური და საწარმოო სიახლეების ჯერიც დადგა. უნდა გვესმოდეს, რომ გიგანტი ავტომწარმოებლებისათვის რუსეთის ბაზრიდან გასვლა შესაძლოა განვითარების დროებით შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდეს, რადგან ავტოკომპანიები წლობით განხორციელებულ მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ფაქტობრივად უპატრონოდ ტოვებენ. თუმცა ეს ის ფასია, რისი გადახდაც რუსული აგრესიის შესაჩერებლად ნამდვილად ღირს. ელექტრომატარებლების ინდუსტრიის განვითარების ტემპები, Rivian-ის 2021 წლის გაყიდვები, BMW-ის ძრავების პრობლემები, F150-ის ტექნოლოგიური ტრიუმფი, Volkswagen-ის მიერ გაცოცხლებული ლეგენდა თუ Ducati-ის მიერ წარდგენილი პირველი ელექტროველოსიპედი – ამ და სხვა სიახლეებს Forbes Georgia-ს მიმდინარე კვირის ავტობლოგში გაეცნობით.

Rivian-მა 2021 წელს მომხმარებლებს 1000 ელექტრომობილი მიაწოდა

Ford-ისა და Amazon-ის მიერ მხარდაჭერილმა ავტომწარმოებელმა, ამერიკულმა Rivian-მა 2021 წლის მეოთხე კვარტალში მომხმარებლებს 909 ელექტრომობილი მიაწოდა. ჯამში კი კომპანიამ გასულ წელს სულ 1000 ელექტრომობილი გაყიდა. ცნობისათვის, Rivian-ის აქციები საფონდო ბირჟებზე საჯაროდ სწორედ შარშან განთავსდა.

ფოტო: Rivian

წელს, 8 მარტის მონაცემებით, კომპანიამ მომხმარებლებს 2 425 ელექტრომობილი უკვე მიაწოდა. თუმცასაკუთარ რიგს კიდევ 83 000-მდე მომხმარებელი ელოდება. მათ Rivian-ს მისი პრემიუმ-კლასის ელექტრომობილი წინასწარ შეუკვეთეს.

თუმცა, გასულ წელს წარმოქმნილი მრავალი პრობლემის გამო, კომპანიას წარმოების შეჩერება მრავალჯერ მოუწია. ჩიპების დეფიციტმა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემებმა კომპანიის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეაფერხა. წელს ვითარება საგრძნობლად შეიცვალა, თუმცა ზემოთ აღნიშნული მომხმარებლების დაკმაყოფილება სრულად მაინც ვერ მოხდება.

Rivian-ის მიერ გავრცელებული წერილის თანახმად, 2022 წელს 25 000 ერთეული ელექტრომობილის წარმოება იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, კომპანია წელს Amazon-ისათვის განკუთვნილ 25 000 ელექტროფურგონსაც აწარმოებს.

გასული წელი Rivian-ისათვის ფინანსურადაც მძიმე გამოდგა. მთლიანი ფისკალური წლის განმავლობაში კომპანიამ 4.5 მილიარდი აშშ დოლარით იზარალა. ცნობისათვის, Rivian-ი შარშან პირველი ელექტროპიკაპი გახლდათ, რომელიც ფუნქციური გახდა. ამით კი მან ინვესტორების ყურადღება მიიპყრო და აქციების საჯაროდ გამოტანის შემდეგ 14 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციაც მოიზიდა. თუმცა საკმაოდ ნელმა საწარმოო ტემპმა კომპანიისათვის მოგების მოტანა ვერ შეძლო. ინვესტორები იმედოვნებენ, რომ ავტომწარმოებელი ვითარების შეცვლას მალევე შეძლებს და უწინდელ მოლოდინებს გაამართლებს.

Volkswagen-მა ჰიპი ავტობუსი თანამედროვე სახით, ელექტრო ID.Buzz-ად გააცოცხლა

გერმანულმა ავტომწარმოებელმა, Volkswagen-მა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ავტომობილის, ჰიპების მოძრაობის სიმბოლოს, Type 2 ფურგონის გაცოცხლება დააანონსა. 60-იანი წლების ლეგენდარული ფურგონი სრულიად სახეცვლილი დაბრუნდება და ელიან, რომ მომხმარებელთა გულებს ის თავიდან მოიგებს. Volkswagen-ი ახალ ფურგონს ID.Buzz-ს დაარქმევს და ის სრულად ელექტრო იქნება.

ფოტო: VW

ახალი ელექტროფურგონის ხილვა ორი კომპლექტაციით იქნება შესაძლებელი. ერთი ჩვეულებრივი სამგზავრო ტიპის ტრანსპორტი იქნება, მეორე კი – სატვირთო. პირველები, ახალ ფურგონს მიმდინარე წლის ბოლოსაკენ სწორედ ევროპელები იხილავენ. როგორც ჩანს, Volkswagen-ი აღნიშნულ ავტომობილზე დიდ იმედებს ამყარებს, რადგან მის მარკეტინგზეც საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა იხარჯება. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომავალში ელექტროფურგონის უამრავი კომპლექტაცია იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის როგორც კონკრეტული რეგიონებისთვის განკუთვნილი, ისე თვითმართვადი ვერსიები.

ამერიკელი მომხმარებლებისათვის ფურგონი ხელმისაწვდომი 2024 წლიდან იქნება. თუმცა, კომპანიის ამერიკული რეგიონის პრეზიდენტის განცხადებით, ეს ლოდინი ამად ეღირება. ამერიკული ბაზრისათვის განკუთვნილი ID.Buzz-ი რადიკალურად განსხვავებული იქნება.

როგორც ჩანს, Volkswagen-ი ჰიპების სიმბოლოდ ქცეულ ავტომობილში დიდი რაოდენობით ინვესტიციას ახორციელებს და, შესაბამისად, შემოსავლების მოლოდინიც დიდი აქვს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ავტომობილი ელექტრო იქნება, თუმცა კონკრეტულ სპეციფიკაციაზე ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. როგორც იცით, ფურგონი შორ გზებზე სამოგზაუროდ იყო განკუთვნილი, ამიტომ მოსალოდნელია, რომ მისი ელექტროძრავა ერთი დამუხტვით საკმაოდ დიდ მანძილს დაფარავს.

Volkswagen-ის გეგმები, ელექტროინდუსტრიაში ამბიციურად შებიჯებასთან დაკავშირებით,ჯერჯერობით მართლდება. ვნახოთ, რა სიახლეებს შემოგვთავაზებს ავტომწარმოებელი მომავალში.

Ducati-მ პირველი სარბოლო ელექტროველოსიპედი წარადგინა

იტალიურმა მოტოციკლეტების მწარმოებელმა, Ducati-მ, გასულ კვირას პირველი სარბოლო ელექტროველოსიპედი წარადგინა. ახალი სარბოლო ველოსიპედის დასახელება Futa იქნება. თუმცა, გარდა ამისა, კომპანიამ ახალი მთის ელექტროველოსიპედიც დააანონსა.

ფოტო: Autocar.co.uk

Futa-ს კორპუსი კარბონისაგან იქნება აგებული, ხოლო აეროდინამიკა და სიჩქარე მის დიზაინში იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება ძრავას, ის უკანა საბურავთან იქნება განთავსებული და 250 ვატის სიმძლავრე ექნება. გარდა ამისა, ველოსიპედისტის სამართავ პანელზე ველოსიპედთან დაკავშირებული სტატისტიკა, სისტემის სტატუსი, ელემენტის დარჩენილი ხანგრძლივობა და სხვა მსგავსი დეტალები იქნება განთავსებული.

Ducati-მ გადაწყვიტა, მაქსიმალური ეფექტიანობისთვის კორპუსის დიზაინისა და მასალის დახმარებით მიეღწია. სარბოლო ელექტროველოსიპედის წონა 12.6 კილოგრამი იქნება, რაც მის მართვას გაამარტივებს, თვითონ ველოსიპედს კი ააჩქარებს.

სტანდარტულ მოდელებთან ერთად, Ducati 50 სპეციალურ, ლიმიტირებულ მოდელსაც გამოუშვებს, რომლის წონაც 12.2 კილოგრამამდე იქნება შემცირებული.

ცნობისათვის, იტალიურმა მოტომწარმოებელმა, ელექტროველოსიპედების ინდუსტრიაში ჯერ კიდევ 2019 წელს შეაბიჯა და მას შემდეგ თავი ღირსეული მოთამაშის სახელით დაიმკვიდრა. კომპანიამ თავდაპირველად მთის ელექტროველოსიპედების გამოშვება დაიწყო, ახლა კი, როგორც ხედავთ, ბედს სარბოლო ინდუსტრიაშიც სცდის.  თუმცა, საინტერესო ისაა, ველორბოლის სპორტული შეჯიბრება რამდენად შეიძლება დაექვემდებაროს სამყაროს ელექტრიფიკაციის პროცესს. თუკი ჩვეულებრივი ველოსიპედები სარბოლო ელექტროველოსიპედით ჩანაცვლდა, მაშინ ველოსიპედისტის არსებობაც აზრს კარგავს. თუმცა, ყველაფერი ჯერ წინაა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ ადაპტირდება სარბოლო ელექტროველოსიპედი ველორბოლაში.

Mercedes-Benz: რუსულმა ნაციონალიზაციის პოლიტიკამ შესაძლოა, კომპანიის კუთვნილ აქტივებს საფრთხე შეუქმნას

გასულ კვირას Mercedes-Benz-მა რუსეთში მიმდინარე ბიზნესოპერაციებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. კომპანიის მტკიცებით, რუსეთის ინიციატივამ უკრაინაში შეჭრის გამო ქვეყნიდან გასული კომპანიების ქონების ნაციონალიზაციასთან დაკავშირებით, გერმანული ავტომწარმოებლის კუთვნილ 2.2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის აქტივებს შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას.

ფოტო: REUTERS/Maxim Shemetov

ამის შესახებ კომპანიამ გასულ პარასკევს ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნებისას ისაუბრა. კომპანიის აზრით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა მრავალი სახის პოლიტიკურ-ეკონომიკურ საფრთხეებს აჩენს. მათ შორის, ასეთი რისკები შესაძლოა, ავტომწარმოებლის შვილობილი კომპანიების აქტივების მითვისებაში გადაიზარდოს.

ცნობისათვის, გასულ კვირას რუსეთის მმართველი პარტიის მიერ გაჟღერებული ინიციატივით, ქვეყანამ იმ კომპანიების ნაციონალიზაცია უნდა მოახდინოს, რომელთა 25%-ზე მეტსაც არამეგობრული სახელმწიფოს მოქალაქეები ფლობენ.

Mercedes-Benz-ს მოსკოვთან ახლოს, სოფელ ესიპოვოში საკუთარი საწარმო აქვს, სადაც E-კლასის სედანებსა და SUV-ებს აწარმოებს და 1 000-მდე ადგილობრივს ასაქმებს. 2019 წელს მის გახსნას ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა. ამ წელს ეს დიდი ხნის შემდეგ რუსეთში გახსნილი პირველი უცხოური ავტოსაწარმო გახლდათ.

საწარმოს გახსნისას სიტყვით გამოსულმა პუტინმა აღნიშნა, რომ ქარხანა ყოველწლიურად 25 000 ერთეულ ავტომობილს გამოუშვებდა და მასში ჯამურად 300 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.

აშშ-ში ელექტრომატარებლების ინდუსტრია სწრაფი ტემპებით ვითარდება

რკინიგზის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სტრატეგიული სფეროა. მისი განვითარების ტემპები სხვა ინდუსტრიებთან შედარებით შეფერხებით მიმდინარეობს, რადგან დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. თუმცა, ბოლო დროს, ლოკომოტივების მწარმოებელი და რკინიგზის კომპანიები რევოლუციურ გარდაქმნაზე ალაპარაკდნენ.

ფოტო: PAUL GIBBENS

საავტომობილო სფეროში არსებული ელექტრიფიკაციის ტენდენცია, როგორც ჩანს, სარკინიგზო სექტორსაც გადასწვდა. ენერგოეფექტურობის მისაღწევად და ნახშიროჟანგის გამონაბოლქვის შესამცირებლად, მწარმოებლები ელექტრომატარებლის კონცეფციის განვითარებას ცდილობენ. ელექტროძრავების მქონე მატარებლებს ისეთი სიმძლავრის გამომუშავება შეეძლებათ, რომ პატარა ქალაქების ენერგომომარაგებასაც შეძლებენ.

ელექტრომატარებლებით უკვე შეერთებული შტატების არაერთი სარკინიგზო გაერთიანება დაინტერესდა. მაგალითისათვის, Union Pacific-მა Wabtec-ისა და Progress Rail-ისაგან 100 მილიონ აშშ დოლარად, 20 ელექტროძრავის მქონე ლოკომოტივი და დასამუხტი სისტემა შეიძინა, რაც ინდუსტრიაში ამ დრომდე განხორციელებული ყველაზე დიდი შესყიდვაა.

მილიარდობით დოლარის ოდენობის ინვესტიცია ხორციელდება ავტომწარმოებლების მიერ ელექტრომობილების განვითარებაშიც. თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ტენდენცია რკინიგზის სექტორში პირდაპირპროპორციულად აისახება. ლოკომოტივების წონისა და მისი დაძვრისათვის საჭირო სიმძლავრის გათვალისწინებით ეს ინდუსტრია უფრო ფრთხილ და კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ინდუსტრიის სრული ელექტრიფიკაცია ახლო პერსპექტივას არ წარმოადგენს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ტექნოლოგიური განვითარების ტემპებს, პროცესის დაჩქარების იმედიც უნდა ვიქონიოთ.

ელექტრომატარებლების ხილვა მნიშვნელოვნად შეამცირებს გამონაბოლქვს და ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად ძლიერი იარაღი იქნება.

ძრავისათვის ცეცხლის გაჩენის რისკის გამო BMW გლობალურად 1 მილიონ ავტომობილს უკან გამოიხმობს

გერმანულ ავტომწარმოებელ BMW-ს ძრავისათვის ცეცხლის გაჩენის რისკთან დაკავშირებული პრობლემის გამო 2017 წლიდან დღემდე მესამედ უწევს საკუთარი ავტომობილების უკან გამოხმობა. კომპანიას მსოფლიო მასშტაბით 1.03 მილიონი ერთეული ავტომობილის გამოწვევა მოუწევს.

ფოტო: REUTERS/Lucy Nicholson/

უკან გამოხმობის ახალ სერიაში BMW-ს 2006-დან 2013 წლამდე წარმოებული ათიათასობით პირველი, მესამე, მეხუთე სერიების, X3, X5 და Z4 მოდელების დაბრუნება მოუწევს. თუმცა ამ ავტომობილების უმეტესობა შეერთებულ შტატებში გაიყიდა, რაც მწარმოებლის საქმეს გაამარტივებს. BMW-ის განცხადებით, დაახლოებით 100 000 ერთეულის გამოხმობა მოუწევს კანადიდან, ხოლო 18 000 ერთეულისა – სამხრეთ კორეიდან.

მსგავსი რაოდენობის ავტომობილებს გერმანული ავტომწარმოებელი პირველად იწვევს. 2017 და 2019 წლებში კომპანიას ამავე გადაწყვეტილების მიღება 740 000 და 184 000 ერთეული ავტომობილისათვის მოუწია.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბოლო დროს არაერთი ცნობა შემოვიდა ძრავისათვის ცეცხლის გაჩენის რისკთან დაკავშირებით. მათივე მტკიცებით, აღნიშნული ხარვეზი სრულად მომწოდებლის პასუხისმგებლობაა და ადგილობრივ წარმოებასთან კავშირი არა აქვს. თუმცა, კომპანიის ინფორმაციით, ამ რისკის გამო ჯერჯერობით არც ერთი ადამიანი არ დაშავებულა.

გერმანული ავტომწარმოებელი საკუთარ მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ თუკი ავტომობილის წინა ნაწილიდან ამომავალ კვამლს დაინახავენ ან უჩვეულო სუნს იგრძნობენ, მანქანის მართვა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ.

Tass: რუსეთი 2022 წლის ბოლომდე ავტომობილებისა და თვითმფრინავების ექსპორტს კრძალავს

რუსული საინფორმაციო სააგენტო Tass-ის ინფორმაციით, რუსეთის მთავრობამ მიმდინარე წლის ბოლომდე ქვეყნიდან ავტომობილების, თვითმფრინავებისა და დრონების ექსპორტი აკრძალა. როგორც ჩანს, ეს რუსეთის მხრიდან დასავლეთისათვის სანქციების დაწესების გამო ერთგვარ საპასუხო ქმედებას წარმოადგენს.

ფოტო: REUTERS/Vitaly Nevar

რუსი ოფიციალური პირები გასულ კვირას სხვადასხვა სახის მუქარას ავრცელებდნენ დასავლეთისათვის კრიტიკული პროდუქციის მიწოდების შეწყვეტის სახით. როგორც ჩანს, აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ მსგავსი მექანიზმის ამოქმედებას წარმოადგენს.

Ford F-150 Lightning-ის კალიფორნიელ მფლობელებს ელექტროძრავებით საკუთარი სახლების ენერგომომარაგება შეეძლებათ

როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კალიფორნიაში ელექტროენერგიის გათიშვა არცთუ იშვიათი მოვლენაა. მომდევნო თვეების განმავლობაში კი მომხმარებლები, რომლებიც Ford-ის F-150 ელექტროპიკაპს ფლობენ, საკუთარი ავტომობილის დამზღვევ გენერატორად გამოყენებას შეძლებენ.

ფოტო: FORD

გასული კვირების განმავლობაში Ford-მა რეგიონისათვის მთავარ ენერგომომმარაგებელთან, PG&E-სთან ითანამშრომლა, რათა ერთობლივად ელექტრომობილის დამტენ პუნქტად გამოყენების პროექტი წარმატებით განეხორციელებინათ. კომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, Ford F-150 Lightning მოდელს სახლის ელექტროენერგიით მომარაგება 10 დღის განმავლობაში შეეძლება.

ამ პროექტის კიდევ ერთი პარტნიორი, Sunrun-ი Ford-ის ჭკვიან დამზღვევი ენერგიის სისტემის დამონტაჟებას ჩრდილოეთ კალიფორნიაში ამ გაზაფხულიდან დაიწყებს.

ცნობისათვის, მსგავსი ინიციატივა სწორედ PG&E-სთან თანამშრომლობით წინა კვირას კიდევ ერთმა ამერიკულმა ავტომწარმოებელმა, GM-მაც გამოთქვა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *