გასული კვირა მსხვილი ავტომწარმოებლებისათვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. როგორც ჩანს, ავტომობილების წარმოებასთან ერთად, მათ წლის მიწურულს სხვა ინდუსტრიებში ბედის მოსინჯვაც გადაწყვიტეს. ბრიტანულმა მდიდრულმა ბრენდმა, Rolls Royce-მა, საკუთარი საწარმოო შესაძლებლობები ბირთვული რეაქტორების შექმნისაკენ მიმართა. თავის მხრივ ამერიკულმა გიგანტმა ავტომწარმოებელმა, GM-მა საკუთარი სამხედრო ინდუსტრიის საწარმოო ხაზი კიდევ უფრო გააძლიერა. სანაცვლოდ დიდი პრობლემები შეექმნა სამხრეთკორეულ ავტომწარმოებელს, Hyundai-ს, რომელსაც განგაშის ამტეხი გამოუჩნდა და მისი ახალი ავტომობილის ძრავის დეტალები გაამჟღავნა. ამ დროს კი Subaru და Toyota საკუთარი წარმოების გაზრდასა და სიახლეების შეთავაზებაზე ფიქრობენ. მოკლედ, როგორც თავადაც მიხვდით, საინტერესო მოვლენები ავტოინდუსტრიაში არასდროს წყდება და Forbes Auto-ს ამ კვირის ბლოგშიც მათ შესახებ დეტალურ ინფორმაციებს წარმოგიდგენთ.
Toyota საწარმოო ჩავარდნის აღმოფხვრას დეკემბერში გეგმავს
მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადმა ავტომწარმოებელმა, Toyota-მ, გასულ კვირას განაცხადა, რომ ჩიპების დეფიციტით შექმნილ გეგმურ ჩავარდნას დეკემბერში აღმოფხვრის. იაპონური ავტომწარმოებელი პრობლემის მოგვარებას წლის ბოლო თვეში გეგმავს. ამ განცხადების გაკეთების საშუალებას კი მას ადგილობრივი ქარხნების ბოლო თვეებში გაუმჯობესებული საწარმოო შესაძლებლობები აძლევს.
შეგახსენებთ, რომ წლის განმავლობაში ნახევარგამტარების დეფიციტის გამო, თითქმის ყველა მსხვილი ავტომწარმოებელი წლიური გეგმის შესრულებას ვეღარ ახერხებს. თუმცა, როგორც ჩანს, ზოგი მათგანი აღნიშნული პრობლემიდან გამოსავლის ძიებას წარმატებით ახერხებს.
„ტოიოტას“ განცხადებით, დეკემბერში ავტომწარმოებელი 800 000 ახალი ავტომობილის წარმოებას გეგმავს. წინა წელს კომპანიამ დეკემბერში 760 000 ავტომობილი აწარმოა, წელს კი გეგმა ოდნავ, თუმცა მაინც გაიზარდა. კომპანიის ფინანსური წელი 31 მარტს მთავრდება და მას ამ დროისათვის საერთო ჯამში 9 მილიონი ავტომობილი უნდა ჰქონდეს წარმოებული.
როგორც ჩანს, ჩიპების დეფიციტიც კოვიდის ახალი შემთხვევების შემცირებასთან ერთად დასასრულს უახლოვდება. შესაბამისად, იაპონური ავტომწარმოებლის მმართველი რგოლი ოპტიმიზმს ინარჩუნებს და საწარმოო გეგმის დროულად შესრულებას იმედოვნებს. თუმცა, ამასთან ერთად, მათ არ უნდა დაავიწყდეთ კომპანიის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე ზრუნვა, რაც შემოსავლების მოტანის ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი საშუალებაა.
საინტერესოა ისიც, თუ რამდენად დაწინაურდება „ტოიოტა“ აღნიშნულ ნაბიჯში და რა გამოწვევების წინაშე დააყენებს კონკურენტებსაც. თუმცა, ალბათ, რთულია მსგავს ნაბიჯებში მარტივად აჰყვე მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ავტომწარმოებელს. ჩვენ კი, ავტომოყვარულებს, ისღა დაგვრჩენია, დიდი ინტერესით ვადევნოთ თვალი მომავალში განვითარებულ მოვლენებს.
Subaru-მ საკუთარი პირველი სრულად ელექტროავტომობილი, Subaru Solterra, წარადგინა
Subaru-მ მის ყველაზე დიდ მეწილე, Toyota-სთან ორწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, საკუთარი პირველი სრულად ელექტრონული ავტომობილი, Subaru Solterra წარადგინა. ავტომობილი SUV იქნება და მისი გამოშვება მსოფლიოში ელექტრომობილებზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება.
საინტერესოა, რომ სულ ცოტა ხნის წინ Toyota-მ საკუთარი პირველი ელექტრომობილის, bZ4X-ის პრეზენტაციაც გააკეთა, რის შესახებაც დაწვრილებით წინა ბლოგში ვისაუბრეთ. როგორც ჩანს, მსოფლიოს თითქმის ყველა მთავრობის მიერ გამონაბოლქვის წინააღმდეგ მიღებული მკაცრი ნაბიჯების ფონზე, საკუთარი პოლიტიკის შეცვლა მსხვილმა თუ შედარებით ნაკლებად მსხვილმა ავტომწარმოებლებმაც გადაწყვიტეს.
სწორედ ამგვარ ნაკლებად მსხვილ ავტომწარმოებელთა რიგებს განეკუთვნება Subaru-ც, რომლისთვისაც აღნიშნული ტექნოლოგიური ცვლილება – შიდაწვის ძრავიდან ელექტროძრავაზე გადასვლა რთული და ძვირად ღირებული პროცესია. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ამ ყველაფრის განსახორციელებლად მას დიდი ძმის, ამ შემთხვევაში კი მისი ყველაზე დიდი მეწილის, Toyota-ს დახმარება დასჭირდა. თავის მხრივ, აღნიშნულს სარფიანად იყენებენ დიდი ავტომწარმოებლებიც, რომლებიც მსგავსი ქმედებებით მცირე ზომის ავტომწარმოებლებს თავისთან ახლოს მიიზიდავენ.
პირველ ეტაპზე ავტომობილის წარმოება „ტოიოტას“ მიერ იაპონიაში მოხდება. ხოლო მოგვიანებით, გაყიდვების შესაფერისი რაოდენობის შემთხვევაში, Subaru წარმოებას მის უმთავრეს ბაზარზე, შეერთებულ შტატებში გადაიტანს.
შეიძლება ითქვას, რომ ჰიბრიდული ძრავების შექმნაში Toyota ერთ-ერთი პიონერი გახლავთ. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს დედაქალაქშიც ათიათასობით ჰიბრიდული ძრავის მქონე მისი ცნობილი მოდელი Prius-ი და Camry გადაადგილდება. თუმცა, სანაცვლოდ, „ტოიოტამ“ საკმაოდ დააგვიანა სრულად ელექტრომოდელების გამოშვება და პირველი მათგანი მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ გამოსცა. გარდა ამისა, ის მომდევნო ათი წლის განმავლობაში ელექტროძრავების წარმოებაში 13.5 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
Subaru Solterra-ს წინა წამყვანი თვლების მოდელს ერთი სრული დამუხტვით 530 კილომეტრის გავლა შეეძლება, ოთხივე წამყვანი ბორბლის მოდელს კი – 460 კილომეტრისა.
ამერიკის კონგრესი მანქანებში ნასვამ მდგომარეობაში საჭის მართვის საწინააღმდეგო ტექნოლოგიის დანერგვას ითხოვს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბაიდენის ინფრასტრუქტურული გეგმა სცდება ყველაფრის ფარგლებს და საკუთარ თავში საავტომობილო ტექნოლოგიების რეგულაციებსაც ითვალისწინებს. როგორც წინა ბლოგში განვიხილეთ, ამერიკელები საკუთარ მოსახლეობას ელექტრომობილების ყიდვის სანაცვლოდ კრედიტების დიაპაზონს უზრდიან. თუმცა, როგორც ჩანს, ამერიკელი კანონმდებლების გეგმები ელექტრომობილებს სცდება და ტექნოლოგიურ რეგულაციებს ითვალისწინებს.
ამჯერად კონგრესი ნასვამ მდგომარეობაში საჭის მართვის საწინააღმდეგო ტექნოლოგიის სავალდებულოდ შემოღებას განიხილავს. ავტოინდუსტრიის რეპუტაციული ჟურნალების ინფორმაციით კი აღნიშნულ გეგმას პრეზიდენტი ბაიდენი ხელს სულ მალე მოაწერს. გეგმის მიხედვით, ავტომწარმოებლები 2026 წლისათვის ვალდებულები იქნებიან, საკუთარ ავტომობილებში დანერგონ ტექნოლოგია, რომელიც აღმოაჩენს და შეაჩერებს ნასვამ მძღოლს.
ერთი შეხედვით, აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა საკმაოდ მარტივი ჩანს, თუმცა პირველ რიგში სატრანსპორტო დეპარტამენტმა უნდა დაადგინოს, თუ როგორ მოხდება ნასვამი მძღოლის იდენტიფიცირება. საავტომობილო ექსპერტების მოსაზრებით, ეს ტექნოლოგია სავარაუდოდ ინფრაწითელ გამოსხივებაზე უნდა იყოს აგებული. ასეთი კამერები უკვე არსებობს GM-ის, Nissan-ისა და სხვა ავტომწარმოებლების მანქანებში.
საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო 10 000-მდე ადამიანი იღუპება. თუმცა, თანამედროვე სენსორული კამერებისა და მოძრაობის აღქმის ტექნოლოგიების დამსახურებით, მძღოლების ქცევის კონტროლის მაქსიმალურად გაზრდა შესაძლებელია. მსგავსი ტექნოლოგიის დანერგვა ამ პრობლემის შესანიშნავი პრევენცია იქნებოდა. ათწლეულების შემდეგ კი ის ისეთივე ბუნებრივ მოვლენად იქცევა, როგორიც ახლა უსაფრთხოების ღვედია.
გარდა ამ უმნიშვნელოვანესი ინიციატივისა, კონგრესის გეგმა უსაფრთხოების სხვა ზომების გატარებასაც ითვალისწინებს, რომელთა მიხედვითაც ავტომწარმოებლები ვალდებულნი იქნებიან, საკუთარ ავტომობილებში საავარიო მუხრუჭისა და მოძრაობის ზოლების შეცვლის ბლოკირების ფუნქციები დაამატონ. როგორც იცით, აღნიშნული ფუნქციონალი ბევრ ახალ ავტომობილში უკვე ხელმისაწვდომია, თუმცა კიდევ უფრო პრევენციული გახდება, თუკი ეს ყველაფერი სავალდებულო ხასიათს მიიღებს.
2030 წლისთვის უმსხვილესი ავტომწარმოებლები ელექტრომობილების ინდუსტრიის განსავითარებლად 550 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავენ
ავტორიტეტული გამოცემა Reuters-ის გათვლებით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე მომუშავე ავტომწარმოებლები წიაღისეული საწვავიდან ელექტრომობილებზე გადასვლის პროცესის ხელშეწყობისათვის ჯამურად 550 მილიარდ აშშ დოლარს გაიღებენ. დეკარბონიზაციის მიზნების მისაღწევად და ელექტროძრავების ელემენტების შესაქმნელად უმსხვილესი ავტომწარმოებლები მზად არიან, საკუთარი საწარმოო პოლიტიკა შეცვალონ და ამისათვის კოლოსალური ოდენობის თანხებიც გაიღონ.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ღირებულებით ყველაზე დიდი ავტომწარმოებლისა და ელექტრომობილების პიონერის, Tesla-ს საბაზრო კაპიტალის ღირებულება ზემოთ მოყვანილ თანხაზე ორჯერ მეტია, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ავტომწარმოებლები საკმარის ძალისხმევას არ ხარჯავენ საკუთარი მიზნების შესასრულებლად.
საინტერესოა ისიც, რომ Reuters-ის მიერ სამი წლის წინ ჩატარებული ანალოგიური გამოთვლებით, ავტომწარმოებლები ელექტრომობილების ინდუსტრიის განსავითარებლად 300 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვას აპირებდნენ. შესაბამისად, ინვესტიციის რაოდენობა აშკარად გაზრდილია. თუმცა არა იმდენით, რომ ეს გარდამტეხი აღმოჩნდეს. დიდი ინვესტიციების განხორციელების მოტივაციას დიდ ავტომწარმოებლებს ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნაც აძლევთ.
რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ევროპაში ყოველი ოთხი გაყიდული ავტომობილიდან ერთი ელექტრომობილია. ეს კი უდიდესი ნახტომია მწვანე ენერგიის პოპულარიზაციისაკენ. თუმცა სფეროს ექსპერტები შიშობენ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა მოთხოვნის ასეთი ბუმი აღარ იყოს და ის დაეცეს. ეს კი შესაბამისი ინფრასტრუქტურის ნაკლებობით აიხსნება. ადამიანებს არაფერში სჭირდებათ ელექტრომობილები, თუკი ისინი მათ დატენას ისე ვერ შეძლებენ, როგორც თავად სურთ, სადაც სურთ და როცა სურთ. ამიტომ ავტომწარმოებლებმა პარალელურად აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზეც უნდა იფიქრონ.
შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს ისიც, რომ სფეროს ეს დისციპლინაც ავტომწარმოებელთა მორიგი რბოლის ადგილად გადაიქცეს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, რომელი ავტომწარმოებელი რით მოგვხიბლავს.
Hyundai-სა და Kia-ს უსაფრთხოების ლაფსუსების შესახებ განგაშის ამტეხმა 24 მილიონი აშშ დოლარი მიიღო
შეერთებული შტატების საავტომობილო უსაფრთხოების მარეგულირებელმა ისტორიაში პირველად მიანიჭა ჯილდო განგაშის ამტეხს, რომელმაც მარეგულირებელ ორგანოს სამხრეთკორეული ავტომწარმოებლების, Hyundai-ისა და Kia-ს უსაფრთხოების ლაფსუსების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღნიშნული პიროვნება „ჰიუნდაის“ ყოფილი თანამშრომელი გახლდათ და მან ჯილდოს სახით 24 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.
ამჟამინდელი მონაცემებით, აღნიშნული ჯილდო განგაშის ამტეხისათვის გაცემული ყველაზე დიდი რაოდენობაა ავტოინდუსტრიის ისტორიაში.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთკორეელმა კიმ გვანგმა შეერთებული შტატების საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციას 2016 წელს მიმართა და განაცხადა, რომ Hyundai საკუთარ ძრავაში არსებული პრობლემის დაფარვას ცდილობდა, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემები გამოეწვია, მათ შორის – ცეცხლის გაჩენაც.
შედეგად,- მარეგულირებელმა ორგანომ დაიწყო გამოძიება და დაადგინა, რომ Hyundai-მ და მისმა შვილობილმა კომპანია Kia-მ დააგვიანეს დაზიანებული ავტომობილების უკან გამოთხოვა და ამით საფრთხე შეუქმნეს ავტომობილების მფლობელთა სიცოცხლეებს. გარდა ამისა, მათ საზოგადოებას არასრული ინფორმაცია წარუდგინეს აღნიშნული პრობლემის შესახებ, რაც ასევე დანაშაულია.
2020 წელს კი Hyundai-ისა და Kia-ს ამერიკულმა დანაყოფებმა თანხმობა განაცხადეს 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდაზე ავტომობილების დროულად უკან გამოხმობის შეუსრულებლობის გამო.
მდიდრული ავტომწარმოებელი, Rolls Royce-ი, საკუთარ საწარმოო შესაძლებლობებს ბირთვული რეაქტორების აწყობაშიც გამოცდის
ბრიტანული ავტომწარმოებელი, მდიდრული ავტომობილების პიონერი, Rolls Royce-ი, გაერთიანებულ სამეფოში მცირე ზომის ბირთვული რეაქტორების აგებას იწყებს. აღნიშნულის მიზანი კი ნახშირბადის ემისიების შემცირებაა.
გასულ კვირას კომპანიამ განაცხადა, რომ ის ამ პროექტს კიდევ სამ კომპანიასთან ერთად იწყებს და ამისათვის ინვესტიციების სახით 260 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. თუმცა პროექტი თანადაფინანსებით მიმდინარეობს, რომლის მეორე წილსაც, 285 მილიონ აშშ დოლარს, ბრიტანეთის მთავრობა იხდის.
Rolls Royce-ის გათვლებით, მცირე ზომის რეაქტორების აგება 2050 წლისათვის ორმოცი ათას ადამიანს დაასაქმებს და ეკონომიკას 70 მილიარდ აშშ დოლარს შემატებს. აღნიშნულის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი კი შექმნილი პროდუქტის ექსპორტზე გატანა იქნება. კომპანიის მიერ სიახლის დაანონსებიდან მალევე, Rolls Royce-ის აქციათა ფასები დაახლოებით 5%-ით გაიზარდა.
საინტერესოა, რომ თითოეული მცირე ზომის ბირთვული რეაქტორის, იმავე SMR-ის სიმძლავრე 470 მეგავატი იქნება. შესაბამისად, მას 1 მილიონამდე შინამეურნეობის მომარაგება შეეძლება ელექტროენერგიით. ერთი ამგვარი რეაქტორის აგება კი 2.7 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება.
საინტერესოა, თუ როგორ წაადგება აღნიშნული ინიციატივა ბრიტანულ ავტომწარმოებელს საკუთარი საავტომობილო ხაზის წარმოებაში. იქნება ეს დამატებითი ინვესტიციების წყარო თუ პირიქით, შესაძლოა ვიხილოთ კომპანია, რომელიც ერთ დროს მდიდრული მანქანების წარმოებიდან სრულად ბირთვული რეაქტორების აგებაზე გადაერთვება. ეს მეტწილად პროექტის მოგებაზე იქნება დამოკიდებული.
ამერიკული ავტომწარმოებელი GM ელექტროჰამერის ბაზაზე სამხედრო მანქანას შექმნის
ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებელი, General Motors-ი, საკულტო ავტომობილ Hummer H1-ისთვის მისი სამხედრო დიდების დაბრუნებას გეგმავს. როგორც იცით, ეს ავტომობილი თავდაპირველად სწორედ სამხედრო მანქანის მოტივებით შეიქმნა. General Motors-ი კი ამჯერად ყველაფრის პირიქით გაკეთებას ცდილობს. ის „ჰამერის“ ბაზაზე სამხედრო მანქანას შექმნის, ოღონდ – ელექტროს. თუმცა, ბუნებრივია, რომ სამხედრო მოთხოვნებთან თავსებადობისათვის ავტომწარმოებელს ელექტროძრავის სპეციფიკაციების მნიშვნელოვნად შეცვლა მოუწევს.
აღნიშნული სამხედრო მანქანის პროტოტიპი 2022 წლის შუა პერიოდისათვის იქნება მზად. თუმცა არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ შეერთებული შტატების არმია მას საკუთარი მიზნებისათვის აუცილებლად გამოიყენებს. პრობლემა კი, ბუნებრივია, ელექტროძრავის რესურსში მდგომარეობს. შესაბამისად, ამერიკულ ავტომწარმოებელს დიდი შრომის გაწევა მოუწევს მილიტარისტების გულის მოსაგებად.
სამხედრო ელექტრომობილების უმთავრესი პრობლემა ლოგისტიკაშია. განსაკუთრებით კი იმ მანქანებისათვის, რომელთაც ბრძოლის წინა ხაზზე უწევთ მოქმედება. სამხედრო შუა შეტაკებისას ვერ დაიწყებს დასამუხტი სადგურის ძიებას, შესაბამისად, უნდა არსებობდეს პორტატიული ტექნოლოგია, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს. გარდა ამისა, დიდი პრობლემაა ტემპერატურაც, რაც ელექტროძრავის ელემენტებისათვის ნეგატიურ გარემოს ქმნის და მათზე უარყოფითად მოქმედებს. კიდევ ერთ პრობლემას ხისტ ზედაპირთან შეხება წარმოადგენს, რამაც შესაძლოა ელემენტები დააზიანოს, ამიტომ ამგვარ მანქანებში ელემენტების დიდი რაოდენობით მარაგიც უნდა არსებობდეს.
შესაბამისად, როგორც ვნახეთ, General Motors-ის წინაშე არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა დგას, რომლის მოგვარების შემთხვევაშიც შესაძლოა შეერთებული შტატების არმიაში პირველი ელექტროჯავშანმანქანაც ვიხილოთ. ეს კი უკვე ნამდვილად მომავლის ტექნოლოგია იქნება.
დატოვე კომენტარი