ივნისში, Forbes-ის ამერიკის უმდიდრეს თვითშემდგარ ქალთა რეიტინგში, ბიონსე, $540 მილიონით, 48-ე ადგილზე მოხვდა. თუმცა 2023 წლის მზარდი შემოსავლების დამსახურებით, რომლებიც უმეტესწილად მის Renaissance-ის მსოფლიო ტურნეს უკავშირდება, 42 წლის მომღერლის ქონება უკვე $800 მილიონადაა შეფასებული და მილიარდიანი ნიშნულისკენ სვლას განაგრძობს.
ბიონსეს ქონება, მისი მუსიკალური კატალოგის გარდა, რომელიც, წყაროთა ცნობით, დაახლოებით $300 მილიონადაა შეფასებული, შედგება პირადი აქტივებისგან, რომელთაც მომღერალი მის მილიარდერ მეუღლე ჯეი-ზი-სთან ინაწილებს. ამას ემატება ბიონსეს ბიზნესჰოლდინგი Parkwood Entertainment-ი, რომელიც მან 2010 წელს დააარსა.
წელს მისი სიმდიდრის ზრდის მთავარი მიზეზი – Renaissance-ის მსოფლიო ტურნე, მაის-ოქტომბრის პერიოდში მიმდინარეობდა, 17 ქვეყნის 39 ქალაქი მოიცვა, $579 მილიონზე მეტის შემოსავალი მოიტანა და ყველა დროის ათ ყველაზე შემოსავლიან ტურნეთა შორისაც მოხვდა.
ტურნეს შესახებ გადაღებულმა ფილმმა For Renaissance: A Film By Beyoncé-მ კი პრემიერის უიკენდზე, გლობალურად სალაროებში $27.4 მილიონი გამოიმუშავა. ბიონსე, AMC-თან პარტნიორობით, თავადაცაა ფილმის ავტორი, პროდიუსერი და რეჟისორი, რის გამოც მიღებული შემოსავლის ნახევარი მას ერგება.
მარტში ბიონსემ $20 მილიონის წლიური კომპენსაცია მიიღო მას შემდეგ, რაც მისმა სპორტულმა ბრენდმა Ivy Park-მა, გაყიდვების შემცირების მიზეზით, Adidas-სთან ხუთწლიანი პარტნიორობა დაასრულა. თუმცა. იმავე თვეში მომღერალმა მისი ტურით ინსპირირებული კოლექციის – Renaissance Couture-ის შექმნისას ფრანგული მოდის სახლ Balmain-თან ითანამშრომლა, ხოლო ნოემბერში ახალი სუნამო – Cé Noir-ი გამოუშვა, რომლის ღირებულებაც $160-ია.