ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია Crosty პროდუქციას 2016 წლიდან აწარმოებს. კომპანიამ ამ მოკლე პერიოდში მოახერხა და ნაწარმი წარწერით Made In Georgia მსოფლიოს 15-ზე მეტ ქვეყანას გააცნო.
ქართული კომპანიის წარმატებით ამერიკული Forbes-იც დაინტერესდა და კომპანიაზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა სათაურით: გაიცანით ძმები, რომლებმაც საქართველო სპორტული ფეხსაცმლის მსოფლიო რუკაზე გამოაჩინეს.
ქართული ფეხსაცმლის შეძენა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ონლაინ შეკვეთითაა შესაძლებელი. ამასთან, ქართული ბრენდი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მაღაზიაში, Wolf Badger-ში იყიდება.
შოთა და გიორგი მიქაიები საქართველოში გაიზარდნენ, წარმოშობით ისინი აფხაზეთის რეგიონიდან არიან.
Forbes-სთან ინტერვიუში გიორგი მიქაია ამბობს, რომ ის ისეთი პროდუქციის შექმნაზე, რომელიც მთელს მსოფლიოში გახდებოდა ცნობილი, ბავშვობიდან ოცნებობდა. ძმებმა წარმოება 2015 წელს მეგობრის ატელიეში დაიწყეს. მალევე კი საკუთარი ბრენდი Crosty შექმნეს.
“ფეხსაცმლის წარმოებას საქართველოში საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველა ფაბრიკა დაიხურა. ბოლო წლებია ინდუსტრია ძალას იკრებს. დღეს საქართველოში წარმოებაში ტექნოლოგიების სიმწირეა.
მოდის სამყაროში ბედი პირველად 2009 წელს ვცადე, თუმცა ეს ისტორია წარუმატებლად დასრულდა. ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილებაც დაგვეხმარა შემდგომ განვითარებაში. საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც ძალიან ბევრი ნიჭიერი და მამაცი მოქალაქე ჰყავს. ჩვენ დღესაც ვიბრძვით თავისუფლებისთვის”, – ამბობს გიორგი მიქაია.
Crosty-ს დიზაინში ერთ-ერთი ინსპირაცია ქართული ანბანია. გიორგი ამბობს, რომ ამით მათ არამხოლოდ ქართული უნიკალური ისტორიის წარმოჩენა სურდათ, არამედ მათი მთავარი დევიზის – “თავისუფლების” საკუთარ პროდუქციაში გადმოტანა.
დატოვე კომენტარი