Forbes Georgia | 2025 წლის ივლისის ნომერი

Forbes Georgia | 2025 წლის ივლისის ნომერი

გამოვიდა Forbes Georgia-ს 2025 წლის ივლისის ნომერი, რომლის გარეკანზეც იხილავთ:

◾ ყდაზე | შექმნილია კოლაბორაციით | ავტორი: ანინა ტეფნაძე

ანაგი ქოლაბი საქართველოს სამშენებლო სექტორის ერთ-ერთი ლიდერის, ანაგი ჯგუფის ახალი მიმართულებაა, რომელიც ინვესტორებსა და დეველოპერებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სერვისების კომპლექსურ აუტსორსინგს სთავაზობს. Forbes Georgia ანაგი ქოლაბის გენერალურ დირექტორს, თამარ გაფრინდაშვილს სამომავლო გეგმებსა და ფლაგმან პროექტზე, თბილისის აკრებზე ესაუბრა.

ნომერში ასევე წაიკითხავთ:

რეიტინგი

◾ ტოპ-10 ბანკი საკრედიტო პორტფელის ზრდის მიხედვით

საქართველოში, 2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, მომხმარებლებს 14 ტრადიციული კომერციული ბანკი აწვდის საკრედიტო რესურსებს. მიმდინარე წლის პირველი კვარტალის ბოლოს მათ მიერ გაცემულმა სესხებმა ჯამში 63,728.4 მლნ ლარი შეადგინა. გაცემული სესხები, ამ პერიოდის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის დონით დაკორექტირებული, 62,648.3 მლნ ლარი იყო. 2025 წლის პირველ კვარტალში ტრადიციული კომერციული ბანკების დაბეგვრამდე მოგებამ 880.6 მლნ ლარს მიაღწია. ეს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 5.72%-ით აღემატება.

მოსაზრება

◾ რატომ აჩქარდა ინფლაცია საქართველოში? | ავტორი: ეგნატე შამუგია

საქართველოში ინფლაცია აჩქარდა. მიმდინარე პერიოდში ფასების ზრდის სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს აღემატება. 2025 წლის მაისის მდგომარეობით, სამომხმარებლო ფასების ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.5% შეადგინა.

◾ ღირს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა? | ავტორი: გიორგი ცხადაია

ამჟამინდელი მონაცემებით, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ორი შედარებით წონიანი ოპოზიციური ძალა აპირებს მონაწილეობას: “ძლიერი საქართველო” (წამყვანი პოლიტიკური პარტია: მამუკა ხაზარაძის “ლელო”) და გიორგი გახარიას “საქართველოსთვის”. სხვა ოპოზიციურმა ძალებმა – მათ შორის, “კოალიციამ ცვლილებებისთვის” და “ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” მონაწილეობაზე უარი თქვეს. თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობის მიღების მომხრეების ძირითადი არგუმენტი ის გახლავთ, რომ ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც ოპოზიციამ სათავისოდ უნდა გამოიყენოს.

◾ რა გავლენა აქვს ირან-ისრაელის ომს საქართველოს ეკონომიკაზე? | ავტორი: ბესო ნამჩავაძე

ირანის მოკავშირეებსა და ისრაელს შორის შეიარაღებული დაპირისპირება დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ 13 ივნისს მან ომის მასშტაბი მიიღო. ისრაელმა ირანის სამხედრო და ატომური ობიექტები დაბომბა, რასაც გენერლები და მეცნიერებიც შეეწირნენ. ირანმა რაკეტების გაშვებით უპასუხა. საომარმა დაპირისპირებამ კულმინაციას 22 ივნისს მიაღწია, როდესაც აშშ-მ ირანის მიწისქვეშა ატომური ობიექტები დაბომბა. 24 ივნისს მხარეებმა ომის დასრულების სურვილი გამოთქვეს, მაგრამ იმავე დღეს განახლებულ საბრძოლო მოქმედებაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.

პარტნიორებისაგან

◾ კავშირები ცვლილებებისთვის | ავტორი: იზა გვარამაძე 

ენდოკრინული დაავადებების შემთხვევების მზარდი ტენდენცია მედიცინის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. მასთან გასამკლავებლად კი სულ უფრო მეტი ინოვაციური მიდგომა ინერგება. უახლესი აღმოჩენებისა და მიღწევების გასაზიარებლად, საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციამ (GAEM) კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში რიგით მე-7 ყოველწლიურ საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლა, რომლის მიზანიც ქვეყანაში ამ დარგის განვითარება და პაციენტებზე ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესებაა.

◾ უფრო მწვანე, უფრო დიდი, უფრო სწრაფად | ავტორი: იზა გვარამაძე 

ეკოლოგიური გამოწვევების ფონზე, მწვანე კონცეფციის სივრცეები უკვე წლებია, ურბანული ცხოვრების ახალ სტანდარტად ყალიბდება. გასულ თვეში MAQRO DEVELOPMENT-მა თავისი ყველაზე მასშტაბური პროექტი – “მაქრო სითი თბილისი” წარადგინა. ორ კვირაში მრავალფუნქციურ კომპლექსში 700-ზე მეტი ბინა გაიყიდა, რაც კომპანიას სამომავლოდ ინვესტიციის გაზრდისა და უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელებისკენ უბიძგებს.

◾ თბილისური აივანი ვენეციაში | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

“კაზა სოლე”, რომელიც თბილისის ტრადიციულ აივანსა და თანამედროვე ცხოვრების სტილს ერთმანეთთან აკავშირებს, ქართველმა არქიტექტორებმა ვენეციის ბიენალეს პარალელურ გამოფენაზე წარადგინეს. პროექტის ავტორები ბაგებში მიკროუბანულ სივრცეს ქმნიან, სადაც ბუნებასთან კავშირი და ადამიანური ურთიერთობები არქიტექტურის ცენტრალური ღერძია.

ანტრეპრენიორები

◾ გონივრული რენოვაცია | ავტორი: ანინა ტეფნაძე

კონცეპტუალური რენოვაციის კომპანიის, Confidence-ის თანადამფუძნებლებმა, კახი ლობჟანიძემ და გიორგი დემეტრაშვილმა, წელიწად-ნახევრის განმავლობაში 20-მდე საცხოვრებელი და კომერციული პროექტი განახორციელეს. რენოვაციის მიმართ მათი უნიკალური მიდგომა რემონტთან დაკავშირებულ სტრესულ გამოცდილებას კომფორტულ და მოწესრიგებულ პროცესად გარდაქმნის.

ინტერვიუ და პროფილი

◾ ახალი ლიდერი უნივერსალიზაციის გზაზე | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

ორი წლის შემოქმედებითი პაუზის შემდეგ გიორგი ცაგარელი სცენაზე სრულიად ახალი ფორმატით ბრუნდება. ეს არის პერფორმანსი, სადაც კლასიკური მუსიკა, პოპი და ხელოვნური ინტელექტი ერთ მუსიკალურ ნარატივად იქცევა.

ეკონომიკა

◾ მშენებლობისა და უძრავი ქონების სექტორის ტენდენციები | ავტორი: ბესო ნამჩავაძე

მშენებლობაში და უძრავი ქონების სექტორს ეკონომიკაში წამყვანი როლის თამაში შეუძლია, განსაკუთრებით
– განვითარებად ქვეყნებში, სადაც ასაშენებელი ჯერ კიდევ ბევრია. ამ სექტორში ბუმს შეუძლია ქვეყნის ეკონომიკური ბუმი გამოიწვიოს და პირიქით, როდესაც ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდაა, მშენებლობისა და უძრავი ქონების სექტორიც სწრაფად იზრდება. მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საბანკო სექტორი (იპოთეკური სესხების გამო), როგორც კრედიტებზე მოთხოვნის მნიშვნელოვან წყაროზე.

საკითხავი

◾ ოსმალური მონათვაჭრობა, მამლუქები და საქართველო | ავტორი: ნიკა ხოფერია

“ჩერქეზეთისა და საქართველოს მთებიდან ჩამოყვანილი მამლუქთა წრე დიდი ხანია, ამ, მსოფლიოში საუკეთესო, მიწას დაჰპატრონებია“ — ასე უცხადებდა ეგვიპტელხალხს ნაპოლეონი, რომელმაც 1798 წელს დალაშქრა მამლუქთა ეგვიპტე. ოსმალი მონათმოვაჭრეების მიერ საქართველოდან წაყვანილი მონები ოსმალეთის სამხედრო-პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, განსაკუთრებით კი – მამლუქთა ეგვიპტესა და ერაყში. XVII-XVIII საუკუნეებში ცოცხალი საქონლით ვაჭრობდნენ ადგილობრივი ქართველი მეფე-მთავრები, ეკლესია თუ გლეხობა, და ძნელია მოიყვანო საქართველოს მაშინდელი მდგომარეობის აღსაწერად ამაზე უკეთესი მაგალითი.

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი