მწვანე პოლიტიკის როლი ქვეყნების ყოველდღიურობაში მუდმივად იცვლება. პარიზის შეთანხმებით, რიგმა სახელმწიფოებმა აიღეს ვალდებულება, ემისიების შემცირებით, ერთად ებრძოლონ კლიმატურ ცვლილებებს, რომლებიც გარემოზე დამანგრეველ ზეგავლენას ახდენს. ქვეყნების დიდმა ნაწილმა უკვე შეიმუშავა სამოქმედო გეგმა და მიზნობრივი თარიღიც დათქმული პირობების განსახორციელებლად. თუმცა, საკითხის მნიშვნელობის მიუხედავად, ზოგჯერ სიტყვები მხოლოდ სიტყვებად რჩება და ქმედებებში ნაკლებად გამოიხატება.
The Fossil Fuelled 5-ის კვლევამ ის ხუთი მდიდარი სახელმწიფო გამოავლინა, რომლებიც კლიმატის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში ლიდერებად გვევლინებიან, თუმცა სინამდვილეში სრულყოფილად სულაც არ ასრულებენ აღებულ ვალდებულებებს. სწორედ ამ ხუთ ქვეყანაზე, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, $150-მილიარდიანი მოცულობის წიაღისეული საწვავის წარმოება და მოხმარება მოდის. მათ შორის, პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელსაც ისტორიულად გლობალური სათბური აირების ემისიის 20%-იანი წილი უდიდეს დამაბინძურებლად აქცევს. ამისდა მიუხედავად, აშშ-ის გეგმები ნავთობისა და გაზის მრეწველობას 2030 წლამდე დამატებით, 17%-ითა და 12%-ით გაზრდის. აშშ-ს The Fossil Fuelled 5-ის სიაში დიდი ბრიტანეთი მოსდევს, რომელიც ევროპაში ნავთობისა და გაზის სიდიდით მეორე ექსპორტიორია, ხოლო შემდგომ კანადაა, რომელსაც 2040 წლამდე ნავთობისა და გაზის წარმოების 17%-ითა და 18%-ით გაზრდა სურს. ხუთეულს გაზის უმსხვილესი ექსპორტიორი ავსტრია აგრძელებს, რომელიც ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის მრეწველობის გაფართოებას გეგმავს, შემდგომ კი ნორვეგიაა, ექსპორტში ნავთობისა და გაზის 42%-იანი წილით.
მიუხედავად ამისა, ქვეყნები და ცალკეული კომპანიები მწვანე პოლიტიკის საქმეში საკუთარი წვლილის შეტანას განაგრძობენ. Forbes Green-ი გასული კვირის მთავარ „მწვანე სიახლეებს“ წარმოგიდგენთ:
ევროკავშირში, ხელახალი გახსნის შემდეგ, ემისიები თითქმის 20%-ით გაიზარდა
კორონავირუსთან დაკავშირებული ლოკდაუნის მოხსნასთან ერთად, ევროკავშირში სათბური აირების ემისიები, 2021 წლის გაზაფხულზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18%-ით გაიზარდა. აპრილ-ივნისის მონაკვეთში, Eurostat-ის მონაცემებით, ევროკავშირის ფარგლებში 867 მილიონი ტონა სათბური აირების გამოშვება დაფიქსირდა.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ევროკავშირში, სათბური აირების ემისიის ძირითადი ნაწილი მშენებლობასა და წარმოებაზე მოდიოდა (34%), მას მოჰყვება ელექტროენერგია და სოფლის მეურნეობა, შესაბამისად 19%-ითა და 14%-ით. სატრანსპორტო მომსახურებამ მთლიანი ემისიის მხოლოდ 8% შეადგინა. წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით, საყოფაცხოვრებო გათბობასთან დაკავშირებული ემისიები 42%-ით, ხოლო წარმოების/მშენებლობის ემისიები 22%-ით გაიზარდა. ნოემბრის დასაწყისში მსგავსი კვლევა Global Carbon Project-მაც წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, მიუხედავად 2020 წელს წიაღისეული საწვავის ემისიის 5,4%-ით შემცირებისა, 2021 წელს მისი ზრდა 4,9%-ითაა მოსალოდნელი.
დასავლურ ქვეყნებს შორის ევროკავშირმა ემისიების შემცირების ყველაზე ამბიციური გეგმა წარმოადგინა. ორგანიზაციის განცხადებით, ათწლეულის ბოლომდე ემისიები 55%-ით შემცირდება. ევროკავშირი ამას უფრო ადრე მოახერხებს, ვიდრე ემისიებით მსოფლიოს ორი ყველაზე დიდი დამბინძურებელი, ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში 2020 წელს სათბური აირების ემისია 1990 წელთან შედარებით 31%-ით არის შემცირებული.
Reuters: ევროკავშირს, ჰაერის ნახშირბადის ემისიისგან გასაწმენდად, ახალი გეგმა აქვს
ევროკავშირი, ტექნოლოგიების დახმარებით, 2030 წლისთვის ატმოსფეროდან ყოველწლიურად ხუთი მილიონი ტონა ნახშირორჟანგის ამოღებას გეგმავს. Reuters-ის ინფორმაციით, ორგანიზაციაში ნახშირბადისგან გაწმენდის სერტიფიცირებისთვის სისტემაც შეიქმნება.
5 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის ჰაერიდან აღმოფხვრა ევროკავშირის მთლიანი ემისიების მცირე ნაწილი იქნება, თუმცა ტექნოლოგიების საშუალებით ორგანიზაცია CO2-ის გრძელვადიანი შენახვის ობიექტებში განთავსებას შეეცდება. ბრიუსელს ასევე სურს, წაახალისოს ფერმერები და მიწის მესაკუთრეები, რათა მათ უფრო მეტი CO2 შეინახონ ხეებში, მიწასა და ჭაობებში.
რაც შეეხება ნახშირბადის ამოღების სერტიფიცირების სისტემას, მას კომისია მომავალ წელს წარადგენს. სისტემა საშუალებას მისცემს ფერმერებსა და მიწის მფლობელებს CO2-ის შენახვით ევროკავშირისგან კრედიტები მიიღონ, შემდგომ კი ეს კრედიტები ემისიების დასაბალანსებლად დამბინძურებლებს მიჰყიდონ. ევროკავშირის განცხადებით, ეს ერთგვარ ფინანსურ სტიმულს შექმნის CO2-ის შესანახად. სისტემამ შესაძლოა გავლენა ევროკავშირის მიერ რეგულირებულ ბაზარზეც მოახდინოს და მას ნახშირბადის ნულოვან ნიშნულამდე შემცირებაში დაეხმაროს.
ევროკავშირის მიერ აღებული გეგმა 2050 წლისთვის „კარბონნეიტრალიტეტის“ მიღწევას ითვალისწინებს, რისთვისაც ორგანიზაციის ფარგლებში ყოველწლიურად გამოყოფილი სამ მილიარდ ტონაზე მეტი CO2-ის ეკვივალენტი უნდა აღმოიფხვრას.
ჩინეთში, ლოკდაუნის შემდგომ, ნახშირბადის გამონაბოლქვი პირველად დაეცა
ჩინეთში, ლოკდაუნიდან ხელახალი გახსნის შემდგომ, ნახშირბადის ემისია პირველად შემცირდა. მესამე კვარტალში CO2-ის გამონაბოლქვის შემცირებას ექსპერტები ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტად აფასებენ.
მიუხედავად ამისა, ეკონომიკური ზრდის შენელების საფრთხემ შესაძლოა აიძულოს ჩინეთის მთავრობა, ინფრასტრუქტურის სტიმულირებისთვის ზომები მიიღოს, რაც კვლავ გაზრდის ქვეყანაში ემისიებს. ჩინეთში 2030 წელს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი პიკს მიაღწევს, თუმცა 2060 წლისთვის ჩინეთი „კარბონნეიტრალური“ ქვეყანა გახდება. ყველაფრის მიუხედავად, ჩინეთის ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, წიაღისეული საწვავზე ქვეყნის დამოკიდებულება შეამციროს.
2020 წლის დასაწყისში, ყოვლისმომცველი კარანტინის გამო, ჩინეთში გამონაბოლქვი მკვეთრად დაეცა, ქალაქებისა და ქარხნების ხელახალი გახსნის შემდგომ კი 2019 წლის ყოველთვიურ დონემდე აღდგა. ექსპერტების აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთის მთავრობა სერიოზულ ზომებს არ მიიღებს სამშენებლო სექტორის სტიმულირებისთვის, ლოკდაუნის შემდგომი ემისიების შემცირებამ შესაძლოა დააჩქაროს 2030 წლის პიკური პერიოდის მიღწევა.
BP დიდ ბრიტანეთში მწვანე წყალბადის ფართომასშტაბიან პროექტს განახორციელებს
ნავთობკომპანია BP, ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისში, ე.წ. მწვანე წყალბადის ფართომასშტაბიანი წარმოების ქარხნის შექმნას გეგმავს. მწვანე წყალბადი ქარის, წყლისა და მზის ენერგიით წარმოიქმნება. BP-ის პროექტი დიდ ბრიტანეთს წიაღისეული საწვავის გამოყენებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება.
HyGreen Teesside, 2025 წლისთვის, მიზნად ისახავს 60 მეგავატი ე.წ. „მწვანე“ წყალბადის წარმოებას, რომელიც განახლებადი წყაროებიდან მიიღება. ბუნებრივი აირისგან წარმოქმნილი „ლურჯი“ წყალბადის პროექტთან ერთად, Teesside-ის ორ პროექტს აქვს პოტენციალი, ბრიტანეთს 2030 წლის მიზნის შესასრულებლად, წყალბადის წარმოების 30% მიაწოდოს. მთავრობები და ენერგეტიკული კომპანიები, სათბური აირების ემისიის შემცირებისთვის, სუფთა წყალბადზე დიდ იმედებს ამყარებენ. თუმცა, როგორც მისი მომავალი გამოყენება, ასევე ხარჯებიც ჯერჯერობით გაურკვეველია.
ბრიტანეთის მთავრობის მიზანი 2030 წლისთვის 5 გიგავატი ნახშირბადის დაბალი შემცველობის წყალბადის წარმოებაა, რომელიც დაახლოებით სამი მილიონი სახლისთვის, მრეწველობისა და ტრანსპორტისთვის ბუნებრივ აირს შეცვლის. HyGreen Teesside-ის პროექტს, რომელიც რამდენიმე ეტაპად განვითარდება, ქვეყნის მიზნობრივი დროისთვის, 500 მეგავატამდე წყალბადის წარმოების დაკმაყოფილება შეუძლია. BP წარმოების დაწყებას 2025 წლისთვის გეგმავს, პროექტზე საბოლოო საინვესტიციო განცხადება კი 2023 წლისთვის გასაჯაროვდება.
საამიროები ახლო აღმოსავლეთში „მწვანე წყალბადის“ პირველ ქარხანას აშენებს
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ახლო აღმოსავლეთში პირველი „მწვანე წყალბადის“ ქარხნის მშენებლობა დაიწყო. საამიროების ენერგეტიკის მინისტრმა, დუბაიში გამართულ Expo 2020-ის მსოფლიო გამოფენაზე, დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა.
ე.წ. „მწვანე წყალბადი“, განახლებადი რესურსებიდან მიღებული ელექტროენერგიის საშუალებით, წყლის ორ კომპონენტად, წყალბადად და ჟანგბადად დაყოფით მიიღება. „მწვანე წყალბადი“ სულ უფრო მეტად განიხილება მომავლის საწვავად, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს წიაღისეული საწვავის ემისიებს.
არაბთა გაერთიანებული საამიროები 2030 წლისთვის, „წყალბადის საწვავის“ გლობალური ბაზრის 25%-ის დაკავებას ისახავს მიზნად. ამჟამად სახელმწიფო წყალბადის შვიდზე მეტ ამბიციურ პროექტს ახორციელებს, რომლებიც მიმართულია ძირითადი საექსპორტო ბაზრებისკენ, მათ შორისაა: იაპონია, სამხრეთი კორეა, გერმანია და ინდოეთი. ქვეყანას ასევე სურს, 2050 წლისთვის წმინდა ნულოვან ემისიას მიაღწიოს, რისთვისაც განახლებად ენერგიაში ინვესტირებისთვის $163 მილიარდი გამოიყო.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების გეგმას ენერგიის მზარდი ფასების შესამცირებლად ნავთობის გადაუდებელი რეზერვების გამოშვების შესახებ, ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ისინი ამ მომენტისთვის გლობალურ ბაზარზე საკუთარი წვლილის გაზრდას არალოგიკურად მიიჩნევენ. OPEC+ -ის შეხვედრამდე შეგროვებული ტექნიკური მონაცემებიც 2022 წლის პირველ კვარტალში ნავთობის ჭარბ რაოდენობაზე მიუთითებს.
თურქეთმა განახლებადი ენერგიის 2023 წლისათვის დასახულ მიზნებს 2021 წლის ბოლოს მიაღწია
თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ფატიჰ დონმეზის განცხადებით, თურქეთის ენერგეტიკულმა სიმძლავრემ განახლებად ენერგიაში ოქტომბრის ბოლოსათვის 53000 მეგავატს მიაღწია. მინისტრის განცხადებით, 2019–2020 წლებში განახლებადი ენერგიის წყაროების წილმა ელექტროენერგიის წარმოებაში 42%–ს გადააჭარბა, შესაბამისად, 2023 წლისათვის დასახული მიზანი უკვე მიღწეულია.
ანტალიაში გამართულ თურქეთის მე–11 ენერგეტიკულ სამიტზე ქვეყნის ენერგეტიკული ინდუსტრიის ლიდერები იყვნენ შეკრებილნი. ღონისძიება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ენერგეტიკის ბაზრის მარეგულირებელი ორგანოს (EPDK) დაფინანსებით ჩატარდა.
წლევანდელ სამიტზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: ინვესტიციები ბუნებრივი აირის ძიებასა და წარმოებაში, ელექტრომანქანების პერსპექტივა, ელექტროენერგიის წარმოებისა და განაწილების დიგიტალიზაცია და სხვა. ენერგეტიკის სამიტის პარალელურად ISTRADE-ის ენერგეტიკული ვაჭრობისა და მიწოდების სამიტიც იმართება.
მინისტრის თქმით, COVID-19-ის პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური პრობლემების გამო მსოფლიო საკმაოდ რთულ პერიოდს გადის, შესაბამისად, თურქეთის მთავრობა ენერგეტიკის ბაზრის მონაწილეებთან ურთიერთობას კიდევ უფრო აძლიერებს. „ენერგეტიკული სექტორი თურქეთის ზრდის ძრავაა, ამ ბიზნესის მოცულობითა და ქვეყნის ეკონომიკაში მისი უზარმაზარი წვლილის წყალობით, –აღნიშნა დონმეზმა. – ამ ეტაპზე შეგვიძლია, ვისაუბროთ ეკოსისტემაზე, რომელსაც მყარი ინფრასტრუქტურა აქვს, უფრო მდგრადია კრიზისების მიმართ და შეუძლია განახორციელოს საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიები“.
მინისტრმა ასევე ისაუბრა შავ ზღვაში თურქეთის საძიებო საქმიანობაზე და საკარიას გაზის საბადოზე. მისი განცხადებით, საველე საინჟინრო სამუშაოები უკვე დასრულებულია. პირველი ,,მილების შედუღება“ წყლის ქვეშ მოთავსებით 2022 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რყევებს, განსაკუთრებით ფასის ცვალებადობას, თურქეთი მყარი პოზიციებით შეხვდა. მისი განცხადებით, თურქეთი ამ პროცესში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად აღმდგენი ქვეყანაა.
შოლცი: გერმანია ნახშირბადის მოხმარებას გეგმაზე 8 წლით ადრე შეწყვეტს
სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი, რომელიც მერკელის შემცვლელად განიხილება, სამპარტიულ კოალიციას უხელმძღვანელებს, რომელსაც ფართო გეგმები აქვს გერმანიის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ფედერალურ არჩევნებში გამარჯვებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ, სოციალ-დემოკრატიული პარტია მთავრობას მწვანეებთან და ბიზნესმეგობრულ თავისუფალ დემოკრატებთან ერთად აყალიბებს.
კოალიციური შეთანხმების დიდ ნაწილს კლიმატის დაცვა წარმოადგენს. მხარეები მიზნად ისახავენ, ქვეყანაში ნახშირის მოხმარება ეტაპობრივად 2030 წლისთვის, დაგეგმილზე 8 წლით ადრე შეწყდეს. ახლად შექმნილი კოალიცია გერმანიის ტერიტორიის 2%-ის გამოყენებას ქარის ენერგიისთვის გეგმავს და ამასთან ერთად, წყალბადის რესურსზე დამოკიდებული განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებასაც განიხილავს. სოციალ-დემოკრატიული პარტიის, მწვანეებისა და თავისუფალი დემოკრატების მიზანია, 2030 წლისთვის გერმანიაში განახლებადი ენერგიის წილი ელექტროენერგიაში 80%-მდე გაიზარდოს. გარდა ამისა, მხარეები იმედოვნებენ, რომ მიზნობრივი თარიღისთვის გერმანიაში ელექტრომობილების რაოდენობა 15 მილიონს მიაღწევს.
Daring More Progress – ასე ეწოდება კოალიციის შეთანხმების მთავარ აქცენტს, რომელიც 2045 წლისთვის გერმანიას კლიმატურად ნეიტრალურ ზონად აქცევს. გეგმის თანახმად, 2030 წლისთვის ნახშირის გამოყენების ეტაპობრივად შეწყვეტა იდეალურად განხორციელდება, მზის ენერგოპანელების დამონტაჟება კი ახალი კომერციული შენობებისა თუ კერძო სახლების სახურავებზე სავალდებულო გახდება. გერმანიის 16 ფედერალურ მხარეს მოუწევს, თავისი ტერიტორიის 2% ქარის ელექტროენერგიისთვის უზრუნველყოს. ხოლო შიდაწვის ძრავების მანქანების ეტაპობრივად გაუქმება კვლავ ევროკავშირის მიერ დადგენილ მიზნობრივ თარიღამდე, 2035 წლამდე განხორციელდება.
BMW ევროპაში ემისიების შესამცირებლად eDrive ზონას აფართოებს
BMW Group-მა საკუთარი eDrive-ზონები დამატებით ევროპის კიდევ 20 ქალაქში, მათ შორის კოპენჰაგენში, ვერონასა და ტულუზაში დანერგა. შედეგად, eDrive-ზონების ქალაქების რაოდენობა 138-მდე გაიზარდა, მომავალ წელს ავტომწარმოებელი სერვისის გავრცელებას დამატებით 30 ქალაქში გეგმავს.
eDrive-ზონაში შესვლისას, BMW-ს დატენვადი ჰიბრიდული მოდელები სრულად გადადიან ელექტრომართვის რეჟიმზე, რაც არსებულ რაიონებში ემისიის გარეშე გადაადგილებას უზრუნველყოფს. ავტომობილი დანიშნულ ტერიტორიებს გეოფენის ტექნოლოგიისა და GPS-ის გამოყენებით აღიქვამს. ავტომატიზებული eDrive-ფუნქცია, როგორც სტანდარტი, უკვე წარმოდგენილია BMW-ს ბევრ არსებულ და ყველა მომავალ ჰიბრიდში. BMW-ს მონაცემებით, eDrive-ზონებში ყველა მგზავრობის 75%-ზე მეტი უკვე სრულდება ელექტრომართვის რეჟიმში. მათგან მძღოლების 40% დანიშნულ ადგილებში უკვე ელექტრორეჟიმის გამოყენებით შედის. 35% ელექტრომართვის რეჟიმში eZone-ფუნქციის ჩართვით გადადის.
ელექტრომობილების მძღოლები, თითოეული გავლილი ელექტროკილომეტრისთვის, ბონუს-ქულებით ჯილდოვდებიან, ქულები eDrive-ზონებში მოძრაობისას გაორმაგდება. მძღოლებს შეუძლიათ, შეაგროვონ ეს ქულები და კრედიტის დარიცხვისთვის გამოისყიდონ. დამატებით ქულებს მძღოლები მანქანების დამუხტვისასაც იღებენ. 2020 წლის ზაფხულში, პირველი eDrive-ზონის დანერგვის შემდეგ, დატენვადი ჰიბრიდული მოდელების მფლობელებმა 150 მილიონი ქულა დააგროვეს, რაც 2,9 გიგავატ/საათში დამუხტვის სიმძლავრის ეკვივალენტურია.
ოლიმპიადისთვის პარიზში ელექტრული ავიატაქსის მარშრუტები დაიგეგმება
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის, პარიზში, მგზავრების ელექტრული ავიატაქსით გადასაყვანად, ორი სპეციალური მარშრუტის შექმნა იგეგმება. ელექტრული ავიატაქსის გამოცდას საფრანგეთი უახლოეს თვეებში დაიწყებს.
Aeroports de Paris-ის განცხადებით, ელექტრული ავიატაქსის პირველი მარშრუტი Paris-Charles de Gaulle-ისა და Le Bourget-ს აეროპორტებს დააკავშირებს, მეორე კი საფრანგეთის დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთით ორ გარეუბანს შორის განთავსდება. საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის ორგანოსთან ერთად, პროექტში მონაწილე თვითმფრინავის დეველოპერებს შორის არიან: Volocopter GmbH-ი, Airbus SE, Vertical Aerospace Group-ი, Lilium NV და Joby Aviation-ი. აღსანიშნავია, რომ Pontoise-Cormeilles-en-Vexin-ის ჰაბზე როგორც ასაფრენი, ასევე დასაშვები ზონები, ელექტრული ავიატაქსის ტესტირებისთვის, წლის დასაწყისში უკვე ადაპტირებული იყო.
ელექტრული ვერტიკალური ასაფრენი და სადესანტო თვითმფრინავი, ან eVTOLs-ი, სწრაფად მზარდი ახალი სატრანსპორტო ბაზარია, სადაც დეველოპერები, თავიანთი პროექტებისთვის, ასობით მილიონ დოლარს აბანდებენ. საფრანგეთის ელექტრული ავიატაქსის კონკურენტებს შორის ევროპული კომპანიები, მათ შორის ბრიტანული Vertical Aerospace-ი და გერმანული Volocopter-ი არიან. ჩამონათვალშია Urban-Air Port-ისა და სამხრეთკორეული ავტომწარმოებლის, Hyundai Motor-ის პროექტიც, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში, ინგლისში, პირველი მოედნის გახსნას გეგმავს. ელექტრული ავიატაქსის ფრანგული პროექტი მსოფლიოში არსებული ბაზების მზარდ სიას შეემატება.
დატოვე კომენტარი