Forbes-ი 2022 წლის Global 2000-ის სიას აქვეყნებს. Global 2000 არის ტოპ-2000 საერთაშორისო კომპანიის რეიტინგი, რომელიც 2003 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. კომპანიების შესაფასებლად Forbes-ი ოთხ ძირითად კრიტერიუმს იყენებს: შემოსავალი, მოგება, აქტივების მოცულობა და საბაზრო ღირებულება.
რეიტინგის სათავეში, ისტორიაში პირველად, ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი Berkshire Hathaway აღმოჩნდა, რომელსაც 91 წლის ლეგენდარული ინვესტორი, უორენ ბაფეტი ხელმძღვანელობს. Berkshire-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 741 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მისი აქტივების მოცულობა $960 მილიარდს აღწევს. ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ 276 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, აქედან თითქმის $90 მილიარდი კი მოგება იყო.
მეორე ადგილზე გადაინაცვლა 2021 წლის რეიტინგის ლიდერმა, ჩინურმა ICBC-მა (Industrial and Commercial Bank of China), რომლის აქტივების საერთო მოცულობა 5.5 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, საბაზრო კაპიტალიზაცია კი – $215 მილიარდს. ჩინეთის უმსხვილესმა ბანკმა 208 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგება კი $54 მილიარდს შეადგენდა.
Global 2000-ის რეიტინგის მესამე ადგილს ენერგოგიგანტი Saudi Aramco იკავებს, რომელიც ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 2.3 ტრილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, აქტივების საერთო მოცულობა კი – $576 მილიარდს.
Forbes-ის რეიტინგში წარმოდგენილი კომპანიების საერთო საბაზრო ღირებულება 76 ტრილიონ აშშ დოლარს აღემატება – ისინი თითქმის $233 ტრილიონის აქტივებს ფლობენ, ყოველწლიურად კი დაახლოებით $47 ტრილიონის შემოსავლის მიღებას ახერხებენ, საიდანაც დაახლოებით 5 ტრილიონი აშშ დოლარი მოგებაა.
Global 2000-ის სიაში 58 ქვეყანაა წარმოდგენილი. რეიტინგიდან ყველაზე მეტი კომპანია აშშ-შია დაფუძნებული (590), მეორე ადგილზე 351 კომპანიით ჩინეთია, ხოლო მესამე ადგილს იაპონია იკავებს. იქ რეიტინგში წარმოდგენილი 196 კომპანიაა დაფუძნებული.
დატოვე კომენტარი