პანდემიის შემდგომ ინდოეთმა გარკვეული პერიოდით გადაუსწრო გაერთიანებულ სამეფოს და მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ეკონომიკაც გახდა. თუმცა საფონდო ბაზარი, ერთი წლის წინანდელთან შედარებით, უმნიშვნელოდ დაეცა, რუპია კი ამავე პერიოდში 10%-ით გაუფასურდა. მიუხედავად ამისა, ინდოეთის ასი უმდიდრესი ადამიანის ერთობლივი ქონება $25 მილიარდით გაიზარდა და, 2022 წლის მონაცემებით, $800 მილიარდს მიაღწია.
ინდოელი მილიარდერების მოგება, მიმდინარე წელს, უმეტესწილად აზიის უმდიდრესი ადამიანის, გაუტამ ადანის შემოსავლის რეკორდულმა ზრდამ განაპირობა. 2021 წელს, სიმდიდრის თითქმის გასამმაგების შემდგომ, ადანის ქონება 2022 წელს $150 მილიარდამდე გაიზარდა და მისი პატრონი, გარდა აზიაში პირველობისა, მცირე ხნით პლანეტაზე მეორე უმდიდრესი ადამიანის სტატუსსაც კი ფლობდა. მომდევნო ათწლეულში ნავთობმაგნატი გაუტამ ადანი $100-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, რომლის 70% მწვანე ენერგიას მოხმარდება.
აღსანიშნავია, რომ ადანისგან განსხვავებით, მუკეშ ამბანის ქონება, რომლის საკუთრებაშიც ნავთობის, გაზისა და ტელესაკომუნიკაციო გიგანტი Reliance Industries-ია, გასულ წელთან შედარებით 5%-ით შემცირდა. ამჟამად ამბანი, $88 მილიარდით, ინდოეთის რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანია. საერთო ჯამში, ადანისა და ამბანის ქონება ინდოეთის 100 უმდიდრესი ადამიანის კოლექტიური სიმდიდრის 30%-ს შეადგენს.
ინდოეთში საცალო ვაჭრობის ინდუსტრიის მთავარი ფიგურა, რადჰაკიშან დამანი, წმინდა ქონების 6%-იანი შემცირების მიუხედავად, ქვეყნის სამ უმდიდრეს ადამიანს შორის პირველად მოხვდა. დამანი, რომელიც Dmart-ის სუპერმარკეტების ქსელის მფლობელია, 2022 წლის მონაცემებით, $27.6 მილიარდს ფლობს. დამანს კი მეოთხე ადგილზე $21.5-მილიარდიანი ქონებით საირუს პუნავალა მოსდევს – ვაქცინის მწარმოებელ The Serum Institute of India-ის დამფუძნებელი. Forbes-ის 2022 წლის ინდოეთის ასი უმდიდრესი ადამიანის რეიტინგში ცხრა ახალწვეულიც მოხვდა, მათ შორის სამი – IPO-ს საშუალებით. ერთ-ერთი მათგანი ყოფილი ბანკირი, ფალგუნი ნაიარია, რომელიც თავის მოვლისა და მოდის სფეროს საცალო ვაჭრობის კომპანია Nykaa-ს დალისტვის შემდგომ, ინდოეთის უმდიდრესი თვითშემდგარი ქალი გახდა.
Forbes-ის 2022 წლის უმდიდრესი ინდოელების ათეული ასე გამოიყურება:
- გაუტამ ადანი & ოჯახი – $150 მილიარდი
- მუკეშ ამბანი – $88 მილიარდი
- რადჰაკიშან დამანი & ოჯახი – $27.6 მილიარდი
- საირუს პუნავალა – $21.5 მილიარდი
- შივ ნადარი – $21.4 მილიარდი
- სავითრი ჯინდალი & ოჯახი – $16.4 მილიარდი
- დილიპ შანგვი $ ოჯახი – $15.5 მილიარდი
- ძმები ჰინდუჯები – $15.2 მილიარდი
- კუმარ ბირლა – $15 მილიარდი
- ბაჯაჯების ოჯახი – $14.6 მილიარდი