ამერიკული ბიზნესგამოცემა Forbes Global Media Holdings-ის ახალი უმსხვილესი აქციონერი შესაძლოა 28 წლის მილიარდერი, ოსტინ რასელი გახდეს. როგორც ცნობილია, შესყიდვის პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა გარიგების ბოლომდე მიყვანას გარკვეული პროცედურები და დრო დასჭირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, საავტომობილო ტექნოლოგიების მაგნატი ჟურნალის 82%-იანი წილის შეძენას გეგმავს. გარიგების ღირებულება კი $800 მილიონია. შეთანხმების საბოლოოდ მიღწევის შემდეგ, ჰონგ-კონგში დაფუძნებული საინვესტიციო ფირმა Whale Media Investments-ი ჯგუფში მხოლოდ მცირე წილს შეინარჩუნებს. რაც შეეხება ფორბსის ოჯახს, გამოცემის საქმიანობაში ჩართული მხოლოდ სტივ ფორბსი იქნება.
ბიზნესგამოცემის აქციების უმრავლესობის მფლობელი Whale Media Investments-ი წილის გაყიდვას წლების განმავლობაში ცდილობდა. Forbes-ის შესყიდვის მთავარ პრეტენდენტად ინვესტორთა კონსორციუმი განიხილებოდა, რომელსაც ინდური საინვესტიციო ფირმა Sun Group-ი ხელმძღვანელობდა. თუმცა, გავრცელებული ხმებით, გამომცემლობის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ამ გარიგებას მარეგულირებლების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვებოდა.
მიუხედავად ამისა, Axios-ის ინფორმაციით, ფირმები, რომლებიც თავდაპირველი კონსორციუმის ტენდერის ფარგლებში გამოცემის შეძენით იყვნენ დაინტერესებულნი, შეთანხმებაში ჩართულნი კვლავ იქნებიან. Sun Group-თან ერთად, Forbes-ის აქციების შესყიდვით დაინტერესებულ კომპანიებს შორის იყო სილიკონ ველის საინვესტიციო ჯგუფი GSV Ventures-ი.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი Forbes-ის ისტორიაში და მიღწევა, რომლითაც გუნდის თითოეულმა წევრმა უნდა იამაყოს. 105 წლის განმავლობაში, ინოვაცია Forbes-ის დნმ-ის ნაწილი იყო, რომელიც გამოცემას ინდუსტრიაში წამყვან ადგილს უნარჩუნებდა. ოსტინ რასელის სახით კი, Forbes-ი ნამდვილ ნოვატორსა და ვიზიონერს შეიძენს“ – განაცხადა Forbes-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ ფედერლემ.
აღსანიშნავია, რომ თავად რასელი გამოცემის ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს. უახლოეს პერიოდში ფონდი ამერიკული მედიის, ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ ახალ საბჭოს დანიშნავს. საბჭოში ერთ ადგილს Integrated Whale შეინარჩუნებს.
რაც შეეხება ოსტინ რასელს, ის 28 წლის მილიარდერი და Luminar Technologies-ის აღმასრულებელი დირექტორია. Luminar Technologies-ი საავტომობილო ინდუსტრიას ავტონომიური მართვის ტექნოლოგიით უზრუნველყოფს. Luminar-ის შექმნის იდეა რასელს 17 წლის ასაკში, სტენფორდის უნივერსიტეტში ფიზიკის სწავლისას დაებადა. მომავალმა მილიარდერმა კოლეჯი 2012 წელს მიატოვა და Thiel Fellowship-ის $100,000-იანი გრანტი მოიპოვა.
რასელის მიერ, ათწლეულზე მეტი ხნის წინ დაარსებული Luminar-ი, ახლა უკვე საავტომობილო ლიდარისა და პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგიების ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. Luminar-ის მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებითა და ავტონომიური შესაძლებლობების გაძლიერებით, მილიონობით სიცოცხლის შენარჩუნებაა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.1 მილიარდია.
Luminar-ის Nasdaq-ზე დალისტვის შემდგომ, რასელი 25 წლის ასაკში მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერი გახდა. ამჟამად, Forbes-ის მონაცემებით, რასელის ქონება $1.6 მილიარდს უტოლდება.