Forbes-მა გამოაქვეყნა მილიარდერთა განახლებული, 2014 წლის რეიტინგი. ეს სია ყოველწლიურად იზრდება და წელს უკვე 1,645 მილიარდერისგან შედგება, რომელთა ჯამური ქონება $6.4 ტრილიონს ($5.4 ტრილიონი ერთი წლის წინ) შეადგენს. სიაში, შარშანდელთან შედარებით, 268 ახალი ფიგურაა, რომელთაგანაც 42 ქალია. სულ რეიტინგში 172 ქალი მოხვდა, რაც ასევე ახალი რეკორდია.
ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ბილ გეითსმა კვლავ პირველ ადგილზე გადაინაცვლა. გეითსის ქონება გასულ წელს $9 მილიარდით გაიზარდა და ამჟამად $76 მილიარდს შეადგენს. 4-წლიანი ლიდერობის შემდეგ, მექსიკელმა მაგნატმა კარლოს სლიმ ჰელუმ მეორე ადგილზე გადაინაცვლა $76 მილიარდით. მესამეზე კვლავ Zara-ს მფლობელი, ესპანელი ამანსიო ორტეგაა ($64 მილიარდი), ხოლო მეოთხე ადგილს ისევ უორენ ბაფეტი ინარჩუნებს ($58.2 მილიარდი). Oracle-ის დამფუძნებელი და CEO ლარი ელისონი მეხუთეა ($48 მილიარდი).
გასული წელი ყველაზე მოგებიანი მარკ ცუკერბერგისთვის აღმოჩნდა. მისი ქონება $15.2 მილიარდით გაიზარდა და $28.5 მილიარდი შეადგინა. Facebook-იდან წლევანდელ რეიტინგს კიდევ ორი ადამიანი შეუერთდა და მილიარდერი გახდა – შერილ სანდბერგი, COO და ჯეფ როტშილდი, ვიცე-პრეზიდენტი. Facebook-თან გაერთიანების შემდეგ სიაში WhatsApp-ის დამფუძნებლებიც შევიდნენ – იან კოუმი და ბრაიან აქტონი.
ტექნოლოგიური ბუმი და ძლიერი საფონდო ბაზარი კვლავ განაპირობებს აშშ-ის წარმომადგენელთა ლიდერობას რეიტინგში. სულ სიაში 492 ამერიკელი მილიარდერია, მეორეზე ჩინეთია – 152 წარმომადგენელი, ხოლო მესამეზე – რუსეთი (111 მილიარდერი).
Forbes-ის მილიარდერთა 2014 წლის სრული რეიტინგი იხილეთ ბმულზე.
დატოვე კომენტარი