Forbes-ის მხრიდან მსხვილი ფინანსური ინსტიტუტებით დაინტერესება ქართველი საქმიანი საზოგადოებისთვის უცხო სულაც არ არის – ამჯერად, გთავაზობთ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს, სომხეთის ყველაზე სანდო ბანკების რეიტინგს, რომელზეც Forbes-ის რუსულმა რედაქციამ იმუშავა.
საერთო ჯამში, სომხეთში ჩვიდმეტი კომერციული ბანკია, რომელთაც ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი ფილიალი აქვთ. ამასთანავე, სომხეთში არც ერთი სახელმწიფო ბანკი არ არის. აქტივების მოცულობით, სომხეთის ყველაზე დიდი ბანკი მილიარდერ რუბენ ვარდანიანის საკუთრებაში არსებული AmeriaBank-ია.
საინტერესოა, რომ აქტივების კუთხით, სომხეთის საბანკო სისტემა წამყვანი სამი ბანკის, მათ შორის AmeriaBank-ის, ArmBusinessBank-ისა და ArdshinBank-ის გარშემო არის კონსოლიდირებული – ამ სამ ბანკზე სექტორში არსებული აქტივების მთლიანი მოცულობის მესამედი მოდის. თუმცა, მიუხედავად ამისა, არც ერთი ბანკი არ იკავებს ბაზრის წილის 25%-ზე მეტს, არც ერთ სეგმენტში.
აღსანიშნავია, რომ საბანკო სფერო სომხეთში არც თუ ისე მომგებიანია – სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მონაცემებით, 2021 წელს, წმინდა მოგების საშუალო მარჟამ 4% შეადგინა. თუმცა, ამასთანავე, სომხური საბანკო სისტემა დიდი მოცულობის საბანკო აქტივებითა და ნორმატიული კაპიტალით და ლიკვიდურობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, სომხეთის საბანკო სისტემას პრობლემური მხარეებიც აქვს, მათ შორის ბანკების საკრედიტო რისკების კუთხით, რომელიც, უმეტესწილად, უცხოურ ვალუტაში 45%-იანი დაკრედიტებითაა გამოწვეული. საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის შეფასებით ამ ფაქტს რუსეთ-უკრაინის ომიც ამძაფრებს, რადგან უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების დიდი წილი რუსეთთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ იურიდიულ პირებზე მოდის.
Forbes-ის მიერ შედგენილი რეიტინგი შემდეგ მეთოდოლოგიას ეფუძნება: ბანკების სანდოობის გამოსავლენად, გამოცემა, პირველ რიგში, საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტოების მიერ მინიჭებულ რეიტინგების რაოდენობას და ხარისხს აკვირდება, ხოლო თანაბარი მაჩვენებლის შემთხვევაში – ბანკებს მათი აქტივების მოცულობის მიხედვით ალაგებს.
სომხეთის ყველაზე სანდო ბანკების ათეული ასე გამოიყურება:
#1 – AmeriaBank
აქტივების მოცულობა: 1.096 ტრილიონი სომხური დრამი ($2.679 მილიარდი)
რეიტინგები: Moody’s – Ba3; S&P – B+
დაარსების თარიღი: 1910 წელი
#2 – ArdshinBank
აქტივების მოცულობა: 1.010 ტრილიონი სომხური დრამი ($2.468 მილიარდი)
რეიტინგები: Moody’s – Ba3; Fitch – B+
დაარსების თარიღი: 2003 წელი
#3 – ACBA Bank
აქტივების მოცულობა: 547 მილიარდი სომხური დრამი ($1.337 მილიარდი)
რეიტინგები: Fitch – B+
დაარსების თარიღი: 1995 წელი
#4 – Inecobank
აქტივების მოცულობა: 427 მილიარდი სომხური დრამი ($1.044 მილიარდი)
რეიტინგები: Moody’s – B1
დაარსების თარიღი: 1996 წელი
#5 – ConverseBank
აქტივების მოცულობა: 378 მილიარდი სომხური დრამი ($923.8 მილიონი)
რეიტინგები: Moody’s – B1
დაარსების თარიღი: 1993 წელი
#6 – ArmEconomBank
აქტივების მოცულობა: 360 მილიარდი სომხური დრამი ($879.8 მილიონი)
რეიტინგები: Moody’s – B1
დაარსების თარიღი: 1991 წელი
#7 – ArmBusinessBank
აქტივების მოცულობა: 823 მილიარდი სომხური დრამი ($2.011.4 მილიარდი)
რეიტინგები: –
დაარსების თარიღი: 1991 წელი
#8 – ArmSwissBank
აქტივების მოცულობა: 398 მილიარდი სომხური დრამი ($972.7 მილიონი)
რეიტინგები: –
დაარსების თარიღი: 2004 წელი
#9 – VTB (Armenia)
აქტივების მოცულობა: 362 მილიარდი სომხური დრამი ($884.7 მილიონი)
რეიტინგები: –
დაარსების თარიღი: 2004 წელი
#10 – AraratBank
აქტივების მოცულობა: 268 მილიარდი სომხური დრამი ($654.9 მილიონი)
რეიტინგები: –
დაარსების თარიღი: 1991 წელი