14 ივნისს, Oracle-ის თანადამფუძნებელმა, ლარი ელისონმა, Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ელისონის ქონება მისი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის აქციების ფასის ყველა დროის მაქსიმუმამდე ზრდამ განაპირობა.
Oracle-ის აქციების ფასი თითქმის 5%-იანი ზრდის წყალობით, ელისონის წმინდა ქონება ოთხშაბათს 4%-ით გაიზარდა და მოცემული დროისთვის 152.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ბეზოსს, მისი ქონება ამჟამად 149.1 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ლარი ელისონი პლანეტის მესამე ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსს დაეუფლა.
ელისონი დაახლოებით 45 მილიარდი აშშ დოლარით უფრო მდიდარია, ვიდრე სულ რაღაც ორი თვის წინ იყო. ამის მიზეზი კი, აღნიშნულ პერიოდში, Oracle-ის აქციების ფასის 45%-იანი ზრდაა, რაც თავის მხრივ, ხელოვნური ინტელექტის ბუმს უკავშირდება. მილიარდერმა ორშაბათს Oracle-ი გენერაციული AI-ის პროგრამული უზრუნველყოფის „ნომერ პირველ“ პროვაიდერად გამოაცხადა.
ცნობისთვის, მოცემული დროისთვის Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგს $234.4 მილიარდით Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი ლიდერობს, რომელმაც სიაში პირველობა ახლახან დაიბრუნა. ჩამონათვალში მეორე ადგილზე $225.1 მილიარდით ფრანგი ბერნარ არნოა, LVMH-ის ხელმძღვანელი.