გასულ კვირას თაღლითობისა და შეთქმულების შვიდი ბრალდებით კრიპტომილიარდერი სემ ბენკმენ-ფრიდი გაასამართლეს, რომელიც ერთ დროს, $24 მილიარდის ქონებით, ამერიკის რიგით 41-ე უმდიდრესი ადამიანი იყო. 31 წლის ბენკმენ-ფრიდს 110 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, სასჯელს კი სავარაუდოდ 28 მარტს გამოუტანენ. ყოფილი მილიარდერის ქონება, მისი სავალუტო ბირჟა FTX-ის გაკოტრების შემდეგ, Forbes-მა ნულამდე დაიყვანა.
ბენკმენ-ფრიდს, მისი ასაკისა და სასჯელის ზომის გათვალისწინებით, შესაძლოა იმაზე დიდი დროის გატარება მოუწიოს ციხეში, ვიდრე აქამდე ნებისმიერ სხვა მილიარდერს. თუმცა, რა თქმა უნდა, ის პირველი არ არის უმდიდრეს ადამიანთა რიგებიდან, რომელთაც სასჯელის მოხდა მოუწია. ყოფილ მილიარდერთა შორის არის ისეთიც, რომელსაც ჩადენილი დანაშაულის გამო სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. მექსიკელი ელ ჩაპო, რომელიც 2009-2012 წლებში Forbes-ის მილიარდერთა რიგებში ირიცხებოდა, ახლა სასჯელს ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფულის გათეთრებისთვის იხდის.
საერთო ჯამში გისოსებს მიღმა დრო სულ მცირე თერთმეტ მილიარდერს თუ ყოფილ მილიარდერს აქვს გატარებული. მსოფლიოს უმდიდრეს პირებთან დაკავშირებული ბრალდებები კი მოიცავს დანაშაულებათა ფართო სპექტრს – თაღლითობით დაწყებული, მექრთამეობით დასრულებული. Forbes-ის მიერ შედგენილ სიაში მყოფი თერთმეტი პირიდან შვიდი მილიარდერთა რიგებში აღარ ირიცხება, რაც უმეტესწილად სწორედ მათ მიერ ჩადებული დანაშაულის პირდაპირი შედეგია.
ალან სტენფორდი
პატიმრობაში გატარებული პერიოდი: 13 წელი მისჯილი 110 წლიდან
ქონება: მილიარდერის სტატუსი დაკარგა 2009 წელს
74 წლის სტენფორდი ერთ-ერთია იმ სამი ყოფილი მილიარდერიდან, რომლებიც სასჯელს დღემდე იხდიან. ერთ-ერთი უდიდესი თაღლითური სქემის ორგანიზებისთვის მას 2012 წელს 110-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ფინანსისტმა სტენფორდის საერთაშორისო ბანკის მეშვეობით $7 მილიარდის ღირებულების დეპოზიტები თაღლითურად გაყიდა და ათობით ათასი ადამიანი დააზარალა. სტენფორდს $6 მილიარდის გადახდა დაეკისრა, მათ შორის ნაწილის – დაზარალებულთა კომპენსაციისთვის, თუმცა კლიენტთა დიდ რაოდენობას თანხა დღემდე არ მიუღია.
მიხაილ ხადარკოვსკი და პლატონ ლებედევი
პატიმრობაში გატარებული პერიოდი: 10 წელი
ქონება: ხადარკოვსკიმ მილიარდერის სტატუსი დაკარგა 2006 წელს, ლებედევმა – 2005 წელს
ნავთობისა და გაზის რუსული კომპანია Yukos-ის ბიზნესპარტნიორები გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით 2003 წელს დააკავეს და 13 წელი მიუსაჯეს. ხადარკოვსკის მტკიცებით, სასამართლო პროცესი პრეზიდენტ პუტინის მიერ იმართებოდა. 2010 წელს, ნავთობის მაგნატები ახლა უკვე გაფლანგვისა და ფულის გათეთრების ბრალდებით გაასამართლეს და პატიმრობის ვადა 2016 წლამდე გაუგრძელეს. პუტინის მიერ შეწყალებული ხადარკოვსკი 2013 წელს, ხოლო მისი პარტნიორი მომდევნო წელს გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგაც, ხადარკოვსკი „რუსული ოპოზიციის“ ერთგულ ლიდერად რჩება და სოციალურ მედიაში აქტიურობით გამოირჩევა.
რაჯ რაჯარატნამი
პატიმრობაში გატარებული პერიოდი: 8 წელი
ქონება: მილიარდერის სტატუსი დაკარგა 2010 წელს
შრი-ლანკაში დაბადებულმა რაჯარატნამმა ქონება ნიუ-იოკრში, ჰეჯ-ფონდ Galleon Group-ის დაარსებით დააგროვა. 2009 წლის კოლაფსამდე, ფონდმა $7 მილიარდის აქტივები მოიზიდა. რაჯარატნამი 2011 წელს, თაღლითობისა და შეთქმულების 14 მუხლით გაასამართლეს და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2019 წელს, ტრამპის First Step Act-ის ფარგლებში, რომელიც 60 წელზე მეტი ასაკის არამოძალადე პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლებას გულისხმობდა, რაჯარატნამს სასჯელი შინა პატიმრობით შეუნაცვლეს. საბოლოოდ, ყოფილი მილიარდერი 2021 წლის აპრილში გათავისუფლდა.
ხოაკინ გუზმან ლოერა (ელ ჩაპო)
პატიმრობაში გატარებული პერიოდი: 5 წელი მისჯილი სამუდამო პატიმრობიდან
ქონება: მილიარდერის სტატუსი დაკარგა 2013 წელს
ელ ჩაპო, 1980-იანი წლებიდან 2017 წლამდე (მისი დაკავებისა და აშშ-ში ექსტრადიციის პერიოდამდე) მექსიკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ასობით ტონა კოკაინის უკანონო იმპორტშია ბრალდებული. 2019 წელს, ელ ჩაპო აშშ-ში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობისა და ფულის გათეთრების 10 მუხლით გაასამართლეს და ახლა სამუდამო პატიმრობას იხდის. ელ ჩაპოს $12.6 მილიარდის კონფისკაციაც დაეკისრა.
ჯონ კაპური
პატიმრობაში გატარებული პერიოდი: 3.5 წელი
ქონება: მილიარდერის სტატუსი დაკარგა 2019 წელს
ცოტა ხნის წინ გაკოტრებული ფარმაცევტული კომპანიის დამფუძნებელსა და ყოფილ CEO-ს 2020 წლის იანვარში ხუთ-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბრალდების თანახმად, კაპურმა მისი კომპანიის ფენტანილის სპრეის, Subsys-ის არასაჭირო რაოდენობით გამოსაწერად, ექიმები მოისყიდა. მიმდინარე წლის ივნისში კაპურს სასჯელი შინაპატიმრობით შეუცვალეს, საბოლოოდ კი დეკემბერში გაათავისუფლებენ.
ტომას კვოკი
პატიმრობაში გატარებული პერიოდი: 3 წელი
ქონება: $1.9 მილიარდი
კვოკმა და მისმა ორმა ძმამ, ჰონგ-კონგის უძრავი ქონების საინვესტიციო ფირმა Sun Hung Kai Properties-ი მამისგან მემკვიდრეობით, 1990-იან წლებში მიიღეს. კვოკს, რომელიც 2011-2014 წლებში კომპანიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, მთავრობის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ქრთამის მიცემისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მილიარდერი 2019 წელს გაათავისუფლეს.
მაიკლ მილკენი
პატიმრობაში გატარებული პერიოდი: 2 წელი
ქონება: $6.5 მილიარდი
მილკენმა ფინანსურ სამყაროში სახელი საინვესტიციო ბანკ Drexel Burnham Lambert-ში მუშაობისას, კორპორაციული შერწყმისა და შესყიდვებისთვის, მისი მაღალი სარგებლის ობლიგაციების სტრატეგიის პიონერული მიდგომით გაითქვა. 1980-იან წლებში მილკენმა ფასიანი ქაღალდებისა და საგადასახადო დარღვევების ექვს ბრალდებაში დანაშაული აღიარა. მილკენმა $600 მილიონის ჯარიმა გადაიხადა, ციხეში 2 წელი გაატარა და სამუდამოდ აეკრძალა ფასიანი ქაღალდების ინდუსტრიაში ბიზნესის გაგრძელება. 1993 წელს გათავისუფლების შემდეგ, მის სახელს საქველმოქმედო საქმიანობა უკავშირდება. მილიარდერი აფინანსებს კვლევებს პროსტატის კიბოს წინააღმდეგ, რომელსაც თავადაც ებრძოდა, ასევე დააარსა და ხელმძღვანელობს ეკონომიკურ კვლევით ცენტრ Milken Institute-ს კალიფორნიაში.
ჯეი ლი
პატიმრობაში გატარებული პერიოდი: 18 თვე
ქონება: $8.6 მილიარდი
Samsung Electronics-ის ამჟამინდელმა აღმასრულებელმა თავმჯდომარემ 2017 წელს ციხეში 18 თვე გაატარა – Samsung C&T-ისა და Cheil Industries-ის გაერთიანების მხარდასაჭერად ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის, პაკ კინ ჰესის მოსყიდვის ბრალდებით. ლის ხუთი წელი მიესაჯა, თუმცა საერთო ჯამში მან ციხეში 18 თვე გაატარა.
ელიზაბეტ ჰოლმსი
პატიმრობაში გატარებული პერიოდი: 5 თვე მისჯილი 11 წლიდან
ქონება: მილიარდერის სტატუსი დაკარგა 2017 წელს
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერი ქალის ქონება, 2014 წელს, 30 წლის ასაკში $4.5 მილიარდად იყო შეფასებული. სამედიცინო მოწყობილობების კომპანია Theranos-ის დამფუძნებელი 2022 წელს თაღლითობისა და შეთქმულების ბრალდებით გაასამართლეს. ჰოლმსა, მისი კომპანიის მოწყობილობების შესაძლებლობების შესახებ ინვესტორები შეცდომაში შეიყვანა. ჰოლმსს კომპენსაციის სახით $452 მილიონის გადახდა დაეკისრა.
კერტის ჯონსონი
პატიმრობაში გატარებული პერიოდი: 3 თვე
ქონება: $4.5 მილიარდი
ჯონსონს, 2011 წელს, არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდება წარუდგინეს. თავდაპირველი სასჯელით, მას 40 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, თუმცა სამწლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, რასაც დაზარალებულის მხრიდან სამედიცინო ჩანაწერების გასაჯაროებაზე უარის თქმა მოჰყვა, ჯონსონმა საპროცესო შეთანხმება დადო. საბოლოოდ მას მეოთხე ხარისხის სექსუალური ძალადობის ბრალდებით ოთხი თვით პატიმრობა და $6,000-ის ჯარიმა დაეკისრა. მილიარდერი ოჯახის კომპანიაში წილს ფლობს, თუმცა ბიზნესის მართვაში მონაწილეობას არ იღებს.