Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ ბეზოსმა ამ ზაფხულს თავისი მეცხრე სახლი შეიძინა ინდიან-კრიკზე, მდიდრულ კუნძულზე, რომელსაც ხშირად მაიამის „მილიარდერთა ბუნკერადაც“ მოიხსენიებენ. ბეზოსის 855 კვადრატული მეტრის სასახლე, როგორც ცნობილია, $68 მილიონი დაჯდა. შედეგად, ბეზოსის სახლების პორტფელი მოიცავს უძრავ ქონებას ვაშინგტონიდან ხანძრისგან განადგურებულ ჰავაის კუნძულ მაუიმდე, რომლის გადასარჩენადაც მილიარდერმა $100 მილიონი გაიღო.
„მილიარდერთა ბუნკერში“ ყველაზე ძვირად ღირებული, 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთისთვის გადახდილი $107 მილიონით, ჰეჯ-ფონდის მენეჯერი, კენ გრიფინი გამოირჩევა. ბეზოსი და გრიფინი ულტრამდიდარი ამერიკელების ელიტურ ჯგუფში შედიან, რომლებიც ყიდულობენ უძრავ ქონებას მთელ მსოფლიოში და ფლობენ დიდ კოლექციებს, რომელთა რაოდენობაც ორნიშნა რიცხვს აღწევს. თუმცა ყველაზე მეტი სახლის მფლობელი მილიარდერის ტიტული არა მათ, არამედ Oracle-ის დამფუძნებელს, ლარი ელისონს ეკუთვნის.
საერთო ჯამში, Forbes-ის მონაცემებით, ათ ან მეტ სახლს სულ მცირე ხუთი მილიარდერი ფლობს. მალიბუს ბროკერი შენ შულცი ამ მილიარდერებს „მტაცებელ მყიდველებს“ უწოდებს – შესაძლებლობით, იყიდონ ის, რაც სურთ, შეზღუდვების გარეშე. განსხვავებაა პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ შესყიდვის ტიპებში: მაგალითად, ახლა, მილიარდერები უპირატესობას მდინარეებს, მთებს, ტყეებსა და პლაჟებს ანიჭებენ და სახლებსაც რეკორდულ ფასებში ისეთ ადგილებზე ყიდულობენ, როგორიცაა მალიბუ, ჰავაი, სანტა-ბარბარა და ა.შ.
- ლარი ელისონი: სახლების რაოდენობა – 24; ქონება – $159.3 მილიარდი
Oracle-ის თანადამფუძნებელი ფლორიდაში ყველაზე ძვირად, $173 მილიონად გაყიდულ სასახლეს, საერთო ჯამში კი ორ ათეულზე მეტ სახლს ფლობს, რომელთა საერთო ღირებულება $1 მილიარდს აღემატება. მათ შორისაა ექვსი საკუთრება კარბონის პლაჟზე, მალიბუში, რომელიც „მილიარდერთა სანაპიროს“ სახელითაცაა ცნობილი.
- კენ გრიფინი: სახლების რაოდენობა – 13; ქონება – $35.4 მილიარდი
ჰეჯ-ფონდის მილიარდერი კენ გრიფინი მხოლოდ ჩიკაგოში ორ, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი ათამდე სახლს ფლობს. ფლორიდის შტატში, სადაც ახლა დროის უმეტეს ნაწილს ატარებს, გრიფინს შვიდი სახლი ეკუთვნის. გრიფინმა შეიძინა 2019 წელს აშშ-ში ყველაზე ძვირად, $238 მილიონად გაყიდული პენტჰაუსიც, ნიუ-იორკში.
- ერიკ შმიდტი: სახლების რაოდენობა – 13; ქონება – $20.1 მილიარდი
Google-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა 2021 წლის დეკემბერში, ბევერლი-ჰილზის Enchanted Hill-ში $65 მილიონი გადაიხადა. გარდა ამისა, მილიარდერი ლოს-ანჯელესში ოთხ სასახლეს ფლობს და, როგორც ცნობილია, მის საკუთრებაშია ნიუ-იორკში მდებარე რამდენიმე პენტჰაუსიც.
- რონ ბერკლი: სახლების რაოდენობა – 11; ქონება – $3 მილიარდი
ბერკლის არსებული და ძველი სახლების დიდი ნაწილი ისტორიულად ჰოლივუდს უკავშირდება. მათ შორისაა 1993 წელს შეძენილი Harold Lloyd Estate-ი, ბობ ჰოუპის საგაზაფხულო სახლი და 2020 წელს შესყიდული რანჩო Neverland-ი, რომელიც მანამდე მაიკლ ჯექსონს ეკუთვნოდა.
- ოპრა უინფრი: სახლების რაოდენობა – სულ მცირე 10; ქონება – $2.8 მილიარდი
უინფრიმ, თავისი მამულ Promised Land-ისთვის მიწის შესყიდვა ჯერ კიდევ 2001 წელს დაიწყო. 40 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი მთავარ სახლს, სტუმრების სახლს, ჩოგბურთის კორტსა და აუზს მოიცავს. გარდა ამისა, უინფრიმ ჰავაიზე დაახლოებით 2,000 ჰექტარი მიწა, მათ შორის 900 ჰექტარი მაუიზე შეიძინა.
- მაიკლ ბლუმბერგი: სახლების რაოდენობა – 10; ქონება – $96.3 მილიარდი
მხოლოდ ნიუ-იორკის შტატში ბლუმბერგი ხუთ სახლს ფლობს, მათ შორის ისტორიულ Ballyshear-ის მამულს საუზჰემპტონში, რომელიც 2011 წელს $20 მილიონად შეიძინა. 2015 წელს, $20 მილიონად ერთ დროს პოეტ ჯორჯ ელიოტის საკუთრებაში არსებული სახლი შეიძინა ლონდონში, $45 მილიონზე მეტი კი ჰენრი კრავისის რანჩოსთვის გადაიხადა.
- ჯეფ ბეზოსი: სახლების რაოდენობა – 9; ქონება $165.8 მილიარდი
2020 წელს, ბეზოსმა იმ დროისთვის კალიფორნიაში ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი გააკეთა და დევიდ გეფენისგან, $165 მილიონად, ბევერლი-ჰილზის მამული შეიძინა. 2021 წლის შემოდგომას, ბეზოსმა კუნძულ მაუიზეც შეიძინა ქონება. ბეზოსი ასევე ფლობს ყოფილ ტექსტილის მუზეუმს ვაშინგტონში და $50 მილიონის ღირებულების სახლს, Amazon-ის შტაბ-ბინის მახლობლად.
- სტენ კროენკე და ენ უოლტონ კროენკე: სახლების რაოდენობა – 9; ქონება – $9.2 მილიარდი
Walmart-ის თანადამფუძნებლის, ბად უოლტონის უფროსი ქალიშვილი, დედმამიშვილებთან შედარებით ყველაზე მეტ სახლს ფლობს. ის და მისი მეუღლე, NFL-ის Los Angeles Rams-ის მილიარდერი მფლობელი სტენ კროენკე ცხრა სახლს ფლობენ, მათ შორის ოთხს კოლორადოში, სამს კალიფორნიაში და ორს მისურიში.
- რაენს ვეინერი: სახლების რაოდენობა – 8; ქონება – $4.6 მილიარდი
ენერგეტიკული სასმლის, Rockstar-ის დამფუძნებელი მუდმივად ყიდვა-გაყიდვის პროცესშია. ვეინერი ორ სასახლეს ფლობს ლოს-ანჯელესში, ასევე $28 მილიონად შეფასებულ ქონებას იუტაში, ხოლო მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი ასპენში, 2020 წელს, $22 მილიონად იყო შეფასებული.
- დაგმარ დოლბი: სახლების რაოდენობა – 8; ქონება – $5.2 მილიარდი
2013 წელს მეუღლის, Dolby Laboratories-ის დამფუძნებლის რეი დოლბის გარდაცვალების შემდეგ, წარმოშობით გერმანელმა დაგნარ დოლბიმ უძრავი ქონების $90-მილიონიანი პორტფელი დააგროვა.
- რობერტ კრაფტი: სახლების რაოდენობა – 7; ქონება – $10.6 მილიარდი
- ჯეფ გრინი: სახლების რაოდენობა – 7; ქონება – $7.5 მილიარდი
- ჯერალდ ფორდი: სახლების რაოდენობა – 7; ქონება – $2.4 მილიარდი
- ჯოშ ჰარისი: სახლების რაოდენობა – 6; ქონება – $6.7 მილიარდი
- პიტერ ტილი: სახლების რაოდენობა – 6; ქონება – $4.8 მილიარდი
- ნენსი უოლტონ ლორი: სახლების რაოდენობა – 6; ქონება – $8.9 მილიარდი
- ჩარლზ ზეგარი: სახლების რაოდენობა – 6; ქონება – $3.5 მილიარდი