აქციებზე ფასების კლების, მაღალი ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის შენელების შედეგად, გასულ წელს მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა კოლექტიურად, $1.9 ტრილიონის ქონება დაკარგეს. თუმცა, ამის ფონზე, ხუთი მილიარდერისგან შემდგარმა ჯგუფმა ტენდენციის წინააღმდეგ წასვლა შეძლო. აღსანიშნავია, რომ ხუთივე მათგანი აზიიდანაა.
მათი ქონება 2022 წლის დასაწყისთან შედარებით, კოლექტიურად $93 მილიარდით გაიზარდა და $200 მილიარდი შეადგინა. ყველაზე დიდი მოგება Adani Group-ის დამფუძნებელმა, ინდოელმა მილიარდერმა გაუტამ ადანიმ მიიღო. 2022 წლის თებერვალში, ადანი $90.1 მილიარდით აზიის უმდიდრესი, ხოლო მსოფლიოს მეათე ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა, დეკემბერში კი გლობალურ რეიტინგში მესამე ადგილიც მოიპოვა.
ხუთკაციან ჯგუფში შემავალი მილიარდერებიდან, რომლებმაც 2022 წელს ყველაზე დიდი მოგება ნახეს, დარჩენილი ოთხი ნაკლებად ცნობილი პიროვნებაა – ისინი ისეთ სფეროებში მოღვაწეობენ, როგორიცაა საკვების დისტრიბუცია და ქვანახშირი. ჯგუფში ორი ადამიანი ინდოეთიდან, ორიც ჩინეთიდან, ერთი კი ინდონეზიიდანაა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მოგების მქონე მილიარდერებში ოთხი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი იყო, უმეტესად ტექნოლოგიური ან მისი მსგავსი სფეროებიდან. წელს ხუთეულში ტექნოლოგიური სფეროს ერთადერთი მილიარდერი გვხვდება, ჩინელი ჟენგ ჰუანგი, ელექტრონული კომერციის ფირმა Pinduoduo-ს დამფუძნებელი.
მილიარდერები, რომელთა ქონებაც 2022 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა:
- გაუტამ ადანი – ინდოეთი
წმინდა ქონება: $133.9 მილიარდი; 2022 წლის მატება: $55.1 მილიარდი
Adani Group-ის უმსხვილესი წარმომადგენლის Adani Enterprises-ის აქციები გასულ წელს 57%-ით გაიზარდა და მატებას კვლავ განაგრძობს. მაისში, შვეიცარიული Holcim-ის შეძენის შემდეგ, Adani Group-ი ინდოეთში ცემენტის მეორე უმსხვილესი მწარმოებელი გახდა. ამასთან ერთად, დეკემბრის დასაწყისში, Adani Group-ი ინდოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სატელევიზიო ქსელ New Delhi Television-ის აქციონერიც გახდა და თავისი წილი ინდოეთის მედიაინდუსტრიაში უფრო გააძლიერა.
- ლოუ ტაკ ვონგი – ინდონეზია
წმინდა ქონება: $18.6 მილიარდი; 2022 წლის მატება: $16 მილიარდი
ლოუს ქვანახშირის მომპოვებელი ფირმა Bayan Resources-ის აქციები 2022 წელს სამჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ნახშირზე მოთხოვნამ მკვეთრად იმატა. ლოუ, რომელიც Bayan Resources-ის უდიდეს ნაწილს ფლობს, ინდონეზიის მეორე უმდიდრესი ადამიანია, მაშინ როდესაც, 2021 წელს მხოლოდ მე-18 ადგილზე იყო წარმოდგენილი.
- კოლინ ჭენგ ჰუანგი – ჩინეთი
წმინდა ქონება: $31.6 მილიარდი; 2022 წლის მატება: $11.1 მილიარდი
ჩინეთში, ეკონომიკასა და პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, 2022 წელს ჰუანგის ელექტრონული კომერციის ფირმა Pinduoduo-მ დიდი წარმატება მოიპოვა. კომპანიის შემოსავალი, მომხმარებლებისთვის შეთავაზებული დაბალი ფასების შედეგად, 2022 წლის მეორე კვარტალში 65%-ით გაიზარდა, აქციების ფასმა კი მიმდინარე წელს 35%-ით იმატა. ცნობისთვის, ჰუანგის ელექტრონული კომერციის კომპანია Nasdaq-ზეა დალისტული.
- ვუ ილინგი – ჩინეთი
წმინდა ქონება: $6.8 მილიარდი; 2022 წლის მატება: $4.1 მილიარდი
ვუს ქონების ზრდა Covid-19-ის მცენარეულ მედიკამენტს Lianhua Qingwen-ს უკავშირდება. მედიკამენტი Shijiazhuang Yiling Pharmaceutical-სთან თანამშრომლობით შეიქმნა, რომელსაც სწორედ ვუ ხელმძღვანელობს. ვუს კომპანიის აქციები 61%-ით გაიზარდა, ხოლო მედიკამენტმა კომპანიის გაყიდვების 46% შეადგინა.
- რავი ჯაიპურია – ინდოეთი
წმინდა ქონება: $9.3 მილიარდი; 2022 წლის მატება: $3.9 მილიარდი
ჯაიპურია RJ Corp-ის თავმჯდომარეა, კონგლომერატის, რომელიც აერთიანებს სასმელების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებს. კონგლომერატის უმსხვილესი წარმომადგენლის Varun Beverages-ის (PepsiCo-ს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ჩამომსხმელი) აქციები, გაყიდვებისა და მოგების მარჟის ფონზე მიმდინარე წელს გაორმაგდა. ჯაიპურიას კიდევ ერთი საწარმოს, Devyani International Limited-ის აქციები კი 2022 წელს 12%-ით გაიზარდა. Devyani სწრაფი კვების ისეთ ობიექტებს მართავს, როგორიცაა KFC-ი, Pizza Hut-ი და Costa Coffee.
დატოვე კომენტარი