უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში პირველად, Forbes-ის 30 წლამდე ასაკის უმდიდრეს ადამიანთა შორის, არცერთი თვითშემდგარი მილიარდერი არ გვხვდება. 2024 წლის სიაში მილიარდერთა საშუალო ასაკი 66 წელია. თუმცა მათ შორის მაინც არიან ისეთები, რომელთაც სიმდიდრის დაგროვება ახალგაზრდობაში მოახერხეს.
Forbes-ის 2024 წლის რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები – ჯამში 25 პირი – 33 წლის ასაკს ქვემოთ არიან. მათი კოლექტიური ქონება $110 მილიარდს უტოლდება. სიის 30 წლამდე ასაკის ყველა წევრს ქონება მემკვიდრეობით აქვს მიღებული, მხოლოდ სამი მათგანია თვითშემდგარი მილიარდერი და სამივეს ასაკი 30 წელს აღემატა. მათ შორის არიან: Snapchat-ის დამფუძნებელი ევან შპიგელი (33 წლის), Gymshark-ის დამფუძნებელი ბენ ფრენსისი (31) და Oculus VR-ის დამფუძნებელი პალმერ ლაკი (31).
მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი, 19 წლის ბრაზილიელი ლივია ვოიტია. ვოიტი ამჟამად კვლავ კოლეჯში სწავლობს, თუმცა WEG-ში მცირე წილის წყალობით, რომელიც გარდაცვლილი ბაბუისგან მემკვიდრეობით დარჩა, მისი ქონება უკვე $1.1 მილიარდს შეადგენს. ის და მისი უფროსი და დორა ვოიტი 25 წლამდე მილიარდერთა რეიტინგის ახალწვეულებს შორის არიან. ყველაზე მდიდარი მემკვიდრეები კი ირლანდიელი ძმები მისტრიები არიან, რომელთა ქონებაც, Tata Sons-ის კონგლომერატში მამისგან მიღებული აქციებით, $4.9 მილიარდს შეადგენს.
Forbes-ის ვარაუდით, სამომავლოდ მილიარდერთა შორის მდიდარ ახალგაზრდა მემკვიდრეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ფედერალური რეზერვის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბეიბი-ბუმერები და მათი უფროსი თაობა მთლიანი, $147.1-ტრილიონიანი საყოფაცხოვრებო სიმდიდრიდან $95.9 ტრილიონს ფლობენ. ეს ქონება კი, ძირითადად, მომავალ თაობებს გადაეცემა. მაგალითად, ჩარლზ კოხი, ფილ ნაიტი და სხვები შვილებისთვის მემკვიდრეობის დატოვებას გეგმავენ.
რეიტინგის 25 ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერიდან თითქმის ყველა შარშანდელზე მდიდარია. წლიური მატებით პირველ ადგილზე Red Bull-ის მემკვიდრე მარკ მატეშიცია, რომლის ქონება გასული წლის განმავლობაში $4.9 მილიარდით გაიზარდა. ახალგაზრდა მილიარდერთა უმეტესობა – 60% – ევროპელია. დანარჩენები არიან ბრაზილიიდან, სამხრეთ კორეიდან, იაპონიიდან და აშშ-დან. თუმცა აშშ-ის წარმომადგენლებიდან ყველა თვითშემდგარი მილიარდერია.
ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერთა ტოპ-ათეული:
- მარკ მატეშიცი – $39.6 მილიარდი | Red Bull (31 წლის)
- ჯონ კოლისონი – $7.2 მილიარდი | Stripe (33 წლის)
- ფიროზ მისტრი – $4.9 მილიარდი | სხვადასხვა (27 წლის)
- ზაჰან მისტრი – $4.9 მილიარდი | სხვადასხვა (25 წლის)
- ლუკა დელ ვეკიო – $4.7 მილიარდი | სათვალეები (22 წლის)
- ლეონარდო მარია დელ ვეკიო – $4.7 მილიარდი | სათვალეები (28 წლის)
- კლემენტე დელ ვეკიო – $4.7 მილიარდი | სათვალეები (19 წლის)
- მიხალ სტრნადი – $4.4 მილიარდი | იარაღები (31 წლის)
- გუსტავ მაგნარ ვიტცო – $4.2 მილიარდი | თევზის მეურნეობა (30 წლის)
- კევინ დევიდ ლემანი – $3.3 მილიარდი | აფთიაქები (21 წლის)