როდესაც საქმე მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თემატური პარკების ჩამონათვალის შექმნას შეეხება, უპირობო ლიდერი ყოველთვის Disney-ია, თუმცა ყველაზე მონახულებადი თემატური პარკების გასული წლის რეიტინგში საპატიო ადგილის დაკავება, როგორც ჩანს, Universal-მაც მოახერხა.
2022 წლის TEA/AECOM Theme Index-ის ანგარიშით, მსოფლიოს ყველაზე მონახულებადი ათი თემატური პარკიდან შვიდი სწორედ Disney-ის ეკუთვნის – სტატისტიკა, რომელიც გარკვეულწილად ხსნის იმ ფაქტს, რომ კომპანიის საოპერაციო მოგებამ გასულ წელს $7.9 მილიარდი შეადგინა. მათგან ვიზიტორებში ყველაზე დიდი პოპულარობით კვლავ Disney World-ის პარკი Magic Kingdom-ი სარგებლობს, რომელმაც გასულ წელს 17.1 მილიონი სტუმარი (2021 წელთან შედარებით 35%-ით მეტი) მოიზიდა.
TEA/AECOM-ის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული თემატური პარკების რეიტინგში მეორე ადგილს კალიფორნიაში მდებარე Disneyland Park-ი იკავებს, რომელსაც გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით 97%-ით მეტი, 16.9 მილიონი ვიზიტორი ჰყავდა. 2021 წლის ჩავარდნა კალიფორნიის კოვიდრეგულაციების დამსახურებაა, რის შედეგადაც პარკი რამდენიმე თვით დაიკეტა, შემდგომ კი მხოლოდ მცირე რაოდენობის სტუმრების მიღების უფლება ჰქონდა. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ 2022 წელს Disneyland-ის ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წელს დაფიქსირებული მონაცემების 90% შეადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ Disney-ის ბევრი პარკის მნახველთა რაოდენობა პანდემიამდელს მიუახლოვდა, 2019 წლის მონაცემების გაუმჯობესება მხოლოდ Universal-ის ერთ-ერთმა თემატურმა პარკმა მოახერხა. Orlando Resort-ის Islands of Adventure-ი რეიტინგში 2019 წელთან შედარებით შვიდი პოზიციით დაწინაურდა და 11 მილიონი ვიზიტორით, მეხუთე ადგილი დაიკავა. შედეგად, Islands of Adventure-ი, Disney-ის უკვე ნახსენები ორი პარკის შემდეგ, აშშ-ის მესამე ყველაზე ხშირად მონახულებადი თემატური პარკი გახდა. საერთო ჯამში, Universal-ის თემატური პარკების განყოფილებამ გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით ორჯერ მეტი, $7.5 მილიარდი გამოიმუშავა, ხოლო კორექტირებულმა შემოსავალმა $2.7 მილიარდი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ფლორიდის შემდგომ, მსოფლიოში სიდიდით მეორე გასართობი ჰაბის ტიტულს იაპონია ისაკუთრებს. ქვეყნის თემატურმა პარკებმა გასულ წელს ჯამში 38.7 მილიონი ვიზიტორი მოიზიდეს, სამი მათგანი კი (ერთი Universal-ის და ორი Disney-ის) წარმოდგენილი რეიტინგის ათეულშიც მოხვდა. მათგან ყველაზე პოპულარული Universal Studios Japan-ია, 12.4 მილიონი ვიზიტორით, შემდგომ მოდის Tokyo Disneyland (12 მილიონი ვიზიტორი) და DisneySea (10.1 მილიონი ვიზიტორი).
მსოფლიოს ყველაზე პოპულარული თემატური პარკების ათეული:
- Magic Kingdom: Walt Disney World Resort – ორლანდო, ფლორიდა: 17.1 მილიონი ვიზიტორი
- Disneyland Park: Disneyland Resort – ანაჰაიმი, კალიფორნია: 16.9 მილიონი ვიზიტორი
- Universal Studios Japan: Universal Studios Japan – ოსაკა, იაპონია: 12.4 მილიონი ვიზიტორი
- Tokyo Disney: Tokyo Disney Resort – ტოკიო, იაპონია: 12 მილიონი ვიზიტორი
- Islands of Adventure: Universal Studios Orlando – ორლანდო, ფლორიდა: 11 მილიონი ვიზიტორი
- Hollywood Studios: Walt Disney World Resort – ორლანდო, ფლორიდა: 10.9 მილიონი ვიზიტორი
- Universal Studios Florida: Universal Orlando Resort – ორლანდო, ფლორიდა: 10.8 მილიონი ვიზიტორი
- Tokyo DisneySea: Tokyo Disney Resort – ტოკიო, იაპონია: 10.1 მილიონი ვიზიტორი
- Epcot: Walt Disney World Resort – ორლანდო, ფლორიდა: 10 მილიონი ვიზიტორი
- Disneyland Park: Disneyland Paris – მარნ-ლა-ვალე, საფრანგეთი: 9.9 მილიონი ვიზიტორი